ეკონომიკა

ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზსადენების - TANAP-ის (16 მილიარდიდან 32 მილიარდამდე) და TAP-ის (10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.  „სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული რუკა ხელახლა დახატა, კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ ის მხარეა, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფანი დაიწყო. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა სამხრეთის გაზის დერეფანი მომხმარებლებს გაზს ახალი მარშრუტით, მათ შორის ახალი წყაროდან აწვდის. მანამდე ერთადერთი წყარო იყო შაჰ-დენიზის გაზის საბადო, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. მაგრამ მალე წარმოება დაიწყება აზერბაიჯანის რამდენიმე სხვა გაზის საბადოზე, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ზრდას“, - განაცხადა ალიევმა.  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.  „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.  მილსადენი საბერძნეთის კომოტინიდან, ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორამდე გაივლის. 240 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ბულგარეთს, სამხრეთ გაზის დერეფანსა და ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP) აკავშირებს. რაც უზრუნველყოფს მიწოდებას სხვადასხვა წყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში. IGB მილსადენის სიგრძე 182 კმ-ია, საიდანაც 31 კმ საბერძნეთშია. ტექნიკური სიმძლავრე - 3 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. შესაძლებელია მისი 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა საბერძნეთში საკომპრესორო სადგურის აშენებით, რაც ასევე უზრუნველყოფს ტრანზიტს.  მილსადენი ბულგარეთში 1 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს.  გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომავალ ტერმინალზე ალექსანდროპოლისში, კომოტინთან ახლოს. მანამდე ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90%-ზე მეტს, რუსული გაზის იმპორტით აკმაყოფილებდა. რუსული რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, „გაზპრომმა“ Bulgargaz-ს გაზის მიწოდება. შემდეგ ბულგარეთმა აზერბაიჯანიდან საცდელი გაზის მიღება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი რუსული გაზით წლიური მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს ფარავდა.  

თურქეთი-ირანის გაზსადენით გაზის ტრანზიტი შეჩერდა

ირანი-თურქეთის მილსადენზე გაზის მიწოდება 2-დან 9 ოქტომბრამდე გეგმიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Boru Hatları ile Petrol Taşıma AŞ (BOTAŞ) იტყობინება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს არ იმოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „გაზსადენზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთის სატრანსპორტო ქსელს გურბულაკში შესასვლელი პუნქტიდან 8 დღის განმავლობაში გაზი არ მიეწოდება“, - ნათქვამია ანგარიშში.  

ევროზონის წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში, რეკორდულ 10%-ს მიაღწია

ევროზონის 19 ქვეყანაში წლიური ინფლაცია, წინასწარი შეფასებით, სექტემბერში რეკორდულ 10%-მდე დაჩქარდა. ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9,1% იყო. ამას ევროსტატის მონაცემები ადასტურებს. ამასთან, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა. ამრიგად, პორტალ DailyFX-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინფლაცია ევროზონაში მხოლოდ 9,7%-მდე დაჩქარდებოდა. ამრიგად, მიმდინარე წელს ფასების ზრდის საშუალო ტემპმა ევროზონის ისტორიაში მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ ნაკლები იყო და დაახლოებით 3,4%-ს შეადგენდა. მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ესტონეთში ეს მაჩვენებელი იანვრიდან 24,2%-ია, ლატვიაში - 22,4%, ლიეტუვაში - 22,5%. ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა საფრანგეთში (6.2%), მალტაში (7.3%) და ფინეთში (8.4%).  

პირველი არხის შენობა 77 მილიონად „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა

პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად „ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ამის შესახებ BM.GE „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელ სოსო ფხაკაძეზე დაყრდნობით წერს.   ფხაკაძის განცხადებით, ადგილზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აშენდება. „ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით“,  - განუცხადა BM.GE-ს სოსო ფხაკაძემ. პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო.შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა. პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.  

საქსტატი: 2022 წლის აგვისტოში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. "2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პოლონეთმა სანქციების სიაში „გაზპრომ ექსპორტი“ დაამატა

ვარშავამ რუსული კომპანია „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ დასავლური მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტრომ განაცხადა, რომ  კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე პოლონეთი „გაზპრომ ექსპორტის“ ფინანსურ და ეკონომიკურ აქტივებზე წვდომაზე უარს აცხადებს.  მაისის ბოლოდან პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, ახალი გადახდის სისტემის მიღებაზე უარის გამო (რუბლებში გადახდა), რუსული გაზი აღარ მიეწოდებათ.  

აშშ რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსი „ფოლადის“ მაგნატი ოლეგ დერიპასკა და მისი თანამოაზრეები, ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომელშიც დერიპასკას და მის ორ თანამზრახველს - აშშ-ის მოქალაქე ოლგა შრიკის და რუსეთის მოქალაქე ნატალია ბარდაკოვას - ოლიგარქისა და მისი კერძო საინვესტიციო ფირმის Basic Element-ის მიმართ დაწესებული აშშ-ს სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ. ეკატერინა ვორონინას, დერიპასკას შეყვარებულს, ბრალი დასდეს აშშ-ს ხელისუფლებისთვის ცრუ ჩვენებაში, როდესაც ცდილობდა ქვეყანაში ბავშვის გაჩენას. „რუსეთის უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მე დავპირდი ამერიკელ ხალხს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი იმუშავებდა, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც არღვევს ჩვენს კანონებს და ემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ. „დღევანდელი ბრალდებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ“, -აღნიშნა პროკურორმა.  დერიპასკა, 23 სხვა რუსი ოლიგარქი და მთავრობის წარმომადგენელი 2018 წლის აპრილში, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმში შეჭრისა და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო აშშ-ში ყველაზე მკაცრი ზომების წინაშე აღმოჩდნენ.  

Forbes: ილონ მასკი, აშშ-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში პირველად დაწინაურდა

Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, $251 მილიარდის ქონებით, ჟურნალ Forbes-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში, პირველად დაწინაურდა.  ამის შესახებ Forbes წერს.  წლის განმავლობაში მასკი 32%-ით ანუ $60,5 მილიარდით გამდიდრდა. „ეს იყო შთამბეჭდავი წელი მასკისთვის, რომელიც ნოემბერში გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $300 მილიარდი შეადგინა“, - წერს გამოცემა.  რეიტინგში მასკს მოჰყვებიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი. ბეზოსის ქონება ახლა $151 მილიარდია, რაც $50 მილიარდით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. ბეზოსის ქონება მეოთხედით შემცირდა Amazon-ის აქციების ფასის 20%-ზე მეტი დაცემის გამო. რეიტინგში მესამე ადგილი ბილ გეითსს ეკუთვნის, რომლის ქონება $106 მილიარდად არის შეფასებული. ხუთეულში ასევე შედის Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი $101 მილიარდით და ცნობილი მეწარმე და ინვესტორი უორენ ბაფეტი $97 მილიარდით.    

სამივლინებო ანაზღაურება გაიზარდა

სამივლინებო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება "გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8352 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 2.7482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7086 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში, აუქციონის წესით, სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიები გაიცა. სააგენტოს ცნობით, საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი, საახალწლო ნაძვის ხეების წარმოების მიზნით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება. „აუქციონის გამოცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები. აღნიშნული აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე 215 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ 1 630 056 ლარი შეადგინა. გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.  

ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა

"ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა - ფასის შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ე.წ. უკრაინის დერეფანმა და რუსეთში ხორბლის უხვმა მოსავალმა", - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. „მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის ფასი 2-3 თვის წინ პიკზე იყო 400 დოლარის ფარგლებში, დღეს კი შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. ასევე, პიკის დროს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს არის 72 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ასახული ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია, ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებლებმა პურის გარკვეულ სახეობებზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს. ეს ის ინფორმაციაა, რაც პრესიდან ვიცით. ფქვილის ფასის შემცირება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ე.წ.ხორბლის დერეფანი ამუშავდა. იცით, რომ სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა, მათ შორის, ხორბლის, იქიდან გამომდინარე, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ დერეფნის ამუშავებამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიო ბაზარს, რომ მიწოდებულიყო ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები. ამან დააბალანსა მსოფლიო ბაზარზე ვითარება. აგრეთვე, დაიწყო ხორბლის ახალი მოსავლის მიღება რუსეთში, სადაც რეკორდული მოსავალია", - განაცხადა სილაგავამ "ინტერპრესნიუსთან". ასევე წაიკითხეთ: რატომ გაძვირდა პური - საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება ერთ წელიწადში პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა - საქსტატი  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8336 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8336 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8336 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7086 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7349 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რა პარამეტრები იცვლება 2022 წლის ბიუჯეტში

„ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს უპასუხებს,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, წელს საქართველოს ეკონომიკას მაღალი ზრდის ტემპი გააჩნია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის მთავარი მიზეზია. „კანონპროექტით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განსაზღვრულია 8.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, უმჯობესდება ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის მაჩვენებლები მშპ-სთან მიმართებაში. ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-იდან 3.2%-მდე, ხოლო საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 51.1%-დან 39.6%-მდე მცირდება,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯამურად ხარჯვითი ნაწილი, 480 მილიონით იზრდება, რაც როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პროგრამების ასიგნებების ზრდას მოხმარდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა და წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მთავრობას. რეგლამენტის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით, კვირის ბოლოს დაბრუნდება პარლამენტში, ხოლო მომავალ კვირას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს სესიაზე განიხილავენ.  

ეროვნული ბანკი: უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება

"უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა ეს ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. „უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – აცხადებენ ეროვნული ბანკში.  

უკრაინამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სრულად აკრძალა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება „უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ“, რომლის შედეგადაც უკრაინამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სრულად აკრძალა.  დადგენილება, საომარი მდგომარეობის შეწყვეტის ან გაუქმების დღემდე იქნება ძალაში.   „ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებით ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება არის ეკონომიკური გავლენის კიდევ ერთი ინსტრუმენტი. ჩვენ გვესმის, რომ სანქციები არის არამხოლოდ სამხედრო საფრთხეზე რეაგირების, არამედ მომავალში აგრესიის პრევენციის საშუალებაც. მინდა განვაცხადო, რომ ომის დაწყებიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი დე ფაქტოდ შევაჩერეთ, ახლა ეს კანონიერ დონეზეა დაფიქსირებული“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კვლევა: საქართველოს შრომის ბაზარზე, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა. ინფორმაციას კვლევების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა შვიდმა პროექტმა, ადგილობრივი შრომის ბაზარი შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევების მთავარი შედეგების პრეზენტაცია, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ საგრანტო პროექტების ორგანიზებით გაიმართა. კვლევების შედეგად, შეფასდა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და გამოვლინდა სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები. სამიზნე რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით. კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან. კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა. „ევროკავშირი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ დღეს საინტერესო კვლევების და მიგნებების განხილვის საშუალება გვეძლევა ფართო დაინტერესებულ მხარეებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დისკუსია, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად,“ - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში განათლების პროგრამების კოორდინატორია.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები. კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლე-ვადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება. „პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებისას. დარწმუნებული ვართ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე, გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილმა. კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ კვლევების რეგულარულად გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა უწყებებისა და საგრანტო პროექტის წარმომადგენლები. პროექტის შესახებ: შვიდი მილიონი ევროს ღირებულების ცხრა საგრანტო პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარება, ორი ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი, საგრანტო სქემის კომპონენტი და ტექნიკური დახმარების პროექტი.  

Bloomberg: ევროპა მზადაა, ზამთარი რუსული გაზის გარეშე გადაიტანოს

მიმდინარე ზამთარს ევროპაში, გასულ წელთან შედარებით, შესაძლოა, 40%-ით მეტი თხევადი გაზი იმპორტირდეს, რაც რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ გაჩენილ დეფიციტს დააკომპენსირებს. ამას  Bloomberg-ის მონაცემები ადასტურებს. Bloomberg-ის ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონს ზამთარში შეუძლია, თითქმის 40%-ით მეტი LNG შემოიტანოს, ვიდრე გასულ წელს და შესყიდვები დაახლოებით 14%-ით (მომავალ ზაფხულს დაკარგული მარაგების შესავსებად) გაზარდოს. გამოცემა წერს, რომ ენერგიის მაღალი ფასების გამო, გაზზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, ეს მიწოდება პირველი ოქტომბრიდან რუსული მილსადენების ნაკადების სრულად გაჩერების შედეგად შექმნილი დეფიციტის დასაფარად საკმარისია. „დამატებითი საწვავის მისაღებად, ევროპელ მყიდველებს ადგილზე 90%-ით მეტი LNG-ის შეძენა მოუწევთ, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტებით უზრუნველყოფდნენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას აზიასთან. ეს ხელს შეუწყობს გაზზე მსოფლიო ფასების კლებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ გაზზე დამოკიდებულიების შემცირება სცადა“, - წერს გამოცემა.   

პოლონეთმა და დანიამ, ნორვეგიული გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალი მილსადენი გახსნეს

პოლონეთმა და დანიამ გაზის დივერსიფიკაციის მიზნით, ახალი პროექტი დაასრულეს. ექსპლუატაციაში შევა ახალი გაზსადენი Baltic Pipe, რომელიც ნორვეგიული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის ახალი არხი გახდება.  მედიის ცნობით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და  რუსული გაზისგან პოლონეთის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, Baltic Pipe პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია.  გაზსადენის გახსნის ცერემონია გბუდნოში, დასავლეთ პომერანის სავოევოდოში, გაზის საკომპრესორო სადგურზე გაიმართა. დაგეგმილია გაზის ტრანსპორტირების სიმბოლური დაწყებაც. გაზის სრულფასოვანი ტრანსპორტირება ბალტიის მილების სისტემით ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მდებარე საბადოებიდან, პოლონეთში 900 კილომეტრიანი მარშრუტის გასწვრივ, დანიის გავლით, პირველ ოქტომბერს იგეგმება. დანიის გავლით ნორვეგიული გაზის მიღებას პოლონეთის გარდა, სლოვაკეთი და ჩეხეთიც შეძლებენ. გაზსადენის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.