ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა. ინფორმაციას კვლევების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა შვიდმა პროექტმა, ადგილობრივი შრომის ბაზარი შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევების მთავარი შედეგების პრეზენტაცია, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ საგრანტო პროექტების ორგანიზებით გაიმართა. კვლევების შედეგად, შეფასდა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და გამოვლინდა სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები.
სამიზნე რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით. კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან.
კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა.
„ევროკავშირი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ დღეს საინტერესო კვლევების და მიგნებების განხილვის საშუალება გვეძლევა ფართო დაინტერესებულ მხარეებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დისკუსია, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად,“ - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში განათლების პროგრამების კოორდინატორია.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები.
კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლე-ვადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს.
სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება.
„პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებისას. დარწმუნებული ვართ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე, გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილმა.
კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ კვლევების რეგულარულად გაგრძელების აუცილებლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა უწყებებისა და საგრანტო პროექტის წარმომადგენლები.
პროექტის შესახებ: შვიდი მილიონი ევროს ღირებულების ცხრა საგრანტო პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.
„განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარება, ორი ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი, საგრანტო სქემის კომპონენტი და ტექნიკური დახმარების პროექტი.