ახალი ამბები

COVID-19–ს საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ემსხვერპლა

თსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიკოსი, ვირუსოლოგი ბორის კორსანტია 25 ნოემბერს 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. "სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. დღეს მან საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბორის კორსანტია შეიწირა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში. ბორის კორსანტია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მას გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. 25 ნოემბერს აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე დაიღუპა. იგი ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ მკურნალობდა.

ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი შეიწყალა. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს შეწყალება მიენიჭა. ვულოცავ მას და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, ახლა ნამდვილად ფანტასტიკური მადლიერების დღესასწაული გექნებათ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მაიკლ ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე აშშ-ში გამოძიება ჩატარდა. 2017 წელს იგი აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩთან ურთიერთობების თაობაზე FBI-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ ცნეს. ფლინმა დანაშაული აღიარა.

მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3დღიანი გლოვა გამოცხადდა

ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. დიეგო მარადონა 26 ნოემბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა - UN Women

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა და შესაძლოა, 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დააბრუნოს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ანიტა ბატია აცხადებს, რომ პანდემიამდე მსოფლიოში ქალების მიერ არაანაზღაურებადი სამუშაო 16 მილიარდ საათს შეადგენდა, რაც ვირუსის გავრელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, დღესდღეობით ქალების მიერ შესრულებული არაანაზღაურებადი სამუშაო მამაკაცებისას სულ მცირე 3-ჯერ აღემატება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის გარეშე გაცილებით უფრო მეტი ქალი დარჩა, ვიდრე მამაკაცი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ღარიბ ქვეყნებში 2020 წელს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ, რამდენიმე მილიონით გაიზარდა, რაც ადრეულ ქორწინებათა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა, მაგრამ გახსოვდეთ, ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს - ბაიდენი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯები გადადგან. „ყოველთვის იმსახურებთ სიმართლის მოსმენას თქვენი პრეზიდენტისგან. უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ ვირუსის ზრდა, რომელმაც მოგვიტანა ტკივილი, მსხვერპლი და იმედგაცრუება. მან დაგვყო, გაგვაბრაზა, ერთმანეთის წინააღმდეგ განგვაწყო. ვიცი, რომ ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა. უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს,”- აღნიშნა ბაიდენმა და ამერიკელებს მოუწოდა, უარი თქვან მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ დიდ ოჯახურ შეკრებებზე, ატარონ პირბადეები და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს ”გრძელი მძიმე ზამთარი” ელოდება, მაგრამ ბოლოდროინდელ პოზიტიურ სიახლეებს ვაქცინებთან დაკავშირებით იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.

რუსეთმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა

რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ყაზახეთში მდებარე სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონზე გამოცადეს. “რუსეთის კოსმოსური ძალების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ჯარების ოპერატიულმა ეკიპაჟმა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა ყაზახეთში, სარი-შაგანის პოლიგონზე წარმატებით გამოცადა”, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისათვის, ახალი ბალისტიკური რაკეტის წინა საცდელი გაშვება ოქტომბრის ბოლოს ამავე პოლიგონზე განხორციელდა.

Reuters: როდის გახდება COVID-19-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი

როდის და როგორ გახდება COVID-19-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი? ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი აქვეყნებს. კომპანიებმა Pfizer- მა, Moderna- მ და AstraZeneca- მ უკვე დაიწყეს ვაქცინების წარმოება. COVAX- მა, პროგრამამ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და GAVI-ს ვაქცინების ჯგუფი ხელმძღვანელობს, 2 მილიარდი დოლარი გამოყო ათობით ღარიბ ქვეყანაში ვაქცინების შესაძენად და განაწილებისთვის. ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კანადა და ავსტრალია ვაქცინების რეგულირების სწრაფ პროცესებს აწარმოებენ. ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი კომპანიის თანახმად, ვაქცინა დეკემბერში გვექნება, პირველად კი მას სავარაუდოდ ხანდახზმულები და მოხუცები მიიღებენ. იტალია მომავალი წლის დასაწყისში Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ინექციის პირველ დოზებს ელოდება. კოვაქსი საწყის ეტაპზე გეგმავს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის 3%-ს ვაქცინაციას, ხოლო ბოლო ეტაპზე ეს ციფრი 20%-მდე გაიზრდება. კოვაქსმა დროებითი ხელშეკრულება დადო AstraZeneca-ს თან, მათი ვაქცინა არ საჭიროებს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვას, განსხვავებით Pfizer-ის გან. მოსალოდნელია, რომ 2021 წლისთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა და აფრიკამ პრეპარატი დაბალ ფასში, ან უფასოდაც კი მიიღონ.

მაშველებმა ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოიყვანეს

მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. "112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს - კახა კალაძე

მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა. კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს. „ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რომელიც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი. თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება მეტროში მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, პირბადის გარეშე მეტროში შესვლა შეუძლებელია და ზუსტად მაგის გამო აქვს ადგილი პატარა რიგებს მეტროს შესასვლელთან, რათა მგზავრები ეტაპობრივად შევიდნენ და ბაქანზე არ იყოს ბევრი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ორ მეტროსადგურში, მაგრამ დღეისათვის ეს პრობლემა არ არსებობს. დამატებით რეგულაციებს რაც შეეხება, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის, ამერიკას მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს და მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი. 58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც CNN აღნიშნავს, 2014 წელს ბლინკენი ცენტრალურ როლს ასრულებდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქციის კუთხით. ბლინკენი მონაწილეობდა ასევე “ალ-ქაედას” დამფუძნებელ უსამა ბინ-ლადენისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციებში. გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე ავრილ ჰეინსი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში, გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი იქნება. იგი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ. არჩეულმა პრეზიდენტმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის პოზიციაზე ალეხანდრო მაიორკასი წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში იგი პირველი ლათინოამერიკელი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. მაიორკასი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო. გარდა ამისა, ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე ჯეიკ სალვინი წარადგინა. იგი 2016 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი ქლინთონის მრჩევლად მუშაობდა. არჩეულმა პრეზიდენტმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა. ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო. ბაიდენმა წარმომადგენლების 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა სასამართლოებში 20-ზე მეტი საჩივარი წარადგინეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა საჩივრებიდან თითქის ყველა უარყოფილ იქნა.

შეიძლება დღეს, დღეში 10 000-მდე ინფიცირებული გვყავდეს - პაატა იმნაძე

შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს. „შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ დაველოდებით, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს“,-განაცხადა იმნაძემ. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკში იმყოფება. „ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს“,-განაცხადა იმნაძემ.

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო - გრანტის სახით გაიცემა. მათივე ინფორმაციით, 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორციელდეს. თუ მთავრობამ ეს შეთანხმებული რეფორმები გაატარა, 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა. 2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილი (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) სახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული შეთანხმებული პირობების შესრულებამ ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსური სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სფეროებში. ”ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. დღევანდელი ტრანში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, იორდანიასა და მოლდოვასთვის უფრო ფართო, 400 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია.

საპატრიარქო - ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან

კორონავირუსის გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. „COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია. ამის შესახებ განცხადება ილჰამ ალიევმა სატელევიზო მიმართვის დროს გააკეთა, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის შესვლას ეხებოდა. ამ რაიონზე კონტროლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანს გადაეცა. „ჩვენ ისევ აღვადგენთ ყველა რაიონს და ქალაქს. დიდი გეგმები გვაქვს. უკვე დაიწყო ქალაქ შუშაში მიმავალი ახალი გზის მშენებლობა. ეს გზა ფიზულის რაიონიდან დაიწყება და ხოჯევანის რაიონის ნაწილზე გაივლის. მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ ეს გზა უახლოეს ხანში გაიყვანონ. ეს რთული პროცესია, მაგრამ ამას შევძლებთ. ჩვენ აღვადგენთ რკინიგზასაც. მათ შორის, წინასწარ გაცემულია დავალება, რომ დაიწყოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის აღდგენა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დამატებითი შეზღუდვების ჩამონათვალი, ხვალ გახდება ცნობილი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 - კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“,-აცხადებს ტიკარაძე. მისივე თქმით, მთავრობა დააკვირდება პროცესებს და მაქსიმალურად ეცდება, მოსახლეობა ახალ წელს თავისუფლად შეხვდეს. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვითვალისწინებთ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმართელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება მიადგეს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, როდესაც ყველა ახალ წელსა და შობას ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ ფაზას ვითვალისწინებთ, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენ მიზანი არ არის, იმგვარი და იმ ვადით შეზღუდვები მოხდეს, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც შეზღუდვებს დავაწესებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს. "მე ჩემს რეკომენდაციებს ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს". - თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ქვეყანა შევიდა პიკში და ძალიან რთულია ორ კვირაში ან სამ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის რადიკალური ქვესვლა. „ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, უფრო მეტი მზად ყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად ინფიცირებულთა დაახლოებით 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორის ანუ ოჯახის ექიმების მიერ, ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია ზოგადი მიდგომა, რა თქმა უნდა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ - მივყვებით ამ მიმართულებებს. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ამის შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

"სტუმარი ღვთისაა" - "რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია" - ენტონი ბლინკენი​ს განცხადებები

ამერიკის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, 20 იანვრიდან გამოცდილი დიპლომატი ენტონი ბლინკენი დაიკავებს. ენტონი ბლინკენი გამოცდილი დიპლომატი და მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მოზომილად მკაცრია. ის რუსეთის მიმართ მუდმივად კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევა. ბლინკენს ეკუთვნის სიტყვები "უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე". მომავალი სახელმწიფო მდივანი საქართველოს მიმართ ახლო და მეგობრული პოზიციებით გამოირჩევა. პირველი, რაც შეიძლება ენტონი ბლინკენის და საქართველოს კონტექსტში გავიხსენოთ, ვაშინგტონში 2015 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებებია. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ჟურნალისტებთან გამოჩნდა, საუბრი კი დაიწყო შემდეგი სიტყვებით "როგორც მე ვიცი, საქართველოში ხშირად ამბობენ, სტუმარი ღვთისაა. დღეს კი მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი აქ ყოფნა არის ჩვენთვის საჩუქარი". ბლინკენი ამ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და პრესკონფერენციაზე საქართველო-ამერიკის პარტნიორულ და ახლო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკა რჩებოდა ერთგული ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ამავე განცხადებაში, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. საუბრის შუაში კი მან შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან მოიყვანა ციტატა და თქვა "რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია". ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი 58 წლისაა და მას სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. ის 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მისი პოლიტიკური კარიერა ბილ კლინტონის დროს დაიწყო, როცა ის უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, მან ჯო ბაიდენი გაიცნო და 2001-2008 წლებში სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მას შემდეგ, მისი და ჯო ბაიდენის თანამშრომლობა არაერთხელ გადაიკვეთა. ბლინკენი ობამას ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან პროცესებში იყო ჩართული, მათ შორის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ომის დროს. საუბრობენ, რომ ბლინკენმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გამოსვლის საქმეშიც. თუმცა, ის წინააღმდეგია სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის. გასულ წელს, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დაუშვებელი იყო ამერიკას მიეტოვებინა ქურთი მოკავშირეები. მეტიც, მან თქვა, "ეს ქმედება ამერიკას სანდოობას აკარგვინებს". გამოცდილი დიპლომატი ევროპასთან და პარტნიორ/მოკავშირე ქვეყნებთან უფრო მჭირდო თანამშრომლობის მომხრეა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ როლს მიესალმება. მას მიაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სურათს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერით გამოირჩევა. "ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით ვდგავართ, გაერთიანებული საქართველოს გვერდით. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად," - განაცხადა ჯო ბაიდენმა წლების წინ საქართველოში ვიზიტის დროს, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ბაიდენი თბილისში მაშინ იმყოფებოდა, როცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო. მაშინ, ბაიდენმა საქართველოში ყოფნისას თქვა, რომ მიმდინარე პროცესში რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ვერ გააძლიერებდა - "ეს არ ხდება და არ მოხდება".

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც მოქალაქეებსა და კონკრეტულ დარგებს შეეხება - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს. “ამავდროიულად გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით მათ ყოველდღიურად და წერტილოვანი შეზღუდვა მოგვიწევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ელოდებიან. „ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს დეკლარაციაზე მოწერილი, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები. შეთანხმების რესურსი რა თქმა უნდა, არის და ეს გახლავთ ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული დაბანდებული ევროპა-ამერიკის ბანკებში, არ დაავიწყდეს, სად ინახება მისი სიმდიდრე. მესამე რაუნდამდეც, მეორე და პირველ რაუნდამდეც იყო ერთი-ერთზე კონსულტაციები იმ ლიდერებთან, ვისთანაც ეს საჭიროდ ჩაითვალა. შესაბამისად, ამის რეგალამენტაცია შეუძლებელი გახლავთ, ვინაიდან ფასილიტატორი ელჩები თავისი პრობლემების წინაშე დგანან, მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან, დღეს ასე ჩათვალეს საჭიროდ. არ ვიცი ამას, მესამე რაუნდი დაერქმევა, თუ მეხუთე, მაგრამ ველოდებით ივანიშვილის წარომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ ამა და ამ დროს ინიშნება არჩვენები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში. ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი საკაცობრიო დიპლომატიამ ვერ გამონახა. სად ერთი-ერთზე კონტაქტი, სადაც ბევრად იოლადაა შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი არგუმენტების დასაცავად და სად, მრავალფორმატიანი კონსულტაცია, სადაც რეგლამენტიც და დროც შეზღუდულია. ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები, როცა გვაძლევენ საშუალებას, უფრო ფართო და მეტი არგუმენტებით დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

3071 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - 25 ნოემბრის სტატისტიკა

25 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 95 581-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42. 3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 814 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში - 4 951“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.