ახალი ამბები

"ლელო" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. "არჩევნები არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს იმსჯელა პოლიტსაბჭომ და გადაწყვიტა, რომ არ შევა პარლამენტში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ლელომ“ ხმების 3.15%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატის შეყვანას შეძლებს.

საპარლამენტო მანდატებზე გირჩიც უარს ამბობს

ევროპული საქართველოს, ლელოს, ლეიბორისტული პარტიისა და პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე გირჩიც უარს ამბობს. პარტია არც დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დაგეგმილ მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების დეპუტატ გია ვოლსკის უნდა დაპირისპირებოდა. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული ოცნება – 48.15%ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14ევროპული საქართველო – 3.78%ლელო – 3.15%სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%პატრიოტთა ალიანსი – 3.14%გირჩი – 2.86%მოქალაქეები – 1.33%ლეიბორისტული პარტია – 1%30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია. ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება - გამყრელიძე

ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას ხუთი მთავარი პრევენციული ღონისძიების დაცვისკენ მოუწოდა. „მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე. მეორე, დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. მესამე - ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. მეოთხე - მცირე შეკრებები, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი და უფრო ხშირად ღია სივრცეში. მეხუთე რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო, სადღესასწაულო, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა. ყველა ეპიდაფეთქვება, რაც გვქონდა, დიდი შეკრებებისა თუ დღესასწაულების გამოძახილი იყო, რომელიც გვქონდა სხვადასხვა რეგიონში. უმორჩილესად გთხოვთ, ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ღონისძიება რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს

"ნაციონალური მოძრაობა", ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბერს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება მოიპოვა, უარს ამბობს უმაღლესი საბჭოს მანდატებზე. "31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია... ჩვენს მხარდამჭერებთან და პარტნიორებთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება - უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რაც გადმოგვცა ხელისუფლებამ", - განაცხადა პარტიის წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს, ბათუმის საარჩევნო შტაბში. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადალახა 5%-იანი ბარიერი და, წინასწარი მონაცემებით, 21-დან 6 მანდატი მოიპოვა. არჩევნების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ პროტესტს უერთდება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა. ხვალ, 3 ნოემბერს, "ხმების დასაცავად" ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ საპროტესტო აქციას ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან. ოპოზიციის პროტესტს ბათუმში უერთდებიან : "ევროპული საქართველო", "ლელო", "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი", "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო". წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმების 48.12%, ნაციონალურმა მოძრაობამ -26.94%. სხვა პარტიებმა 5% - იანი ბარიერი ვერ გადალახეს. 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის გარდა, აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აირჩიეს. 21 დეპუტატიდან, 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში 22 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა.

საუკეთესო იქნება, თუ ყველა, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა - მეთიუ ბრაიზა

ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა შეფასებით არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო; ასევე, კარგია, რომ საარჩევნო ცვლილებები დაინერგა. „არჩევნების შესახებ სხვადასხვა - ეუთო-ს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სხვადასხვა ევროპელი დამკვირვებლის შეფასება წავიკითხე. დასკვნა იყო ის, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა ასევე, შეშფოთება შეეხებოდა კანონდარღვევებს, როგორიცაა დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება და ის უსამართლობა, რომ ერთ პარტიას აქვს დიდძალი რაოდენობის თანხა. ასე რომ, ნათელია, სისტემას კვლავ სჭირდება გაუმჯობესება. სხვათა შორის, მათგან, რაც ვახსენე, ზოგიერთი მათგანი, ასე ვთქვათ, ბევრი წლის განმავლობაში, საარჩევნო პროცესში უკვე საქართველოს ტრადიციების ნაწილია და დრო სჭირდება, რომ ისინი შეიცვალოს - რა თქმა უნდა, ისინი უნდა შეიცვალოს და პროცესისგან გამორიცხული იყოს. კარგი სიახლე ის არის, რომ საარჩევნო ცვლილებები მოხდა და დაინერგა, ახლა უფრო მეტი რეფორმაა საჭირო. ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ყველა ძალიან ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რომ უფრო მეტი სერიოზული დარღვევა არ იყოს, რომელიც შედეგების ვალიდურობას ეჭვქვეშ დააყენებს“, - აღნიშნა ბრაიზამ. მანვე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას ოპოზიციური პარტიების პროტესტის შესახებ და აღნიშნა, რომ მათი ლიდერების ადგილას პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყოდა. „როგორც ვნახე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კანონდარღვევები იმდენად სერიოზული იყო, რომ არჩევნები თაღლითურად ჩატარდა. ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ზოგადად, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, არჩევნები კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი იყო. ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა. ეს ქართულ პოლიტიკასა და დემოკრატიას უფრო კონკურენტულს გახდის, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს მთლიანი ქვეყნის წინაშე, თუ პარლამენტში ასეთი ცვლილება მოხდება. ასევე, ვგულისხმობ, მე რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მქონდეს, რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებდი, რადგან სწორედ ესაა დემოკრატია. მესმის პროტესტი და იმის თქმა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დემოკრატიაში როდესაც პარტიაზეა საუბარი, პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის წინაშე, რომ მათთვის პარლამენტში იბრძოლო. ასე რომ, მე ვიგრძნობდი პარლამენტში შესვლისა და ჩემი ამომრჩევლების ინტერესების გატარების პასუხისმგებლობას. თუმცა მესმის, საქართველო განვითარებადი დემოკრატიული სისტემაა და ყველა ლიდერს შეუძლია, გადაწყვიტოს, როგორ უნდა გააჟღეროს თავისი პროტესტი“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

The Wall Street Journal-ი: პენტაგონმა აშშ-ის სამხედრო ატაშეების გამოცვლა დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში სამხედრო ატაშეების გახმობა და უფრო დაბალი რანგის ოფიცრებით მათი შეცვლა დაიწყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის კანონის მიხედვით, რომლის თანახმად, პენტაგონმა 2022 წლის დეკემბრისთვის 110 გენერალი და ადმირალი უნდა შეამციროს. თავდაცვის მინისტრის 24 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, ვაშინგტონმა თანამდებობაში ჩამოაქვეითა სამხედრო ატაშეები რვა საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირე ქვეყანაში - მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საუდის არაბეთსა და თურქეთში. დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი იმ ქვეყნის საელჩოებიდან, სადაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიან ჯიჰადისტური დაჯგუფებები, სამხედრო დიპლომატები მთლიანად გაიწვიეს. რესურსების გადანაწილების კიდევ ერთი მიზეზია რუსეთისა და ჩინეთის შეკავება. დეტალებს არ იტყობინებიან. The Wall Street Journal-ის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. კრიტიკოსთა თქმით, ამ მოქმედებების შედეგად მოსკოვი და პეკინი გააფართოებენ გავლენას აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

ედვარდ სნოუდენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა. „მშობლებთან მრავალწლიანი განშორების შემდეგ მე და ჩემს ცოლს არ გვსურს ჩვენს ვაჟთან განშორება. ამიტომ პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების ეპოქაში შეგვაქვს განცხადება რუსეთ-ამერიკის ორმაგ მოქალაქეობაზე“, - დაწერა სნოუდენმა. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე ლინდსი მილსი „ამერიკელებად რჩებიან“ და ვაჟს აღზრდიან „ამერიკული ღირებულებების მიხედვით, რომლებიც ჩვენ გვიყვარს, მათ შორისაა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება“. სნოუდენმა 2013 წელს მიიღო რუსეთში თავშესაფარი მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა საიდუმლო მონაცემები სპეცსამსახურების მხრიდან მასობრივი ელექტრონული თვალთვალის პროგრამის შესახებ. სნოუდენი აცხადებს, რომ რუსეთში უნებლიეთ აღმოჩნდა - ის ჰონგ-კონგში მიფრინავდა მოსკოვში გადაჯდომით და გზაში შეიტყო, რომ მისი ამერიკული პასპორტი გაუქმებული იყო, სამშობლოში კი დევნა ელოდა. 2014 წელს სნოუდენმა რუსეთში დროებით ცხოვრების უფლება მიიღო. სხვადასხვა ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ რუსეთში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. სნოუდენი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების მომხრეა, რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა ამის შემზღუდავი ზომებისთვის. ადრე ცნობილი გახდა, რომ სნოუდენმა აშშ-ის ხელისუფლებას დაუთმო 5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც მან მიიღო თავისი წიგნის გაყიდვისა და ამასთან დაკავშირებული გამოსვლების გზით. აშშ-ში სნოუდენს წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება და მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

ახალი ზელანდიის პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. მედიის ინფორმაციით, ჯესინდა არდერნმა განაცხადა, რომ ქვეყანას „წარმოუდგენლად მრავალფეროვანი“ მთავრობა ეყოლება. პრემიერ-მინისტრმა თავის მოადგილედ ფინანსთა ყოფილი მინისტრი გრანტ რობერტსონი დაასახელა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტსაც შეინარჩუნებს. ქვეყნის საგარეო მინისტრის თანამდებობას ნანაია მაჰუტა დაიკავებს, რომელიც „მაორის“ საზოგადოების წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ მას ნიკაპზე „მაორის“ ტრადიცული სვირინგი აქვს. ჯესინდა არდერნმა პარლამენტარი, „მწვანეთა პარტიის“ წევრი ჯეიმს შოუ კლიმატის ცვლილების მინისტრად დანიშნა, აღნიშნული პარტიის კიდევ ერთი კანონმდებელი მარამა დავიდსონი კი ოჯახური და სექსუალური ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. ახალი მთავრობის ფიცის დადების ცერემონია მიმდინარე კვირის პარასკევს გაიმართება. შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში არჩევნები 17 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ჯესინდა არდერნის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 49 % მიიღო.

თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა გადაიდო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ელი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

ევროპული საქართველო უარს ამბობს, შევიდეს პარლამენტში და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში, სადაც მათი ორი კანდიდატი, შალვა შავგულიძე და ელენე ხოშტარია გადავიდა. პარტიის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. "არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბებული სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუსი და ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის აბსოლუტურად მკაფიო, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება". – თქვა დავით ბაქრაძემ. ევროპული ასქართველოს ლიდერის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი, ვინაიდან მათი პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა არჩევნებში მონაწილეობასა და პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ მისივე განმარტებით, დღეს საქმე აქვთ სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და იმედი დაიტოვა, რომ მათგანაც მალე მოისმენენ სამოქმედო გეგმას.

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები იზოლაციაში გადადიან

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა. თვითიზოლაციაში უკვე გადასულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. კორონავირუსი პრემიერის დაცვის თანამშრომლებს დაუდასტურდა.

ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის“ გამო, პარლამენტში ჯამში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს

“ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ხმების 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს - ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს. აქ ე.წ. “ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა კი იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება. რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.

საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 42 579. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419. სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ფაუჩის „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებს, სადაც მან საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს სერიოზულად უყურებს, დონალდ ტრამპს კი ქვეყნის გახსნა სურს, რაც საფრთხის შემცველია. ფაუჩის კომენტარებმა თეთრი სახლის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ისინი ფაუჩის ბრალს მიკერძოებაში სდებენ.

ევროპარლამენტარები პირველი ტურის შემდეგ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებენ

გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ხელს დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიულარდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ. ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლო, თუმცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას “ევროპული დიპლომატიური ზედამხედველობის“ 70 გუნდი თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით შეუერთდა. „ჩვენ ყურადვიღებთ, რომ არჩევნები შეფასდა კონკურენტულად და მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტები და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარი წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს“, - ნათქვამია კომუნიკეში. ევროპის პარლამენტის წევრები ასევე დასძენენ, რომ კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინტერესი კი ამ არჩევნების პოზიტიური ნაწილი იყო. ამას გარდა, ევროპარლამენტარები აგრეთვე აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში ისევ პოლარიზებული რჩება. „დღეს, პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

ბელარუსში სამართალდაცავებმა 201 დემონსტრანტი დააკავეს

მინსკში, გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდაცავებმა 221 დემონსტრანტი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, დედაქალაქში ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ქუჩებში გამოსული მოქალაქეები, რომლებიც სკანდირებენ : „ჩვენ გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“ შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 962 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 1000-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, აქედან 43-ის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აჭარბებდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით მაშველებმა, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან დაახლოებით 58 საათის გასვლის შემდეგ, ქალაქ იზმირში ნანგრევებიდან 14 წლის გოგონა ამოიყვანეს და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, გასული კვირის პარასკევს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ. მანამდე გიორგი გახარიაm Facebook-ზე დაწერა, რომ დაცვის თანამშრომელთან ხანგრძლივი კომუნიკაციის გამო პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ადანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ WHO-ს დირექტორმა Twitter-ზე დაწერა. როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, მას ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან. "დადგინდა, რომ ვარ კონტაქტი იმ პირისი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს. ყველა წესების დაცვით გადავედი თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას", - წერს გებრეიესუსი.

პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, ცესკომ კი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბერი) უნდა დაადგინოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რა ვადაც მაქსიმუმ 20 დეკემბრამდეა. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, საკუთარ ვებ-გვერდზე შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. შემაჯამებელ ოქმს ცესკო ასევე “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც მას ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით უნდა იყოს წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისიწინებს. ამასთან, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტი კვლავ შერეული - 120/30-ზე სისტემით ფორმირდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება. ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - “გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება: “ქართული ოცნება“ (48.15%) - 61 მანდატი “ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ (27.14%) - 34 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ევროპული საქართველო“ (3.78%) - 4 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ლელო“ (3.15%) - 4 მანდატი “პატრიოტთა ალიანსი“ (3.14%) - 4 მანდატი “სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) - 4 მანდატი “გირჩი“ (2.89%) - 3 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1.33%) - 1 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ლეიბორისტული პარტია“ (1%) - 1 მანდატი