თეგი: ეროვნული გამოცდები
პრემიერის ბრძანება ძალაშია, სპორტსმენები ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლესში ჩაირიცხებიან
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები განისაზღვრა. ტიტულოვან სპორტსმენებს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვა გამოცდის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ამისთვის მათ განათლების მინისტრს გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ. ამასთან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ აღნიშნულ პირს, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება. "ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები: 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი; გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია; დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: მთავრობის დადგენილების პროექტი: საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენები ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან უგამოცდოდ ის სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედალს მოიპოვებენ
2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა სტუდენტი. „2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გასაფორმებლად. აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
დასახელდა სპეციალობები, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მოთხოვნადი იყო
მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, - სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ ის სპეციალობები დაასახელა, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მოთხოვნადი იყო. სოფო გორგოძე: ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა „წელსაც, კონკურსი განსაკუთრებულად მაღალი იყო. ამასთან, მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. ჯანდაცვის მიმართულებაში ვგულისხმობ დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებს“, - განაცხადა გაბუნიამ. 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა
2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და ასევე გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს ეძლევათ. მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. „საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება. აბიტურიენტების საყურადღებოდ: რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე - 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია. ცნობარი აბიტურიენტებისათვის - აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში. „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული! კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. წელს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული. 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
ეროვნული გამოცდები 2023 - NAEC-მა სტატისტიკა გამოაქვეყნა
გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2023 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 300-მა მიიღო, 48 ქულა კი, მხოლოდ ერთმა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.56 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. ინგლისურ ენაში მაქსიმალური (70) ქულა 350-მა აბიტურიენტმა, 65 - კი, ერთმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 % -მა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე. მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური, 51 ქულა 102-მა აბიტურიენტმა, 45 კი - ერთმა მიიღო. წელს მამთემატიკას 14 924 აბიტურიენტი აბარებდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 84.25 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 10.2 -ზე. 2023 წელს ისტორიას 20 714 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან 180-მა მაქსიმალური, 60 ქულა მიიღო, ერთმა კი - 41. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 % -მა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. გეოგრაფიაში გამოცდას 1913 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან მაქსიმალური, 58 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 % -მა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14.75 -ზე. ბიოლოგიაში მაქსიმალური ქულა 2-მა აბიტურიენტმა მიიღო, გამოცდას 3 439 აბიტურიენტი აბარებდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 85.29 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ქიმიის გამოცდა 2 540-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან რვამ მაქსიმალური, 63 ქულა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 80.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე. 601 აბიტურიენტიდან ფიზიკაში მაქსიმალური სამმა აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 69.05 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე. ლიტერატურა წელს 1 144-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან მაქსიმალური, 67 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 93.18 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.82 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ხელოვნება წელს ჩააბარა 269-მა აბიტურიენტმა, აქედან მაქსიმალური – 67 ქულა მიიღო ერთმა, კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 7.43 % -მა.
წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. გარდა ამისა, წელს, ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი - 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 1-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის ეროვნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება. „ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ საქართველო ჩამოყალიბდება უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან0წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, ყველა უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ჩართული ამ პროცესში და ყველა გადაწყვეტილებას ინკლუზიურად ვიღებ. შევჯერდით, რომ იყოს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა არსებულ 4 წლიანთან ერთად. საზოგადოებას და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება. მას შეუძლია ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებენ. არ იზღუდება არც ოთხ წლიანი, მაგრამ შესაძლებლობას ვხსნით, რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაც იყოს. პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებისთვის იქნება, თუმცა აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, ვინაიდან გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც ბუნებრივია, თავის გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება და ა.შ. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა,“ - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღები ცნობილია
რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ. რაც შეეხებათ პირების, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება. „2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge . საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში,” - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. „საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას,” -აღნიშნულია ინფორმაციაში.