თეგი: ალტ-ინფო
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად „ალტ-ინფოს“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა
Europetime-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკარედიტაციაზე უარი უთხრეს. „ალტ-ინფო” გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დღეს, "ალტ-ინფომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. გუშინდელ ბრიფინგზე გადამღები ჯგუფის არშეშვების გამო კი „ალტ-ინფოს“ არხზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს არამარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, აქციაზე დაკავებული "ალტ-ინფოს" წევრები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ
თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან 6 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებული ალტ-ინფოს წევრები და მათი თანამოაზრეები, საერთო ჯამში შვიდი პირი თავისუფალია. აქციის მონაწილეები, გამოკითხვის შემდეგ ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვენენ "ალტ-ინფოს" წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
პარლამენტმა პროცედურული ხარვეზის გამო, „ალტ-ინფოს“ წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროცედურული ხარვეზის გამო „ალტ-ინფოს“ პარტიის („კონსერვატიული მოძრაობის“) წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა. 25 000 ამომრჩევლის სახელით კანონპროექტების წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირებას ითხოვდნენ: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია. მოძრაობის წევრები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითხოვდნენ. კერძოდ, მათი სურვილია აიკრძალოს ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებაც, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს. „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, კანონით აიკრძალოს ისეთი საჯარო ღონისძიებებისა და დემონსტრაციების ჩატარება, რომელთა მთავარ ან ერთ-ერთ მიზანს „მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდა წარმოადგენს“. ამასთან, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვასაც, რომლის დროსაც შესაძლოა, მოხდეს „ომის და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ცნობიღ, იმ მიზეზით, რომ მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი მასალები რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თითოეულ კანონპროექტს თან არ ახლდა განმარტებითი ბარათი, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.
ნინო ლომჯარია: კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება
სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოველენებს უკავშირდება. „2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს. ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა მოქალაქეების ქონებაც. მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ. 2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ სარჩელი განსახილველად მიიღო - GDI სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის. 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები. საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას. თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა. ასევე წაიკითეთ: პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
შსს: მოხდება სამართალდამრღვევების იდენტიფიცირება და დაჯარიმება
პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შესაბამის განცხადებას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - წერია განცხადებაში. პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა
ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებას ითხოვს
ევროპარლამენტში LGBTI პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებასა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს. წერილის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მძლავრად დაიგმოს LGBTIQ-ის საწინააღმდეგო ძალადობრივი თავდასხმა თბილისში, შაბათს, 8 ივლისს. მათი შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო შეკრების, აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც ფუნდამენტური უფლებებია. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი პრაიდზე ამგვარი თავდასხმები აშკარად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც დემოკრატიის არსებითი კომპონენტებია და რომლებიც უნდა დაიცვას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ყველა ქვეყანამ. „საჭირო გახდა ყოველწლიური LGBTIQ Pride ღონისძიების გაუქმება და ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ასობით ძალადობრივი მონაწილე თავს დაესხა ფესტივალის ადგილს 8 ივლისს. საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება და უშიშროება მონაწილეებს და ორგანიზატორებს მყისიერი საფრთხე შეუქმნა. LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრანტების კავშირები ულტრამემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსთან ძალიან შემაშფოთებელია," - წერია წერილში.
"ალტ-ინფოს" ლიდერების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა
თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი მარტინენკო [ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით] დააჯარიმეს. ეს მუხლი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. რაც შეეხება იმავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, [174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას]. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციულად შედგენილ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.
„ალტ-ინფოს“ ლიდერები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მათ პარტია აჩუქეს
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ გამართული აქციის დროს განაცხადა, რომ „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ თანამებრძოლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია „კონსერვატორული მოძრაობისთვის“ ეჩუქებინა. საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილი იყო სანაპიროზე მიმავალი საავტომობილო გზა. იმავე სივრცეში ასობით პოლიციელი მუშაობდა, მათი ნაწილი იცავდა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტთა უსაფრთხოებას. აქციაზე პარტიის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა დაწვეს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები. პარტია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია. პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ პრო-რუსული ალტ-ინფოს „კონსერვატიული მოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სწორედ „ქართული იდეის“ პარტიით გეგმავს. ლევან ჩაჩუა თავმჯდომარეა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. „ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. უღრმესი მადლობა მათ ქმედებისთვის. ამ პარტიას წინა არჩევნებზე მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ რეგისტრაციაც გავლილია, არაფერიც არ იქნება," - განაცხადა მახარაძემ. ბრეგაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა
ზურაბ მახარაძის თქმით, რეესტრმა „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის ინფორმაციით, ცესკომ მათი ახალი პარტიის, „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა. ცესკოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილი, რომლითაც მათ საარჩევნო ადმინისტრაციას აცნობეს, რომ „უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა“. ზურაბ მახარაძემ „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ცესკოს წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საჯარო რეესტრმა წარმოებაში მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ცესკომ პარტია „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა. „ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც „ოცნება“ ,,ქართულ იდეას“ აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ, იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ,“ - აცხადებს ზურაბ მახარაძე. მასალა განახლებადია ალტ-ინფოს პარტია გაუქმდა ბრეგაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა