თეგი: ბალტიის ქვეყნები

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აგრესორმა მაქსიმალური ფასი გადაიხადოს

ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც 24 თებერვალს უკრაინაში იმყოფებოდნენ, კიევი სახმელეთო გზით დატოვეს. ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მინისტრები უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად ჩავიდნენ, ვიზიტით, რომელიც პარასკევამდე უნდა გაგრძელებულიყო. მათთან ერთად ვიზიტს გეგმავდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრიც, თუმცა საჰაერო სივრცე დაიხურა, განუცხადა სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო BNS-ს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია, ეს არის საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, უნდა დავგმოთ ეს რაც შეიძლება მკაცრად, რუსეთს რაც შეიძლება მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის SWIFT-დან გათიშვა და მისი პოლიტიკური იზოლაცია. ჩვენ გვჭირდება, უკრაინელი ხალხის იარაღით, საბრძოლო მასალითა და ნებისმიერი სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერა სასწრაფოდ! იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი, ისევე როგორც ეკონომიკური,  ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა. ამ რთულ მომენტში ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო, ჩვენ ვართ თქვენს ისტორიულ დედაქალაქ კიევში, მხარს გიჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აგრესორმა გადაიხადოს მაქსიმალური ფასი. დიდება უკრაინა! იტალიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ოფიციალური პირები უკრაინას ეწვევიან უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით 23 თებერვალს ეწვევიან

აშშ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარების მიზნით, $180 მილიონს გამოყოფს

$1,5 ტრილიონის ოდენობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტის ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს მოაწერა ხელი, შეერთებულმა შტატებმა ბალტიის ქვეყნებისთვის, ესტონეთისთვის, ლატვიისთვის და ლიეტუვისთვის  $180 მილიონიანი დახმარება დაამტკიცა. „კონგრესის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ჩვენი რეგიონის დაცვის უზრუნველყოფის ერთგულია და მკაფიოდ ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ასევე იწყება ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვიდან“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა. ცნობისთვის, გასულ კვირას რეგიონს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია და ბალტიის სამი ქვეყანა NATO-სა და ამერიკის მხარდაჭერაში დაარწმუნა.

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. „ვიმყოფები კიევში ჩემს ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან. ამჯერად ჩვენ ასევე ვსაუბრობთ აღდგენაზე და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. აყვავებული კიევი გვახსენებს, რომ ქვეყანა მზად არის ნათელი მომავლისთვის“, – წერს ლანდსბერგისი. ამასთან, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბალტიის ქვეყნები NATO-ს წვრთნებს მასპინძლობენ

NATO-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობისა და ეროვნული შეიარაღებული ძალების ორგანიზებით, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში Ramstein Alloy-ის საჰაერო ძალების საერთაშორისო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნები ბალტიის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნების ყოფნას გააძლიერებენ. მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან სწრაფი რეაგირების ხერხებს, მათ შორის კავშირგაბმულობის დაკარგვის შემთხვევაში, ასევე ძებნისთვის და გადარჩენისთვის, ხელში ჩაგდებისთვის საჭირო საბრძოლო მოქმედებებს, საჰაერო მხარდაჭერას და ჰაერში თვითმფრინავების დამატებით გამართვას დაამუშავებენ. Ramstein Alloy-ი ბალტიის ზღვაში საწვრთნელი ფრენების გაგრძელებაა, რომელიც 2008 წლიდან რეგულარულად ტარდება.  

ბალტიის ქვეყნებმა 11 პირს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურს სავიზო სანქცია დაუწესეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომელთაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ანალოგიური აკრძალვის შესახებ წერენ ესტონეთისა და ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა. „უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს,“ - წერს ლანდსბერგისი. „ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ შემაკავებელი ზომები, ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დარღვევებს სჩადის. მშვიდობიანი პროტესტის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება არის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. საპროტესტო აქციის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა არ შეიძლება, შედეგების გარეშე დარჩეს. ასე რომ, მივიღებთ ზომებს, დამნაშავეებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე შემოსვლა ავუკრძალოთ,“ - აღნიშნა თავის მხრივ,  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. ბალტიის ქვეყნები ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "საპროტესტო აქციებს ახშობდა"  

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ. 6 დეკემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ. „ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ,“ - განაცხადა გიტანას ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნები ემხრობიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას: „რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი, - მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ვემხრობი სანქციების დაწესებას ევროპულ დონეზე. მაგრამ თუ ევროკავშირი გამოაცხადებს სანქციებს და შემდეგ ამას ვერ განახორციელებს, ეს სანდოობის დაკარგვას გამოიწვევს, და ჩვენ ეს ნამდვილად არ გვსურს“, - განაცხადა მან. „მზად ვარ, რომ ეს საკითხი წამოვწიო ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე,“ - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, საქართველოში ამჟამინდელი ვითარება „სრულიად განსხვავდება“ 2008 წლის რეალობისაგან: „[2008 წელს] რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში და მოახდინა მისი ოკუპაცია. საზოგადოება ერთიანად აღუდგა წინ ოკუპანტსა და აგრესორს. ამჯერად ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის პირის რიტორიკას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და [ეს განცხადებები] კონსტიტუციასთაინ წინააღმდეგობაში, საქართველოს საზოგადოებასთან წინააღმდეგობაში მოდის,“ - განაცხადა ნაუსედამ. 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და NATO-ს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ - „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის.“ მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. პასუხად 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, სადაც საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ამ გადაწყვეტილების გამო. 5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.