ტექნოლოგიები

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი შექმნეს

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი, რომელიც მათი თქმით, ვირუსისგან ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს. სპრეი ცხვირის ღრუში იჭერს და ბოჭავს ვირუსს, შესაბამისად ხელს უშლის მის ორგანიზმში გავრცელებას. სპრეის ბლანტ საფარში გახვეული ვირუსი ორგანიზმიდან ცხვირის მოწმენდის გზით ან გადაყლაპვით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით გამოიდევნება. ამას გარდა, თუ ხველის ან ცემინების შედეგად სპრეის მიერ შებოჭილი ვირუსი სხვა ადამიანს გადაეცა, ძალიან მცირეა ამ ადამიანის ვირუსის აქტიური ნაწილაკებით დაინფიცირების ალბათობა. მკვლევარები ფიქრობენ, რომ სპრეის კომერციალიზაცია საკმაოდ მალე დაიწყება.

Amazon-მა ონლაინაფთიაქის მომსახურება დანერგა

Amazon-მა საკუთარი ონლაინაფთიაქის მომსახურება დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინოს რეცეპტით დანიშნული პრეპარატები. სერვისის მისაღებად მომხმარებლებმა უნდა წარმოადგინონ რამდენიმე ძირითადი ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ამაზონი Prime-მომხმარებლებს ფასდაკლებას შესთავაზებს გარკვეულ მედიკამენტებზეც. კომპანიის ახალი ინიციატივა მონაცემების პრივატულობაზე ეჭვს ბადებს, რადგან ამაზონმა 2018 წელს შეიძინა ონლაინაფთიაქების გიგანტი - “Pillpack”-ი, რის გამოც გაჩნდა ეჭვი კლიენტების მონაცემების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. ამაზონი პრივატულობის პრობლემაზე განმარტებას BBC-სთან აკეთებს: „Pillpack-ის მონაცემები არ იქნება სხვებისთვის ხელმისაწვდომი და არც რეკლამის დროს იქნება ნებადართული მათი გამოყენება“. ამ ეტაპზე ონლაინგაყიდვების გიგანტის ახალი სერვისი მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია ამ მხრივ გაფართოვებას გეგმავს და აპირებს. შევიდეს კანადის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზეც.

New York Times: ჩინეთის შავ ბაზარზე Covid-19-ის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია

ჩინეთში ახალი რეალობაა, ხალხს შესაძლებლობა აქვს, ვაქცინა შავ ბაზარზე შეიძინოს. ამის შესახებ სტატია New York Times-მა მოამზადა. მოსახლეობა საათობით დგას რიგში ვაქცინის მისაღებად. გადამყიდველების წყალობით, ისინი პრეპარატს ყიდულობენ. ფარმაცევტულ კომპანიებთან დაახლოებული პირისგან შესაძლებელია ერთი ინექციის შეძენა $600-დან $1500-მდე. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა საბოლოოდ არ არის შემოწმებული, მოსახლეობა მაინც ყიდულობს პრეპარატს“, - წერს NY Times-ი. ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან ორმა უკვე განაცხადა საკუთარი პრეპარატის შესახებ და მათივე თქმით, ვაქცინა 90%-თ წარმატებულია, თუმცა წამლის ხელმისაწვდომობა და ხალხის თანხმობა ინექციაზე საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყნის ვაქცინების ოთხი კანდიდატიდან სამმა მიაღწია მესამე ფაზას. საცდელი პერიოდები ჯერ არ დასრულებულა - მიუხედავად ამისა, პეკინი მოითხოვს პრეპარატის სწრაფ გამოშვებას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთში დღეს 12 იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა. ზოგიერთი ცნობით, ჩინეთი, სადაც ინფექციამ პირველად იფეთქა, მონაცემებს მალავს. მედიამ რამდენიმე დღის წინ ისიც დაწერა, რომ ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს და მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ ედება. მან გაავრცელა ცნობები ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც.

ვაქცინები კოვიდის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიო ტესტავს: „ევროპათაიმის“ სტატია New York Times-ის მიხედვით

„ბრძოლა Covid-19-ის ვაქცინის პერველობისთვის“, - ამის შესახებ სტატიას New York Times-ი აქვეყნებს, რომლის თარგმანს Europetime გთავაზობთ. ვაქცინებს, როგორც წესი, მრავალწლიანი გამოკვლევა და ტესტირება სჭირდება, მაგრამ მეცნიერები იბრძვიან იმისთვის, რომ მომავალ წელს გვქონდეს უსაფრთხო და კლინიკურად გამოცდილი ვაქცინა. ამ ეტაპზე 54 ვაქცინაა კლინიკური ცდების ეტაპზე, ხოლო დაახლოებით 87 პრეკლინიკურ ტესტირებას გადის და ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე მოწმდება. ვაქცინის შემუშავება იანვარში დაიწყო, პირველი ტესტირება კი ადამიანებზე - მარტში. ამ დროისთვის 12-მა მიაღწია ტესტირების საბოლოო ეტაპს. ბუნებრივია რამდენიმე ვერ მიაღწევს შედეგს, ზოგის ტესტირების პასუხი უბრალოდ ბუნდოვანი იქნება და ამიტომაც, ზოგს არ გამოიყენებენ. ვაქცინას შეუძლია ინფექციის პრევენცია, თუმცა მას არ შეუძლია უშუალოდ ინფექციისგან განკურნება. მოწინავე პოზიციაზეა ამერიკული კომპანიის, Moderna-ს ვაქცინა, რომელიც მესამე ფაზაშია და მის კლინიკურად დამტკიცებამდე რამდენიმე თვე გვაშორებს. Moderna-პრეპარატი ჯერჯერობით ყველაზე ეფექტურია და 94,5%-ს შეადგენს მისი შედეგი ვირუსთან ბრძოლაში. Pfizer-ი და BioNTech-ი მეორე პოზიციას იკავებენ. ისინი მეორე და მესამე ფაზებში არიან, დააანონსეს, რომ მათი პრეპარატი, ამ ეტაპზე, 90%-ით ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში. ივლისში ინდოელმა ვაქცინის მწარმოებელმა Zydus Cadila-მ დაიწყო დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინის ტესტირება, მათ 6 აგვისტოს დაიწყეს მეორე ეტაპის ტესტირება და მალევე გეგმავენ მომდევნო ფაზაზე გადასვლას. ჩინურმა სამედიცინო გიგანტმა CanSino Biologics-მა შეიმუშავა ვაქცინა, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, ისინი მაისის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებზე ცდიან პრეპარატს, მათივე განცხადებით, შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. ვაქცინა 25 ივნისს, ერთი წლით, როგორც „სპეციალურად საჭირო პრეპარატი“ დაამტკიცეს. 11 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, რომელსაც Sputnik V ეწოდა, მაშინ როდესაც მე – 3 ფაზის კვლევებიც არ იყო დაწყებული. ვაქცინის ექსპერტებმა ეს ნაბიჯი სარისკოდ შეაფასეს და მოგვიანებით რუსეთმაც უარყო განცხადება და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი დამოკიდებული იქნება მე -3 ფაზის საცდელ დადებით შედეგებზე. სხვა ქვეყნებთან ერთად ჩრდ. კორეაც აქტიურადაა ვაქცინის ძიებაში ჩართული. კერძოდ კი, 18 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა სახელმწიფო კომისიამ გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს კლინიკური გამოკვლევები ვაქცინაზე კორონავირუსის ცილების ნაწილის საფუძველზე. ძნელია დამოუკიდებლად დაადგინო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „იზოლირებული დიქტატურის განაცხადი“. კომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინა ცხოველებზე გამოსცადეს,თუმცა მონაცემები არაა საკმარისი სიმართლის დასდგენად. უფრო მეტიც, მასში ნათქვამია, რომ ვაქცინის ეფექტურობისთვის სხვა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ტესტირება, რადგან „ჩრდილოეთ კორეაში Covid-19 არ არსებობს“.

სოლომონის კუნძულები Facebook-ის აკრძალვას გეგმავს

Independent-ი წერს, რომ მთავრობა სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში ტაივანის მხარდაჭერის გამო. Solomon Times-ის თანახმად, კომუნიკაციების მინისტრმა Facebook-ი დაადანაშაულა მისი კოლეგების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო. სოლომონის კუნძულების მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოაქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას სოციალური მედიის გიგანტის აკრძალვის შესახებ. სოლომონის კუნძულებმა გასული წლის სექტემბერში, ტაივანის (კუნძული კონტინენტური ჩინეთის მახლობლად) აღიარება შეწყვიტა და ოფიციალურად პეკინის მთავრობა აღიარა. ტაივანი დეფაქტო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ აღიარებენ ჩინეთი და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა.

იაპონიაში კოვიდთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს რობოტი აკონტროლებს და წესების დამრღვევებს შენიშვნებს აძლევს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სახელმწიფომ სოციალური დისტანციის კონტროლისთვის ულტრათანამედროვე ხელსაწყოების გამოყენება დაიწყო. რობოტი სახელად რობოვი (Robovie) დღეიდან მოსახლეობას გააკონტროლებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. რობოვი კიოტოს ტელეკომუნიკაციების საკვლევ ინსტიტუტში შექმნეს, მისი განთავსება კი ქალაქის ფეხბურთის გუნდის ოფიციალურ მაღაზიაში გადაწყდა. კამერითა და 3D ლაზერული სხივით აღჭურვილი რობოტი თითოეულ გამვლელს დააკვირდება და შენიშვნას მისცემს მათ ვინც, სოციალურ დისტანციას არღვებს ან ნიღაბს არ ატარებს სწორად. რობოვის სატესტო რეჟიმში მუშაობს და თვის ბოლომდე გააკონტროლებს პრევენციული ზომების დაცვის ხარისხს. 120,000 დადასტურებული შემთხვევა და 2,000 გარდაცვლილი, იაპონიის მთავრობის სხვადასხვა მიდგომა ბევრ ქვეყანაზე ეფექტურად უმკლავდება მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას. ქვეყნის მიღწევების მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სიფხიზლისკენ და იმედოვნებს, რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში.

BBC: წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს

წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველი ვაქცინა ადამიანებს 90%-ით იცავს. ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს. საქმე ეხება გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-მა და ამერიკულმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივი დამტკიცებისთვის.

Apple-ი 10 ნოემბერს სპეციალურ ღონისძიებას აანონსებს

Apple-ი 10 ნოემბერს სპეციალურ ღონისძიებას მართავს, თუმცა, არ აკონკრეტებს რას მიეძღვნება ის. როგორც Reuters- წერს, ექსპერტები ელოდებიან, რომ კომპანია ახალ Mac-ის კომპიუტერებს წარადგენს. შეგახსენებთ, Apple-მა გასულ თვეს ახალი iPhone-ები წარადგინა, მანამდე კი სექტემბერში Apple Watch-ი და სხვა პროდუქტები. ხოლო ივნისში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე წარადგენდა ახალ Mac კომპიუტერებს, რომელსაც საკუთარი სილიკონის პროცესორი ექნებოდა. ამგვარად, შესაძლოა, 10 ნოემბრის ღონისძიებაზე სწორედ ახალ კომპიუტერებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან. ცნობისთვის, Apple Silicon Mac-ი იქნება ერთგვარი დასაწყისი კომპანიისთვის Intel-ის პროცესორებიდან საკუთარი პროცესორებზე გადასვლაში. Intel-ი Apple-ს პროცესორებს 2006 წლიდან აწვდიდა. Apple-ის ღონისძიებაზე ახალი კომპიუტერების გარდა, ელოდებიან სხვა ახალ პროდუქტებსაც, მაგალითად AirPod-ის ყურსასმენებს.