ახალი ამბები

სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს - ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს. „სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის დაკარგული თაობის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან,“- განაცხადა ჰანს კლუგემ. მისი თქმით, ევროპაში ახლა კოვიდ-19-ის აფეთქებაა და რეგიონს მძიმე დრო ელის. „ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“- განაცხადა კლუგემ. მან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „პირბადეების გამოყენებითა და სოციალური შეკრებების მკაცრად გაკონტროლებით ევროპის რეგიონში თებერვლამდე 266 000 სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ,“ - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

2775 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის, თბილისში - 124, აჭარაში - 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 689, აჭარაში-1 353. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 445 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში - 13 764, იმერეთში - 4 155“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 49 016 480 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 239 375 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34 979 953 პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12.7 მილიონს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობის 48 მილიონიდან 49 მილიონამდე გაზრდას მხოლოდ 2 დღე დასჭირდა. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი ლიდერობენ.

თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ - ტრამპი

თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ, თუ დაითვლით უკანონო ხმებს, მათ შეუძლიათ არჩევნები მოგვპარონ, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ,“- განაცხადა ტრამპმა. მან ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. „რესპუბლიკელი“ სენატორი ადამ კინზინგერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, მოუწოდებს, მტკიცებულების გარეშე არჩევნების გაყალბებაზე საუბარი შეწყვიტოს. „ცხადია, გვინდა, რომ ყველა ხმა დაითვალონ, ყველა კანონიერი ხმა. (რა თქმა უნდა) მაგრამ თუ თქვენ ლეგიტიმურად ხართ შეშფოთებული თაღლითობასთან დაკავშირებით, მაშინ წარადგინეთ მტკიცებულება სასამართლოში. შეაჩერეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა“, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი გადადგომიდან რამდენიმე საათში დააკავეს

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჰაშიმ ტაჩიმ პრეზიდენტის პოსტი გუშინ დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ მისთვის ომის დანაშაულის გამო ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაადასტურა. კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ, ჰაშიმ ტაჩის ბრალი სავარაუდო ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, მათ შორის 100-მდე მკვლელობის შემთხვევის გამო ივნისში წარუდგინა. ჰაშიმ ტაჩი ბრალდებებს უარყოფს. ტაჩი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. მანამდე ის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც „ევრონიუსი“ წერს ის ერთ-ერთი პარტიზანი ლიდერი იყო 1990-იან წლებში სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

სუს-ში დავასახელე ისინი, ვინც დესტრუქციული სცენარისთვის იყვნენ მომზადებული - კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც "დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ". "დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომელებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა", - განაცხადა კობახიძემ. მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა. კერძოდ, ოცნების ლიდერი აცხადებს, რომ რევოლუციური სცენარი სააკაშვილის მიერ იყო შედგენილი და მასში ენმ-ის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩართული იყვნენ დევით ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი. "დავასახელე მათ შორის მათი ლიდერების გვარები. ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შედგენილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის მთავარი ლიდერი ამ კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, მაგალითად დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ", - თქვა კობახიძემ. მისივე განცხადებით, ოპონენტებს გარკვეული გეგმები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ჰქონდათ და გამოძიებას ამის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. "არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზეც ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მეთიუ ბრაიზა: საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

მაშინ, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები ისევ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, აშშ-ს არჩევნებში გადამწყვეტი დღეა. სავარაუდოდ დღეს გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. „მოპარულ არჩევნებზე“ განცხადებები აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ამის გამო დონალდ ტრამპა ეუთოს წარმომადგენლის კრიტიკაც კი დაიმსახურა, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესში თაღლითობას ჰქონდა ადგილი. „ამ რიტორიკით წახალისებულმა ტრამპის მომხრეებმა შესაძლოა ძალადობა მიიჩნიონ ლეგიტიმურ იარაღად“, - მიიჩნევს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. ჯო ბაიდენის შტაბი გამარჯვებში დარწუნებულია, ამის საფუძველს მას ბოლო მონაცემი აძლევს. ორივე კანდიდატის საგარეო პოლიტიკურ ხედვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს ვკითხეთ. მეთიუ ბრაიზა „ევროპათაიმს“ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ამერიკული ინვესტიციების თემაზეც ესაუბრა. მეთიუ ბრაიზა: დონალდ ტრამპი ნატოს დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ის მომხრე არ არის, რომ მოკავშირეებთან ერთად ითანამშრომლოს ალიანსთან. პრეზიდენტმა აირჩია დაპირისპირების პოლიტიკა ირანთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. ის ნამდვილად არ არის ფოკუსირებული სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მას სხვაგვარი მიდგომა აქვს - ის კარგად იცნობს რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ობამას ადმინისტრაციაში ის უკრაინის საკითხებზე მუშაობდა მაშინ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ღრმად აქვს გააზრებული ნატოს მნიშვნელობა და უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია მოკავშირეებთან ერთად გადაჭრას პრობლემები. ვფიქრობ, ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი არ აირჩევს დაპირისპირების გზას - ის არც მეგობრულად იქნება ჩრდილოეთ კორეასთან, თუმცა არც კონფრონტაციაში შევა. _როგორ შეაფასებთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე? გავეცანი ამერიკის საელჩოს განცხადებას და ეუთო/ოდირის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც არჩევნები კონკურენტულ და ზოგადად თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული დარღვევებიც, რაც შემდგომში უნდა გამოსწორდეს. ოპოზიციამ პროტესტის ასეთი ფორმა აირჩია. ეს გასაგებია, თუმცა ვფიქრობ უკეთესია, თუ პოლიტიკური ლიდერები ამომრჩევლის იტერესებისთვის პარლამენტში იბრძოლებენ. კარგი არ არის, რომ ოპოზიცია ბოიკოტის გზას ირჩევს. _ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პორტების განვითარება, მეტი ამერიკული ინვესტიციები. რა მოსაზრება გაქვთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, ასევე როგორც ცნობილია, ამერიკული კომპანია „Tramo Group-ი“ ბათუმის პორტში აშენებს მინერალური სასუქების ტერმინალს. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის მოსაზიდად? ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პროექტია. ნებისმიერ შემთხვევაში, მეტი ამერიკული ინვესტიციის მოსაზიდად, საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო გარემო უფრო უნდა გააუმჯობესოს. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტის შეჩერება უკიდურესად ნეგატიურად აღიქვეს ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ მისი მიზანია, გააძლიეროს საინვესტიციო გარემო; პატივი სცეს სამართლებრივ შეთანხმებებს კომერციულ სუბიექტებსა და კომპანიებს შორის. საქართველოს ძალიან კარგი პოზიციები აქვს აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით, რადგან ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და აშშ-ში, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რომ საქართველო ნატოს წევრი იყოს. საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. რაც შეეხება ყურადღების გამახვილებას საინვესტიციო გარემოზე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ამის გაკეთება შეუძლია. _თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას - საუბარია პროექტზე, რომლის განხორციელებაზეც აზერბაიჯანული კომპანია „აზერტელეკომი“ მუშაობს და რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილიც „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია. რა მოლოდინები გაქვთ, ამ პროექტის, ასევე ანაკლიის პროექტის მომავალთან დაკავშირებით? _არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ზოგადად ციფრული ჰაბის პროექტს, თუ ეფექტური, სწრაფი, ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, შესაძლოა, თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ამ პროექტმა წინ ვერ წაიწია, დიდი მარცხია. ესეც ნეგატიურად აღიქვეს როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში. მაგრამ ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობაში გამოიძებნება გზები ამ პროექტის განხორციელებისთვის

ამირან გამყრელიძემ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულებს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოში ჯანდაცვის სპეციალისტების რჩევებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციაც დაემატა. ამირან გამყრელიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულებს მოუწოდა, გაუწიონ ანგარიში იმას, რომ ადამიანის უფლებებში უპირველესია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ამირან გამყრელიძის თქმით, დიდი თავყრილობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია ინფექციის გავრცელების და ამიტომ აუცილებელია არსებული რეკომენდაციების დაცვა. მან კოვიდტესტის სტატისტიკაც შეაფასა. „ვაფართოებთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ დიაგნოსტიკას და დღიური გამოყენების მაჩვენებელი სავარაუდოდ, 14-15 ათასამდე ავა“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი, გარდაიცვალა 20 პაციენტი. თავის მხრივ, პაატა იმნაძე გვახსენებს, რომ ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას ABC News-მა, თბილისში გახსნილი საარჩევნო უბანი აჩვენა

ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას ABC News-მა, თბილისში გახსნილი საარჩევნო უბანი აჩვენა. ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში, ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის თემაზე ჩართვის დროს ჟურნალისტებმა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილი უბნის ფოტო შეცდომით გამოიყენეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ეს ფოტო ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების ფოტომასალასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება

დედაქალაქის მერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს. გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან. ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე. მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

1 დოლარი - 3.40 ლარი, 1 ევრო - 4.01 ლარი - ეროვნული ბანკი

5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 5.91 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.40 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული ბოლოს მარტის ბოლო რიცხვებში იყო. ევროსთან მიმართებით კი, ლარი 10 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევრო 4.0137 ლარი ღირს. ჯამურად ბოლო 4 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება 15.6 თეთრით გაიზარდა.ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად $60 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა $710 მილიონი დოლარი გაყიდა.

Wizzair-მა 18 დეკემბრამდე ქუთაისიდან ყველა ფრენა გააუქმა

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის აეროპორტიდან დეკემბრის მეორე ნახევრამდე ყველა ფრენა გააუქმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო მიიღო. "ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით, ასევე, ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება" - აცხადებს ავიაციის სააგენტო. ამავე შეზღუდვების გამო, 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, თუმცა ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით. ცვლილებებია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგშიც. ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები. "გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, მაშინ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით დაუშვა - თვეში ჯამში, დაახლოებით, 20 ფრენა. ასევე სრულდებოდა აირზენას ჩარტერები. ამის გამო, უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის აეროპორტში ბაზას განუსაზღვრელი დროით დახურა. ავიაკომპანიამ საქართველოდან რეისების უმეტესობა (ბერლინი, პრაღა, ტალინი, მემინგენი, თესალონიკი, ბოლონია, რომი, მილანი, გდანსკი, კრაკოვი, კატოვიცე, პოზნანი, ვროცლავი, ვენა, ლარნაკა ) 2021 წლის აპრილ- მაისამდე გადადო. იქამდე კი, ქუთაისიდან არაერთი დაანონსებული თუ მოქმედი ფრენა (პარიზი, ბრიუსელი, ეინდჰოვენი, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი, კიოლნი, ფრანკფურტი, ნიცა, ჰამბურგი, კარლსრუე/ბადენ-ბადენი, ჰერაკლიონი, ნეაპოლი, ნიურნბერგი, პიზა, ვენეცია, ტურკუ) საერთოდ გააუქმა. ავიაკომპანიამ გაზაფხულამდე მხოლოდ ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის და აბუ-დაბის მიმართულებები დატოვა, თუმცა რეისები მხოლოდ რიგაში, ოქტომბრის თვეში შესრულდა. დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას 7 თვის განმავლობაში არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.

საბერძნეთში სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი წესდება

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი შეზღუდვების თანახმად, საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, დაიხურება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში სამი კვირის განმავლობაში იქნება. „მე ვამჯობინე მკაცრი ზომების დაწესება უფრო ადრე, ვიდრე დაგვიანებით“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა. საბერძნეთში, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 2 646 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. პანდემიის დაწყების დროიდან კი საბერძნეთში ინფიცირების 46 892 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 673 ადამიანი დაღუპულია.

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ

ქართველი პარასპორტსმენები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) გასული წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავე გამოარჩია. "ირმა ხეცურიანი ბ კატეგორიის ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ნინა თიბილაშვილი კი 80 ქულით 23 წლამდე ხმლით მოფარიკავეთა შორის საუკეთესო ქალ პარასპორტსმენად აღიარეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს თუ ყველანი ერთად გავხდებით ავად - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს დატვირთვას, თუ მოქალაქეები ელემენტარულ წესებს არ შეასრულებენ: "ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი და მეორედ, მგონი, შემოდგომაზე ვთქვი და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი. მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის ხოლმე სამწუხარო რეალობის დანახვება, რაც მოგველის. თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ამას კიდევ გავიმეორებ, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა. და მე მგონი კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, ახლა სულ რომ გერმანული საავადმყოფოები აქ გადმოვიტანოთ, თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი, ეს არის რეალობა”, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარების მოსალოდნელ გაუარესებაზე საუბრისას. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა. გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2401 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 106-ით მეტი ახალი შემთხვევაა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 49 218-ს შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2289-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 33 459.

ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვირუსის პიკს დააჩქარებს - პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვირუსის პიკს დააჩქარებს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. "ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - აცხადებს პრემიერი. მან ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს. „რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა თვითიზოლაციის ინსტრუმენტის ეფექტურობა ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის პროცესში, ასევე - ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებაში. „როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა - ოჯახის ექიმები, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე. „ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი - რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე - კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი - ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი - წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი - არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

ვიცეპრემიერი დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები სახლიდან ამუშაონ

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები სახლიდან ამუშაონ. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. “ჩვენ უკვე მოვუწოდეთ ჩვენს საჯარო სექტორს, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში და მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელს და კიდევ გვინდა, მოვუწოდოთ ყველა დამსაქმებელს, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშავოთ სახლიდან”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ნოემბერს, კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მანიფესტაციების ჩატარების შეზღუდვას ოპოზიცია არ დაემორჩილება - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო გადახედვას შეეხება. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ისინი ამ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან, თუკი, ის სპეციალურად იმისთვის იქნება, რომ აქცია არ გაიმართოს. "თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გაკეთებულია სპეციალურად, იმისათვის, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავისი პროტესტი", - განაცხადა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. „სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის 3 მობინადრეს და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პანსიონატში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, კიდევ რამდენიმე პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 98 ბენეფიციარი ცხოვრობს. დაწესებულების ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ინფექცია გავრცელდა ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული თანამშრომლისგან, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა. ხანდაზმულთა პანსიონატები იმ სამიზნე ჯგუფებშია, სადაც ტესტირება გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს. საქართველოში დღეს დილით დადასტურებული 2401 შეთხვევიდან 368 იმერეთის რეგიონშია.

Apple-ი 10 ნოემბერს სპეციალურ ღონისძიებას აანონსებს

Apple-ი 10 ნოემბერს სპეციალურ ღონისძიებას მართავს, თუმცა, არ აკონკრეტებს რას მიეძღვნება ის. როგორც Reuters- წერს, ექსპერტები ელოდებიან, რომ კომპანია ახალ Mac-ის კომპიუტერებს წარადგენს. შეგახსენებთ, Apple-მა გასულ თვეს ახალი iPhone-ები წარადგინა, მანამდე კი სექტემბერში Apple Watch-ი და სხვა პროდუქტები. ხოლო ივნისში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე წარადგენდა ახალ Mac კომპიუტერებს, რომელსაც საკუთარი სილიკონის პროცესორი ექნებოდა. ამგვარად, შესაძლოა, 10 ნოემბრის ღონისძიებაზე სწორედ ახალ კომპიუტერებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან. ცნობისთვის, Apple Silicon Mac-ი იქნება ერთგვარი დასაწყისი კომპანიისთვის Intel-ის პროცესორებიდან საკუთარი პროცესორებზე გადასვლაში. Intel-ი Apple-ს პროცესორებს 2006 წლიდან აწვდიდა. Apple-ის ღონისძიებაზე ახალი კომპიუტერების გარდა, ელოდებიან სხვა ახალ პროდუქტებსაც, მაგალითად AirPod-ის ყურსასმენებს.