ახალი ამბები

ილია მეორე მრევლს მიმართავს

საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. „ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა). ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად. ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, მანქანების ქურდობისთვის ძებნილი, საქართველოში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. " შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება. შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი მოკლეს

ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი, მონსენ ფაჰრაზადეჰი თეირანთან, მანქანაში მოკლეს. ამ ინფორმაციას ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. მონსენ ფაჰრაზადეჰი ქალაქ აბსადში თავდასხმის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარი ფაქტი თავდასხმად შეაფასა. დასავლური დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, ფაჰრიზადეჰი ირანისთვის ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდა. 2015 წელს, New York Times - მა ის შეადარა რობერტ ოპენჰაიმერს, ფიზიკოსს (ხელმძღვანელობდა მანჰეტენის პროექტს) რომელმაც პირველი ატომური იარაღი შექმნა მეორე მსოფლიო ომის დროს.

კარლ ჰარცელი: ვიყოთ ფხიზლად და დავიცვათ უსაფრთხოების წესები

„ვიყოთ ფხიზლად, დავიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ამ სიტყვებით აღწერს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ჯანდაცვის სპეციალისტებთან შეხვედრას. „ევროკავშირის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შევხვდით. კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის ექსპერტების რჩევების საფუძველზე მიღებულ ახალ ზომებს მხარს ვუჭერთ. უდიდესი პატივისცემა სამედიცინო პერსონალის ყველა წარმომადგენელს. ვიყოთ ფხიზლად, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, - წერს ევროკავშირის ელჩი.

უკვე გვაქვს მოწვევა - ტიხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ ის აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს. "ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ ჯო ბაიდენთან შეხვედრას და ჩვენ უკვე გვაქვს მოწვევა, რომ ასეთ შეხვედრაში [მონაწილეობა მივიღოთ]. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაშ წასვლას - ახლა არ მახსოვს, მაგრამ ჩვენს სიაში აღმოსავლეთის ქვეყნებიც არის" - თქვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ჯო ბაიდენმა, თქვა, რომ აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოთხოვნას სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე. "მამაცი ბელარუსი ხალხი აჩვენებს, რომ მათ ხმას ვერ ჩაახშობს დაშინება ან წამება" - წერს ჯო ბაიდენი აგვისტოში. მაშინ მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „მე არავითარ კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციის პირობებში მე თქვენთან პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონსტიტუცია. ყაზახეთი, რუსეთი, ჩვენ - ალბათ სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მძლავრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმის გაცნობიერება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ადამიანი და ომი მოისურვოს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განმარტა ბელარუსის ლიდერმა.

Covid-19-ის ვაქცინა შესაძლოა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით დაინიშნოს

AstraZeneca-ს პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო შესაძლოა სხვადასხვა ვაქცინა ასაკობრივ ჯგუფების მიხედვით დაინიშნოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გასულ კვირას კომპანიამ გამოაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა შეადგენს 70%-ს. ეს მაჩვენებელი პრეპარატის მწარმოებელმა მიიღო გამომდინარე იქიდან, რომ მოხალისეთა უმრავლესობას მიეცა ორი სრული დოზა, ერთთვიანი ინტერვალით, სადაც 62%-იანი შედეგი დაფიქსირდა, ხოლო 3,000 პაციენტს შეცდომით დაენიშნა პრეპარატის ნახევარი დოზა, სადაც ვაქცინამ 90%-ანი შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია რომ არც ერთმა პაციენტმა, მიუხედავად დოზირებისა, არ აჩვენა გვერდითი ეფექტები. მარეგულირებელმა საშუალებებმა, როგორიცაა FDA, განცხადა, რომ ისინი დაამტკიცებენ ვაქცინას, რომელიც ხელს უშლის კოვიდს ან ამცირებს დაავადების სიმძიმეს ვაქცინირებულთა არანაკლებ 50% –ში. AstraZeneca- ს შედეგებმა დიდი იმედები გააჩინა და 90%-ანი ეფექტურობის მაჩვენებელმა კონკურენტუნარიანი გახადა Moderna- ს და Pfizer / BioNTech- ის ვაქცინებთან მიმართებით. მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ოქსფორდის ვაქცინის წარმოება შედარებით იაფი ჯდება და მისი შენახვა არ არის საჭირო ძალიან ცივ ტემპერატურაზე. კომპანია ასევე უზრუნველყოფს 355 მილიონი ვაქცინის დოზის წარმოებას, ხოლო 100 მილიონი დოზაზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უზრუნველყო ადრეული წვდომა. ჯანდაცვის დეპარტამენტის იმუნიზაციის ყოფილმა დირექტორმა, პროფესორმა დევიდ სოლსბერიმ, BBC Radio 4-ის გადაცემაში განაცხადა, რომ შემდგომი კვლევები მნიშვნელოვანია.

ევროპამ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს - ალექსეი ნავალნი

ევროპამ ვლადიმერ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში დროებით მყოფი კრიმინალები არიან, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა ან მათი აქტივების გაყინვა სერიოზულად არ მიიღება, თუკი ეს სანქციები მდიდარი ოლიგარქების წინააღმდეგაც არ იქნება მიმართული. „მე ნამდვილად არ ვარ პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც მოწამლეს ან მოკლეს,“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპა ასეთ ფაქტებზე არ ჩუმდება. ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიმართა.

ჰაკერებმა AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს - Reuters

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ჰაკერები AstraZeneca–ს თანამშრომლებს „ლინკდინისა" და "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაკეთებია. ცნობისთვის, 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.

თბილისის მერია სოცდაუცველ ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანს

მერიამ სოციალურად დაუცველი მოხუცების კვებითი უზრუნველყოფისთვის 0.5 მილიონი ლარი გამოყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. მისივე თქმით, მერიამ გამონახა რესურსი და ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანენ. გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, არაერთი ბიზნესის წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, ამიტომ იქმნება პლატფორმა, რომელზეც ბიზნესის წარმომადგენლებს პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. ამასთან, მერმა გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, საკვების მიწოდების პროგრამაში, წესების სრული დაცვით, ჩაერთონ.

ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ნაკადები არის ძალიან აქტიური, ინტენსიური, დიდი დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე. თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი დღესაც. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გადანაწილება და დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა, სხვაგან შედარებით ნაკლები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში, რისთვისაც კოვიდსასტუმროები არიან მზად და საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. მიდის კომუნიკაცია უშუალოდ კლინიკებთან, ამ შემთხვევაში საუბარია კლინიკების და სასტუმროების უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მოხერხდეს მარტივად,“ - განაცხადა გაბუნიამ. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ საწოლის დამატება მარტივია, თუმცა საწოლს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი უნდა ახლდეს, რაც შეზღუდულია. „ნებისმიერ ისეთი ტიპის გაფართოებულ სამედიცინო სივრცეებში, ეს იქნება საველე ჰოსპიტალი, სამხედრო ჰოსპიტალი, ყველგან საჭიროა ექიმების მომსახურება. სწორედ რეანიმატოლოგები, სამედიცინო პერსონალი ყველაზე ის შეზღუდული რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ჩვენ ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. რაც შეეხება მოსაზრებებს კოვიდვითარების მართვაში სამხედრო ექიმების ჩართულობასთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „უფრო იმითაც უნდა დაინტერესდნენ, რა რესურსია სამხედრო ექიმების ნაწილში“. „ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია და ის რესურსი, რომელიც დღეს არის სამედიცვინო სფეროში პრაქტიკულად სრულად ჩართულია ეპიდემიის მართვაში. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ამოცანა არის ნებისმიერი ასეთი ტიპის ასოციაციის, სხვა მოქალაქის თუ ორგანიზაციის, რომელსაც დღეს აწუხებს საქართველოში ეპიდემიის მართვა, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმ მოწოდების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პირბადეების საყოველთაო მოხმარებას. ასევე, იმ სავალდებულო წესების დაცვას, რომელიც დადგენილია ყველა იმ ბიზნესისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ასევე ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმის ირგვლივ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, დამსაქმებლებს,ზედმიწევნით შეასრულონ ყველა რეგულაცია. ამით ყველა ვართ ჩართულნი იმ პროცესში - შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების ტემპი. შესაბამისად, შევამციროთ ზეწოლა ჩვენს სამედიცინო სექტორზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები 24 დეკემბრამდე გახსნის საშუალებას ითხოვენ

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ. ამ საკითხზე მათ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციის შემდეგ „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განაცხადა, თუ ახალ წლამდე ერთის ნაცვლად ორი კვირა ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადის კონტროლს უკეთ შეძლებენ იმისთვის, რომ კოლაფსი არ მოხდეს. „გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ყველანაირად ვიცავთ რეგულაციებს, რომელიც შემუშავებული იყო და გვინდოდა, რომ იგივე რეგულაციებში მუშაობა გაგვეგრძელებინა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ექიმების მხრიდან მოთხოვნა უფრო მკაცრ შეზღუდვებზე იყო. საბოლოოდ, გადაწყდა, რაც გაჟღერდა, საშუალო. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“,- განაცხადა ნატა გოგოლაძემ. რა შეეხება თანამშრომლების უმუშევრად შესაძლო დარჩენას, გოგოლაძე ამბობს, რომ თბილისი მოლში დაახლოებით 2700 ადამიანია დასაქმებული და მათი მუშაობის საკითხს მაღაზიები ინდივიდუალურად წყვეტენ.

პარლამენტის შეკრების დღეს, საპროტესტო აქცია, შესაძლოა, მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებმა გამართონ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, პროტესტი მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს. როგორც ის აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე მიიღებენ. „პროტესტი აუცილებლად შედგება და ამაზე თანხმობა არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. რა ფორმას მიიღეს ეს პროტესტი, ამას დრო გვაჩვენებს. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ნაწილი სწორედ პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიიღებს ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე,“- განაცხდა საბა ბუაძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ. „მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, - განაცხადა კალაძემ.

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა იწყება

2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება. წელს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, სანდრა გადელია წარადგენს, სიმღერით „შენ მარტო არ ხარ“. საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 27 ნოემბრის 23:00 საათიდან, 29 ნოემბრამდე. ხმის მიცემის პროცედურის გასაცნობად იხილეთ ვიდეორგოლი: https://bit.ly/2KygpN3 ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელი საქართველოს პირველი არხის ეთერში, 29 ნოემბერს, 20:00-საათზე იხილავს. საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და ამ კონკურსში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა - მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საქართველომ გამარჯვება 2008, 2011 და 2016 წლებში მოიპოვა. 2017 წელს კი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.

რა დახმარებას გამოყოფს მთავრობა - მაია ცქიტიშვილი

ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილში დაეხმარებიან. „დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც არის სავაჭრო ქსელისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის , თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის . ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული პირების, თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს. ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, ახლაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, სამსახურს დაკარგავენ, ვთავაზობთ ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ბანკებთან ერთად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა, ბაგა-ბაღის მოსაწყობად, მოქალაქესთან გააფორმა 170 400 ლარის ღირებულების, 12 თვიანი იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, საწყის ეტაპზე ერთჯერადად 28 000 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 2 400 ლარის გადახდა მოთხოვა. დანაშაულებრივი გზით მოთხოვნილი თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მეიჯარეს გააფორმებინეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა დანაშაულებრივი გზით გადასაცემი თანხის კანონიერება. 2020 წლის 26 ნოემბერს მეიჯარემ მოქალაქეს გადასცა თანხის ნაწილი 16 400 ლარი, რის შემდგომაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 61 მილიონს უკვე გადააჭარბა. მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ვებგვერდზე, ამ დროისთვის დაფიქსირებულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ით 61 061 664 ადამიანი დაინფიცირდა. ამავე ვებგვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 42 269 611 ადამიანი. გარდაიცვალა 1 432 995 პაციენტი. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 17 259 662- ს შეადგენს. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქვეყნების ხუთეულში ისევ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს რუსეთი, მეხუთეზე - საფრანგეთია.

COVID-19-ით ინფიცირებული 976 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 976 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ პაციენტებიდან 375 მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. თბილისში 447 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 154, იმერეთში - 226. თბილისში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 201 ადამიანია, აჭარაში - 49, იმერეთში კი - 45. დღეს, 27 ნოემბერს, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 863 გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648. 27 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.