ახალი ამბები

შეზღუდვები, რომელიც იტალიაში 6 ნოემბრიდან ამოქმედდა

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის შემაკავებელი ღონისძიებების, ახალი განკარგულება გამოსცა. ახალი ნორმები 5 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მოქმედებს, ზომები კი რისკის ზონების მიხედვით განსხვავდება. კერძოდ, სტანდარტული შეზღუდვები ეროვნულ დონეზე (მწვანე ზონა) ასეთია: საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა - 22.00სთ-დან 5:00 საათამდე დასაშვებია გადაადგილება სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო. - მკაცრად რეკომენდირებულია ყველა ფიზიკური პირისათვის, მთელი დღის განმავლობაში, არ იმოგზაუროს საზოგადოებრივი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებებით, გარდა სამუშაოს, სწავლის, ჯანმრთელობის მიზეზებისა. - სავალდებულო იქნება ავტო სერთიფიკატი საღამოს 10 საათის შემდეგ ეროვნული კომენდანტის საათის ფარგლებში. - ავტო სერთიფიკატის მოდული შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ👇 https://www.interno.gov.it/.../modello_autodichiarazione ბარები და რესტორნები - კვების ობიექტების საქმიანობა (ბარების, კაფეების, რესტორნების, სანაყინეების, საკონდიტრო მაღაზიების ჩათვლით) დასაშვებია 5:00სთ-დან 18:00 საათამდე. - 18:00 საათის შემდეგ აკრძალულია საკვებისა და სასმელის მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში; - ნებადართულია სახლში გამოძახების სერვისი საღამოს 10 საათამდე. დისტანციური სწავლების ზრდა - უფროსკლასელებისთვის (scuole secondarie di secondo grado)100% ონლაინ სწავლება. - დიდაქტიკური და საგანმანათლებლო საქმიანობა დაწყებითი კლასებისათვის გაგრძელდება სკოლაში, პირბადეების სავალდებულო გამოყენებით, ექვს წლამდე ასაკის ბავშვების გარდა. ნიღბის ტარება ბავშვებისათვის სავალდებულო იქნება მერხებთან ჯდომის დროსაც. Smart working მკაცრად რეკომენდებულია Smart working-ი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში. ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღონისძიებების გაძლიერება - ადგილობრივი ტრანსპორტისა და რეგიონალური სარკინიგზო ტრანსპორტისთვის დასაშვებია ტევადობა არაუმეტეს 50 პროცენტისა. სავაჭრო ცენტრები დაიხურება შაბათსა და კვირას - სავაჭრო ცენტრები დაიხურება დღესასწაულებსა და წინასადღესასწაულო დღეებში, გარდა სავაჭრო ცენტრებში არსებული აუცილებელი მაღაზიებისა, როგორიცაა აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები თამბაქოს და გაზეთების ჯიხურები. მუზეუმების დახურვა - მუზეუმებისა და სხვა კულტურული ინსტიტუტებისა და ასოციაციების გამოფენები შეჩერებულია. ზომები მაღალი რისკის დონის რეგიონებისათვის (ე.წ. ნარინჯისფერი ზონები) მოძრაობის ლიმიტი - აკრძალულია ნებისმიერი გადაადგილება მაღალი რისკის დონის მქონე ადგილებში (მუნიციპალიტეტებს შორისაც), გარდა სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ბარები და რესტორანები - შეჩერებულია კვების ობიექტების საქმიანობა. - დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი22.00 საათამდე. - სურსათისა და სასმელის მაღაზიები რჩება ღია ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტობანზებზე საავადმყოფოებსა და აეროპორტებში. საპარიკმახეროები და სილამაზის ცენტრები ღია რჩება. ზომები უმაღალესი რისკის დონის რეგიონებისათვის (ე.წ. წითელი ზონები) მოძრაობის ლიმიტი - აკრძალულია ნებისმიერი გადაადგილება მაღალი რისკის დონის მქონე ადგილებში (მუნიციპალიტეტებს შორისაც), გარდა სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო. - ნებადართულია დაბრუნება თქვენს საცხოვრებელ მისამართზე. საცალო სავაჭრო საქმიანობისა და ბაზრების შეჩერება - შეჩერებულია საცალო კომერციული საქმიანობა, გარდა საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მაღაზიებისა. - იხურება ბაზრობები და ბაზრები, გარდა, მხოლოდ საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით. - ღია რჩება საგაზეთო ჯიხურები, თამბაქოს მაღაზიები, აფთიაქები. ბარები და რესტორნები - შეჩერებულია კვების ობიექტების საქმიანობა - დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი22.00 საათამდე. სპორტი - სპორტული საქმიანობა აკრძალულია, მათ შორის, სპეციალიზირებულ სპორტულ ცენტრებში. - დასაშვებია სპორტული აქტივობა ინდივიდუალურად, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაცულ იქნება მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია სხვა პირებთან, რესპირატორული დამცავი პირბადეების გამოყენებით. სკოლა: ბაგა ბაღი, ბაღი და დაწყებითი კლასები - სკოლის გაკვეთილები ჩატარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მხოლოდ საბავშვო ბაღების, დაწყებითი და საშუალო კლასებისთვის. დანარჩენი მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება მხოლოდ დისტანციურად. Smart working - სახელმწიფო დამსაქმებლები ზღუდავენ პერსონალის ყოფნას სამუშაო ადგილზე, გარდა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევებისა, როცა სამსახურში გამოცხადებას საჭიროებს საგანგებო სიტუაციების მართვა. საპარიკმახეროები და სილამაზის ცენტრები ღია რჩება. წყარო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მძიმე პაციენტებიდან თბილისში არის 316, ხოლო აჭარაში - 100. რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ 293 პირს, მათგან თბილისში - 150, აჭარაში კი 94 მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. „2 446 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

სერბეთის პატრიარქს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

სერბეთის პატრიარქს ირინეოსს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბელგრადში, კოვიდ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, პატრიარქს ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერჯერობით არ გამოვლენია და ის თავს მშვენივრად გრძნობს. "რეგულარული ტესტირების ფარგლებში და ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების შემდეგ, ჩატარდა PCR ტესტირება, რამაც სერბეთის პატრიარქს ირინეოსს ახალი კორონავირუსი დაუდასტურა - სიმპტომების გარეშე. მისი უწმინდესობა გადაყვანილია ბელგრადში, კოვიდ სასტუმროში". - წერია განცხადებაში.

მუტირებული კორონავირუსის გამო დანიაში წაულებს მასობრივად გაანადგურებენ

დანიაში წაულებს მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ქვეყანაში 15-17 მილიონ სულ ცხოველს გაანადგურებენ. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტტე ფრედერიკსონმა განაცხადა. მისივე თქმით, წაულებში აღმოჩენილი მუტირებული კორონავირუსი ადამიანებზე ვრცელდება და ანტისხეულების წარმოქმნის უნარს აქვეითებს. გარდა ამისა, მუტაცია წარმოადგენს პრობლემას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის, რომელიც ამჟამად იქმნება. ამ დროისთვის გამოვლენილია 12 ადამიანი კორონავირუსის მუტირებული ვარიანტით ჩრდილოეთ იუტლანდიაში, - განაცხადა ფრედერიკსენმა და დასძინა, რომ ვირუსი შეიძლება, გავრცელდეს არა მარტო დანიის დანარჩენ ნაწილში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ცხოველთა ფერმების მფლობელებს დახმარებას გაუწევენ, - განაცხადა, თავის მხრივ, დანიის სურსათისა და თევზჭერის მინისტრმა მოგენს იენსენმა. დანია წაულას ბეწვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწაროებელია მსოფლიოში. ქვეყანაში ამ მიმართულებით 1139 ფერმა მუშაობს, რომელშიც ჯამში 15-17 მილიონი სული წაულა ცხოვრობს. დანიის ხელისუფლების მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 200-ზე მეტ ფერმაშია აღმოჩენილი, მათგან 67-ში ყველა ცხოველი უკვე გაანადგურეს, - იუწყება "DW". ივნისის დასაწყისში, წაულას ფერმებზე კორონავირუსის აფეთქებების შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების ხელისუფლებამაც.

COVID19: 2 401 ახალი ინფიცირებული, 2 289 გამოჯანმრთელებული, 20 გარდაცვლილი

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 289, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

თბილისის სახელოვნებო სკოლები ხვალიდან დროებით დაიხურება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით შეჩერდება. თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება. „დაინტერესებულმა პირებმა, სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, სახელოვნებო სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენი: გვჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ

ჯო ბაიდენი ამერიკის არჩევნებში თავს გამარჯვებულად ჯერ არ აცხადებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ხმების დათვლის შემდეგ სწორედ ის გაიმარჯვებს. ჯო ბაიდენმა მიმართვისას განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ იწყებენ სამართლებრივ დავებს ზოგიერთ მნიშვნელოვან შტატში, ამიტომ ყველა ხმა უნდა იყოს დათვლილი. „არავინ აპირებს ჩვენი დემოკრატიის წართმევას. როდესაც გავიმარჯვებთ, არ იქნება წითელი და ცისფერი შტატები. უბრალოდ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერებას ითხოვს. ვისკონსინის შტატში კი ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა. დონალდ ტრამპი არჩევნებში თაღლითობაზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს. არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის ხმა უნდა მოიპოვოს. ამ დროისთვის ჯო ბაიდენს 243 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს - 214.

ბაიდენი - 264, ტრამპი - 214, გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. გამოცემა The Guardians -ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაზეც „დემოკრატიული პარტიის“ ადვოკატმა მარკ ელიასმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ იციან, რომ არჩევნები წააგეს. არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დასასრულებლად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს და კვლავაც გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა რელიგიური გაერთიანებების მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა. „იცით, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რათა შევინარჩუნოთ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან და სამწუხაროდ, ერთმანეთს ავტომატის სამიზნეებიდან უყურებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს იყენებენ“ , - განაცხადა პუტინმა. პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეები მიზნის მიღწევას შეძლებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კონტაქტი გვაქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ვიმედოვნებ, შევძლებთ შედეგის მიღწევას, თანაც ისეთ საფუძველზე, რომელიც მისაღებია ყველა ადამიანისთვის, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ“, - აღნიშნა პუტინმა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სულ 48 022 000 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 223 103 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34.5 მილიონამდე პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12.3 მილიონს აჭარბებს. დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ.

აშშ-ს არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება, მიჩიგანსა და ვისკონსინში ახლა ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. უკანასკნელი მონაცემებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის ორ მერყევ შტატში, ვისკონსინსა და მიჩიგანში, სადაც ამ დრომდე დონალდ ტრამპი ლიდერობდა, ახლა პირველ ადგილზე ჯო ბაიდენია. ვისკონსინში დათვლილია ხმების 95%, ჯო ბაიდენს 49.6% (1 630 334 ხმა) აქვს, დონალდ ტრამპს კი 48.9% (1 609 586 ხმა). რაც შეეხება მიჩიგანს, აქ დათვლილია 94%, ჯო ბაიდენს აქვს 49.3% (2 502 185 ხმა), დონალდ ტრამპს კი 49.1% (2 492 118 ხმა). ასევე, კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, ვინ გაიმარჯვა რამდენიმე შტატში . ესენია - ნევადა, (სადაც ბაიდენი ლიდერობს), პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია, (სადაც ტრამპი ლიდერობს). ვისკონსინსა და მიჩიგანში გამარჯვების შემთხვევაში ბაიდენი საარჩევნო კოლეგიაში ზუსტად იმდენ ხმას მოიპოვებს, რაც გამარჯვებისათვის არის საჭირო. პარალელურად, მიმდინარეობს აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები შეინარჩუნებენ. ბოლო მონაცემებით, მათ უკვე მოიპოვეს 189 ადგილი, რესპუბლიკელებს კი ამ დროისათვის 181 ადგილი აქვთ. უმრავლესობისათვის პარტიებს 218 ადგილი სჭირდებათ. რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს. 3 ნოემბერს რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორს ირჩევდნენ. ხელახლა ასარჩევი ადგილებიდან 23 რესპუბლიკელებს ეკავათ, 12 კი დემოკრატებს. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელებმა 17 ადგილი შეინარჩუნეს და ლიდერობენ კიდევ 4 შტატში. დემოკრატებმა შეძლეს რესპუბლიკელების დამარცხება ორ შტატში - კოლორადოსა და არიზონაში. მათ კვლავ გაიმარჯვეს 10 შტატში, თუმცა მარცხდებიან მიჩიგანში, სადაც მოქმედი სენატორი დემოკრატია. მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო ჯორჯიაში.

კიზინგერის შემდეგ, კონგრესში რიში, შაჰინი და მალინიც ხელმეორედ აირჩიეს

აშშ-ის არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მოიპოვეს სენატორებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხშირი შეფასებით გამოირჩევიან. წინასწარი შედეგების თანახმად, კონგრესში საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებენ ადამ კინზინგერი, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში და მარკვეინ მალინი. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც აიდაჰოს შტატს წარმოადგენს, წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზეა ხმათა 62.6%-ით. დიდი უპირატესობით იმარჯვებს ჯინ შაჰინიც, სენატორი ნიუ-ჰემფშირიდან და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი. წინასწარი შედეგებით, მას ამომრჩეველთა 57%-მა დაუჭირა მხარი. რიჩი და შაჰინი არიან გამაფრთხილებელი წერილის ავტორები, რომლითაც მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნისა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. კონგრესში საკუთარ პოზიციას მარკვეინ მალინიც შეინარჩუნებს. ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია ოკლაჰომადან და წინასწარი შედეგებით, 3 ნოემბრის არჩევნებზე ხმათა 75% მიიღო. მალინმა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილს გამოუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ისაუბრა „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“. რიჩის, შაჰინისა და მალინის მსგავსად, კონგრესში კვლავ განაგრძობს საქმიანობას ადამ კინზინგერი. ის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი წევრია ილინოისიდან და ამომრჩეველთა 65%-იანი მხარდაჭერით მეექვსედ აირჩიეს აღნიშნულ პოზიციაზე. კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ხშირად ეხმიანება. ის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:04 საათზე, საჩხერესთან, სოფელ ხარისთვალთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავე 3.5(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში იტალიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოაწერა. კომენდანტის საათი ყოველ დღე 22:00 საათიდან 5:00-მდე იმოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში დაიხურა მუზეუმები, სკოლებში უფროსკლასელები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებს. ქვეყნის რეგიონები რისკის სამ ზონად დაიყოფა: დაბალი, საშუალო და მაღალი. მაღალი რისკის ზონებში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს, მათ შორის, რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა. ახალი შეზღუდვები ძალაში 4 ნოემბერს შედის და სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება. კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში შეზღუდვები გასულ კვირასაც გამკაცრდა. დაიხურა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები. გარდა ამისა, საღამოს 6 საათიდან იხურება ბარები და რესტორნები. პანდემიის დაწყებიდან იტალიაში ვირუსით დაავადდა 759 829 ადამიანი, გარდაიცვალა - 39 412.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3409 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0421 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8586 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0456 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს - მიხაელ ზიბერტი

საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისივე თქმით, გერმანია საქართველოსგან არჩევნების მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ელოდება. „საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იქნება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით უნდა გამოსწორდეს,“ – წერს გერმანელი დიპლომატი.

ლატვიამ საქართველოში რეგულარული ფრენები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეაჩერა

საქართველოში ლატვიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ლატვიასა და საქართველოს შორის დანიშნული ფრენები აღარ განხორციელდება. "ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსა და ლატვიას შორის ფრენები დანიშნული არ არის. ლატვიის მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად დანიშნულია ფრენები 3 და 5 ნოემბერს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბრიდან ლატვიაში ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევდათ. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისზე კვირაში ერთ ფრენას შეასრულებდა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია საქართველოში ფრენებს 4 ოქტომრიდან განაახლებდა. უკანასკნელი განცხადების შემდეგ ეს ფრენები გაუქმდა.

სალომე სამადაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. სამადაშვილის თქმით, ის ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

NGO-ები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება

25 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება". მათი აზრით, "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო". ისინი აღნიშნავენ, რომ "არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის". განცხადების ხელმომწერები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია (GYLA), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), კავშირი საფარი, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს მედია-კლუბი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC), რეგიონის განვითარების ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), სამოქალაქო ინიციატივა, სათემო ფონდი ლელი, სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი. "წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537 ადამიანი. უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.