ახალი ამბები

თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ყველა მანდატს დათმობს და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე. მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ საზოგადოება წყვეტს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტია ან ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი. "თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მონაწილეობის მიღებაზე და მუშაობაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან". - ამბობს თალაკვაძე. ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, ქართულ ოცნებას 48.28% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 26.57%, ევროპული საქართველო – 3.79%, ლელო – 3.25%, პატრიოტთა ალიანსი – 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%, გირჩი – 3.03%, მოქალაქეები – 1.38%, ლებორისტული პარტია – 1%. ყველა სხვა პარტიას 1%-ზე ნაკლები აქვს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და პარლამენტთან აქციას მართავენ. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ. პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად, აქციას გამართავდნენ.

პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ქვეყანაში 4 ნოემბრიდან დაწესდება. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. მისი თქმით, კარანტინის წესები 121 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონსა და პორტოსაც მოიცავს. აღნიშნული არეალი ჯამში პორტუგალიის მოსახლეობის 70%-ს მოიცავს, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პორტუგალიაში კორონავირუსის 140 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები წარადგინა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) პრესკონფერენციაზე, ODIHR-ის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა, საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები წარადგინა. OHIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და უშუალოდ არჩევნების დღის გარდა შეაფასა წინასაარჩევნო გარემოც. ჯილიან სტირკის თანახმად არჩევნების ტექნიკური ასპექტები სათანადოდ იყო ორგანიზებული. სტირკმა აღნიშნა, რომ არჩევნების ადმინისტრირებაში დომინირებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნდობაზე. "ტექნიკური ასპექტები იყო ეფექტურად ორგანიზებული. როგორც აღვნიშნეთ, ცესკომ დააკმაყოფილა სამართლებრივი ვადები, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული იმ ღია რეგულარულ სესიებზე, რომლებსაც ცესკო მართავდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლობა დომინირებდა არჩევნების ადმინისტრირებაში, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. ამას ჰქონდა უარყოფითი გავლენა საზოგადოების მხრიდან არჩევნების დამოუკიდებლობის აღქმაზე." - თქვა ჯილიან სტირკმა. ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიია აქტიურად ხვდებოდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მისიის ხელმძღვანელი ასევე შეეხო ამომრჩევლების დაშინების შესახებ ბრალდებებს. "ჩვენ მოვისმინეთ დიდი რაოდენობით ბრალდებები, კამპანიის დროს ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. ჩვენს მიერ არჩევნების დღეს მონახულებულ საარჩევნო უბნების გარკვეულ რაოდენობაზე ჩვენ, როგორც ჩვენმა საპარლამენტო პარტნიორებმა, შევამჩნიეთ კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ბევრ საარჩევნო უბანზე ქმნიდნენ დამაშინებელ გარემოს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბრალდებები, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლის შესახებ. [საარჩევნო] პროცესის ეს ელემენტები სამწუხაროა, ვინაიდან ისინი ძირს უთხრიან კონკურენტულ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა ისეთ ადგილას, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში იყო დაცული." ODIHR-ის მისია ასევე აკვირდებოდა საქართველოში მედიას, განსაკუთრებით სამაუწყებლო მედიას. მისიამ შეაფასა შვიდი სატელევიზიო არხის მუშაობა. მისიის შეფასებით მთლიანობაში მედია გარემო საქართველოში არის პლურალისტული, მაგრამ პოლარიზებული.

პარლამენტთან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. პარლამენტის წინ მისული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია. მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერები საერთო გეგმას გააჟღერებენ. ისინი ამასთანავე, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. "თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამ ფორმით მუშაობას არ უნდა შეუდგეს. „არჩევნების შედეგზე მოახდინა გავლენა იმ გაყალბებებმა, იმ ძალადობამ, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ის არ უნდა შეუდგეს ამ ფორმით მუშაობას. საპროტესტო აქციები, ბუნებრივია, გაგრძელდება. არ უყვარს ამ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც ქუჩას ახსენებენ, მაგრამ გაიხედონ მთელ მსოფლიოში რა გადაწყვეტილებებს იღებს ქუჩა. რა ხდება ბელარუსში, რა ხდება ყირგიზეთში და როგორ წყდება ურთულესი საკითხები ქუჩის ზეწოლით, როდესაც ხელისუფლება იქცევა უგუნურად. თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა,“- განაცხადა გოცირიძემ.

ტინი კოქსი: საქართველოში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიისას, არადა ქვეყანა ღარიბია

თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას - არადა ქვეყანა ღარიბია, ეს საფრთხეს ქმნის! - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტინი კოქსმა განაცხადა. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები თავისუფლი იყო, თუმცა ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით. „მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა. თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა, ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არაა დაწესებული, ეს საფრთხეს ქმნის. ამიტომ, ევროპის საბჭო და ოდირი ხშირად ითხოვს, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხა და როგორ იხარჯებოდა, ასევე რაღაც დონეს რომ არ გადააჭარბებს. საბოლოო ჯამში, მოსალოცია, რომ არჩევნები მშვიდობიანად გაიმართა, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე და მაინც ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით“, - განაცხადა კოქსმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

ოცნება - 48,13%, ენმ - 26,84%, - დათვლილია უბნების 91.81%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 91.81% - 3 532 უბანი. მონაცემების მიხედვით: ქართულმა ოცნებამ ხმების 48,13% მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 26,84% ევროპული საქართველო - 3,79%; პატრიოტთა ალიანსი - 3,19% ლელო - 3,21% სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15% გირჩი - 2,99% ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,36% ლეიბორისტული პარტია - 1% ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

"ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან", - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას. „2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. “ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან“, - აღნიშნავენ „ლელოში“. არჩევნების ლეგიტიმაციაზე უარს ამბობს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან. „ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! - მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზემოქმედებას, ძალადობას ახდენენ მოქალაქეებზე. ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,“- განაცხადა ვაშაძემ. შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და აღნიშნვს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. "არჩევნები იყიდეს, ჩაატარეს შანტაჟით, გაყალბებით. ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ არჩევნები ლეგიტიმურად იყოს ცნობილი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი უნდა დაისვას და უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები. ის ვაჭრობა, რომელიც მიდის ხელისუფლების მხრიდან, ნახევარ პროცენტს მოგიმატებენ თუ ერთ მანდატს, თუ ჩვენ ამაში შევყვებით ხელისუფლებას, ჩვენც ვაჭრობის ისეთივე მონაწილეები ვიქნებით, როგორც ხელისუფლების წევრები არიან. პირადად არაფერზე გაჩუმებას არ ვაპირებ. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადმოგდებულ ერთ ან ორ მანდატს ჩემი პრინციპები შევალიო. შევახსენებ, რომ პარლამენტის წევრის სავარძელი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დავთმე საკუთარი პრინციპების დასაცავად. ჩემი აზრით, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილს არჩევნები გავუფორმეთ, საქართველოში არჩევნები საერთოდ აზრს დაკარგავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. გლდანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი თავისუფლებისთვის ბრძოლაა. „შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყოფს არანორმალურ დანაშაულებს. ყველა ოლქში კარგად ვერ ვადევნე თვალი რა ხდებოდა, რადგან გლდანის ოლქში მქონდა ომი. ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ან ღირსების სამუდამო შელახვაა ან ღირსების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - აცხადებს მელია. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დღეს რუსთაველზე, პარლემენტის წინ იკრიბება და ამომრჩეველსაც მისვლისკენ მოუწოდებს. ცესკოს მონაცემებით, 16:00სთ-ისთვის დათვლილია ხმათა 97.09%.

პრეზიდენტი - საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები

საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებს. მისივე შეფასებით, მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს. „ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, ძალიან საამაყოა მათ მიერ საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება. ჩვენ შევძელით, არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც მეტწილად პროპორციული გახდა. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ხოლო ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფს პარლამენტის უფრო მეტ მრავალპარტიულობას და გაუმჯობესებულ გენდერულ ბალანს. ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა ვუთხრა ცესკოს, მის წევრებს, მის თავმჯდომარეს და ყველა იმ ადამიანს ვინც საარჩევნო ადმინისტრაციაში ურთულესი პანდემიის პირობებში ზრუნავდა არჩევნების უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე. ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა. და ბოლოს, 31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!“, - აცხადებს პრეზიდენტი.

საია - საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე

საია-ს შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების შესახებ გავრცელებულ შემაჯამებელ შეფასებაშია აღნიშნული. საია-ს განცხადებით, დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. „ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით. კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა: ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას დროს თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას უშლიდა ხელს); ფარულობის პრინციპის დარღვევას: მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემას და არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებას და ხმის მიცემას; გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს: არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე; საია-ს ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევებში დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას საარჩევნო უბანზე. 2 დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი. საია-ს დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები, რომელიც საია-მ უარყოფითად შეაფასა, ხოლო შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხვევები). ტენდენცია იყოს საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას. დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნის დახურვის შემდეგ პერიოდშიც. ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდება. ხშირ შემთხევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია დაულუქავად მიდიოდა. საია-მ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც ამომრჩეველში მანიპულაციის შეგრძნება გააჩინა. საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ისე არჩევნების დღეს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. საბოლოოდ მისიამ საერთო ჯამში 2250 უბნამდე დაფარა. საია ყურადღებას ამახვილებდა როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს უწევდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც იყენებდა საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში. არჩევნების დღეს საია-ში ასევე მუშაობდა ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ქონდათ, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20 არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია-მ დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენცია ჩაატარა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია გაიმართა: 10:00, 14:00, 18:00 და 21:00 საათზე. ხოლო 1-ელ ნოემბერს - 12:30 საათზე. საია-ს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს“,-აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ენმ საარჩევნო კომისიებიდან თავის წევრებს გამოიწვევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია 2 ნოემბერს საარჩევნო კომისიებიდან თავის წევრებს გამოიწვევს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან კომისიის წევრებს მიმართა, არ მოაწერონ ხელი გაყალბებულ ოქმებს. "ახლა მიმდინარეობს ოცნების მიერ სრულად გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმების მცდელობა. კომიისის წევრებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს, ეს არის დაცინვა საზოგადოების. ჩვენ მივეცით ინსტრუქცია ჩვენს წევრებს, ხელი არ მოაწერონ არც ერთ მსგავს ოქმს ზეწოლის და მუქარის შემთხვევებშიც. ხვალიდან ოფიციალურად გამოვიწვევთ კომისიის წევრებს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიისთვისაც" - განაცხადა სამადაშვილმა. ენმ-ის ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მიიყვანოს ბოლომდე "მასზე დაკისრებული მისია" და ქვეყანა დასავლური განვითარების გზას საბოლოოდ ჩამოაშოროს. "არავის ეგონოს, რომ გუშინდელი გაყალბება მოხდა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, არა, ეს არის არჩევნები, რომელიც გაყალბდა სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ გზის ჩასაკეტად დასავლეთისკენ. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გრძელი რიგებისა და გართულებული გარემოს მიუხედავად, მაინც მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ ხმა მიეცით ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებას, თქვენ გუშინ გითხრეს, რომ თქვენი ხმა არავის აინტერესებს, ხართ უუფლებო ადამიანები, თქვენი ღირსება ფეხქვეშ გათელა თამარ ჟვანიამ. თქვენ გითხრეს, რომ ხართ არარაობები და არავინ გეკითხებათ სახელმწიფოს მომავალს" - განაცხადა სამადაშვილმა. ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა მოუწოდა მოქალაქეებს, 16:00-ზე პარლამენტთან მივიდნენ. "ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება, არც ერთი მოქალაქე, ვისაც აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, ამას არ მოითმენს და არ შეარჩენს ივანიშვილს" - ამბობს სამადაშვილი. ოპოზივიონერის თქმით, მათ უკვე აცნობეს თავიანთი პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, მოითხოვეს შეხვედრა დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. "მაგრამ მათაც, მათ შორის, უნდა გაიგონ თქვენი ხმა, ამიტომ, მოდით 4 საათზე პარლამენტთან" - მიმართა სამადაშვილმა ამომრჩეველს.

1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - 1 ნოემბრის მონაცემები

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 86, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 187, კახეთში - 57, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 046, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი - 503, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი - მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 77. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო 826 - თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში-1 430. სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 748 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში - 12 748, იმერეთში - 3 927.

ავღანეთში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - თავდაცვის სამინისტრო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველომ” გაიმარჯვა - №1 - ბაგრამის საავიაციო ბაზა - 93% (697 ხმა); №2 - მაზარ-ი-შარიფი - 84,7 % (111 ხმა). ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა და საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სულ 12 კანდიდატი იბრძვის. მედიის ინფორმაციით, მათ შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ პრეზიდენტ იგორ დიდონსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს აქვთ. ბოლო კვლევების მიხედვით, იგორ დიდონს ამომრჩეველთა 20% უჭერს მხარს, მაია სანდუს კი 18%. მოლდოვას კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

„ქართული ოცნება“ - 48.8%, „ნაციონალური მოძრაობა“ 26.07% - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.07 % აქვს. სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2556 უბანზე და შედეგები პარტიებზე ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.8 % "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" - 26.07 % "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" -3.79 % "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.23% "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.14 % „ლელო - 3.23 % „გირჩი“ - 2.99 % „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.38 % "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,03 % "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" - 0.85 %

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში. უფრო კონკრეტულად, თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია: #1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი: ბექა ოდიშარია - 47.72% შალვა შავგულიძე - 28.84% #2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი ნოდარ ტურძელაძე - 42.18% ელენე ხოშტარია - 35.89% #3 საბურთალოს რაიონი დავით სერგეენკო - 44.99% ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63% #4 ისნის რაიონი კახა კახიშვილი - 47% ხატია დეკანოიძე - 25.45% #5 სამგორის რაიონი სოზარ სუბარი - 46.61% ლევან ხაბეიშვილი - 38.23% #6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი გია ვოლსკი - 44.31% ანა დოლიძე - 20.04% (დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%) #7 ნაძალადევის რაიონი მიხეილ ყაველაშვილი - 45.67% შალვა ნათელაშვილი - 25.23% #8 გლდანის რაიონი ნიკა მელია - 43.94% ლევან კობიაშვილი - 42.68% რაც შეეხება რეგიონებს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია: #10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44% გიორგი ბოტკოველი - 40.69% #12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი ნინო ლაცაბიძე - 49.03% დავით კირკიტაძე - 30.13% #16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი ზაალ დუგლაძე - 48.32% ნატო ჩხეიძე - 31.05% #23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი ზაზა ლომინაძე - 39.93% გრიგოლ ვაშაძე - 36.5% #28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი რესან კონცელიძე - 41.01% ლევან ვარშალომიძე - 35.94% #27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი ირაკლი ჩიქოვანი - 46,14 % მალხაზ ჯალაღონია - 37,97 % შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 150 დეპუტატს შორის 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.

არჩევნებზე გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო. გარდა ამისა, საბანაძის თქმით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე. “სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში პუბლიკას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სსკ-ს 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, 39-ე და მე-40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ №78 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა საბანაძემ. მისივე თქმით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

„ევროპათაიმმა“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უცხოური მედიის მიმოხილვა მოამზადა

ბრიტანული სააგენტო Reuters-ი საქართველოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ევროპათაიმი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა ოთხი ეგზიტპოლის შედეგი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. მაგრამ უცნობია, მოახერხებს თუ არა ერთპარტიულად მთავრობის დაკომპლექტებას საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია. „ჩვენ გავიმარჯვეთ! დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს ხმა მისცა ”, - წერს პრემიერ-მინისტრი Facebook-ზე. ყველა გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ნაციონალური მოძრაობა), მაგრამ პარტიამ მარცხი არ დათმო და თქვა, რომ საერთო ჯამში ოპოზიციამ მიიღო საკმარისი რაოდენობა კოალიციის შესაქმნელად. ყველა გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ მაგრამ განაცხადა, რომ საერთო ჯამში ოპოზიციამ მიიღო საკმარისი რაოდენობა კოალიციის შესაქმნელად. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო არათანაბარი ბრძოლა”, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ. სამთავრობო ტელეარხების დაკვეთით ჩატარებულმა ორმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ 50% -ზე მეტი დააგროვა, ხოლო ოპოზიციური არხების დაკვეთით ჩატარებული კიდევ ორი ეგზიტპოლის შედეგად, „ქართული ოცნება“ 40% -ზე ოდნავ მეტს აგროვებს. კრიტიკოსების თქმით, ივანიშვილი, რომელიც არ იკავებს სამთავრობო პოსტს, კულისებიდან მართავს სამხრეთ კავკასიის 3,7 მილიონიან ქვეყანას. ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნება“, რომელიც ზედიზედ მეორედ მართავს ქვეყანას.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა

საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, „ქართულ ოცნებას“ 54,72 % აქვს. „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23,61 %. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3,99%;ლელო - მამუკა ხაზარაძე - 2,66%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3,34%;გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 2,46%; „გირჩი“ - 1,91%; შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0,92%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 0,73%;მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 0,93%. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.

„ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა, რომელიც მათი დაკვეთით ჩატარდა. შედეგები შემდეგია: ქართული ოცნება - 37,41%; ენმ - 28,96%; ევროპული საქართველო - 10,05%; სტრატეგია აღმაშენებელი - 5,57%; ლელო - 4,58%; ლეიბოსრისტული პარტია - 3,88%; გირჩი - 3,18%; ნინო ბუჯანაძე - ერთიანი საქართველო - 2,59%; პატრიოტთა ალიანსი - 1,29%; ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1,00%; მოქალაქეები - 1,00%სხვა - 0,50%; "როგორც ეგზიტ-პოლებში ჩანს, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამრიგად საჭიროა დავიცვათ თითოეული ხმა მას შემდგე, რაც ოფიციალური შედეგები დაიდება, განცხადებისაგან თავს შევიკავებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია - 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%" , - განაცხადა მიქელაძემ. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მისივე ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა. ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 51.63% იყო. ხმა მისცა 1 814 276-მა ადამიანმა. 2012 წელს კი - 60.8%. ხმა მისცა 2 197 243-მა ადამიანმა.