ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია.
როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაკადები არის ძალიან აქტიური, ინტენსიური, დიდი დატვირთვა მოდის დღეს ჯანდაცვის სექტორზე. თუმცა, არსებობს გარკვეული რესურსი დღესაც. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა იყო 421, ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გადანაწილება და დიდი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე ანუ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დატვირთვაა, სხვაგან შედარებით ნაკლები. მთავარი აქცენტი არის ის, რომ საწოლი შენარჩუნებული იყოს მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროში, რისთვისაც კოვიდსასტუმროები არიან მზად და საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. მიდის კომუნიკაცია უშუალოდ კლინიკებთან, ამ შემთხვევაში საუბარია კლინიკების და სასტუმროების უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობაზე იმისთვის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მოხერხდეს მარტივად,“ - განაცხადა გაბუნიამ.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ საწოლის დამატება მარტივია, თუმცა საწოლს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი უნდა ახლდეს, რაც შეზღუდულია.
„ნებისმიერ ისეთი ტიპის გაფართოებულ სამედიცინო სივრცეებში, ეს იქნება საველე ჰოსპიტალი, სამხედრო ჰოსპიტალი, ყველგან საჭიროა ექიმების მომსახურება. სწორედ რეანიმატოლოგები, სამედიცინო პერსონალი ყველაზე ის შეზღუდული რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელსაც ჩვენ ვერ გავზრდით. ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება მოსაზრებებს კოვიდვითარების მართვაში სამხედრო ექიმების ჩართულობასთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „უფრო იმითაც უნდა დაინტერესდნენ, რა რესურსია სამხედრო ექიმების ნაწილში“.
„ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია და ის რესურსი, რომელიც დღეს არის სამედიცვინო სფეროში პრაქტიკულად სრულად ჩართულია ეპიდემიის მართვაში. ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ამოცანა არის ნებისმიერი ასეთი ტიპის ასოციაციის, სხვა მოქალაქის თუ ორგანიზაციის, რომელსაც დღეს აწუხებს საქართველოში ეპიდემიის მართვა, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმ მოწოდების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პირბადეების საყოველთაო მოხმარებას. ასევე, იმ სავალდებულო წესების დაცვას, რომელიც დადგენილია ყველა იმ ბიზნესისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ასევე ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმის ირგვლივ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, დამსაქმებლებს,ზედმიწევნით შეასრულონ ყველა რეგულაცია. ამით ყველა ვართ ჩართულნი იმ პროცესში - შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების ტემპი. შესაბამისად, შევამციროთ ზეწოლა ჩვენს სამედიცინო სექტორზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.