თეგი: თავდაცვის ძალების დღე

ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი

"მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღევანდელი დღე მსურს მივულოცო, თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს. ჩვენს მამაც სამხედროებს, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანები. მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე როგორც შეეფერება თქვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს  

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას - პაპუაშვილი

„თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე",-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა NATO-სთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან",  - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს. „ახალი კოდექსით, გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და NATO-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი; განხორციელდება სავალდებულო გაწვევის სისტემის ძირეული რეფორმა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეკრუტთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი. პირადი შემადგენლობის წევრებს უწყებრივი მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ,  თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

პრემიერი: მადლობა აშშ-ს, NATO-ს ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. მან მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას“. „დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომელებიც ღირსეულად ემხსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, ჩემო ძმებო, მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა ჩვენი ეროვნული, ძლიერი საქართველოსი“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. „ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.   

თავდაცვის მინისტრი: რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით, ჯარის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო ცდა განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყების მიზანია გააძლიერონ და თანამედროვედ აღჭურვონ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები. „გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. დღესაც თითოეული თქვენგანი ღირსეულად მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს აგრძელებთ. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით სამხედრო მუნდირი ატარეს, ჩვენ ვალდებულებები ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ, ასევე ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სამშობლოს ემსახურეთ და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია. თავდაცვის ძალების დღეს ქედს ვიხრით ყველა დაღუპული გმირის ხსოვნის წინაშე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ, მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია შექმნა. თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე დღესაც ამ სულისკვეთების და პასუხისმგებლობის მატარებელია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით. სწორედ, ამიტომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ეტაპობრივად გავზარდეთ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები. გაზრდილი რესურსებით, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარების 10 წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა პირობა შექმნან, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. „ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისთვის შევქმნათ ყველა პირობა, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. მათი დაფასების კუთხით ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, ჩვენთვის კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალ კოდექსში გათვალისწინებული იქნა. ამასთან, ახალი კოდექსით ჩვენ ვქმნით სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე ორიენტირებულ წლევანდელთა ეროვნულ სამსახურს, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რეზერვი და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი ჯარის განვითარების და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გაწევაზე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის NATO-ს და მის წევრებს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

აშშ-ის ევროპული სარდლობა: მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ევროპული სარდლობა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს: „მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში”. საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება ტარდება.  

პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების დღისამი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთვრობისთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.“ „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრეზიდენტი: საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე

პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ ჯარს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.“ სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ვიღაცებს სურთ, რომ „საქართველოს ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!“ მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ პერსპექტივას, რომლის ირგვლივაც 30 წელზე მეტია, გაერთიანებულია საზოგადოება, „ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.“ „მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს. მივესალმები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ! მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკერები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე! მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის განმავლობაში არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა! ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა! ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის - ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენ გვერდში. სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს - იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალებ,ა მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს! მინდა, თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს!გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია! გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ დღეს გწამთ და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს!“ განაცხადა პრეზიდენტმა.  

ამერიკის საელჩო: ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით, გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს

აშშ-ის საელჩო საქართველოს, თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს და გენერალ კვინიტაძის სიტყვებს ციტირებს: „ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს." „ამ დღეს მივესალმებით მათ თავდადებასა და პროფესიონალიზმს, ვინც ქვეყნის სამსახურში ყოფნა აირჩია. ასევე, ვფიქრდებით ჩვენს ღირებულ პარტნიორობაზე, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გაძლიერდა და გაიზარდა. ჩვენი ათასობით ჯარისკაცი გაიწვრთნა და განვითარდა ერთად, ერთობლივი გამოცდილებით. ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით,“ წერს დიპლომატიური წარმომადგენლობა.  

თავდაცვის ძალების მეთაური: ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად

თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დაარსების დღიდან საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად და თანმიმდევრულად ვითარდება და აღწევს წარმატებას. სამ ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის ძალები ღირსეულად დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენს წარმატებას განაპირობებს განხოციელებული რეფორმები, რომლებიც ფოკუსირებულია ჯარისკაცზე ზრუნვასა და მის ინსტიტუციურ განვითარებაზე. ძლიერი და მოტივირებული ჯარისკაცი თავდაცვის ძალების წარმატების ქვაკუთხედია," – განაცხადა გენერალ–მაიორმა მათიაშვილმა. თავდაცვის ძალებში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამან განაპირობა სრული ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობის ქართული წარმოები დაწყება. „ამოიცვალა და დაინერგა თანამედროვე NATO–ს სტანდარტების საბრძოლო შეიარაღება, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად. საქართველომ დაიწყო ერთობლივი ქართულ–პოლონური დრონების წარმოება, მიმდინარე წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა,“ აღნიშნა მათიაშვილმა და საამაყო და ხაზგასასმელ ფაქტად მიიჩნია, რომ ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უჭირავს ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორებს შორის სამხედრო ოპერაციებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში. თავდაცვის ძალების მეთაურმა პარტნიორებს „თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.“ „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუახდო ჩვენს პარტნიორებს იმ გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. საქართველოს თავდაცვის ძალების განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნების ჩატარებასა და თვითშეფასების ეფექტიანი პროცესის დანერგვას, რათა თავდაცვის ძალებმა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობის, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ძალების პრიორიტეტების აღსრულებას. მადლიერი ვარ ყველა იმ ჯარისკაცის, ოფიცრის სამოქალაქო პირის, რომელთაც იმსახურეს და ახლაც მსახურობენ თავდაცვის ძალებში. მსურს, პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო სამხედრო ვეტერანების მიმართ, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენს რიგებში არიან საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. საამაყოა, რომ ისინი კვლავ მტკიცედ დგანან სამშობლოს სადარაჯოზე, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო მათ. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში შესრულებისას თავდადებული ჩვენი თანამებრძოლებისა და მათი ოჯახების წინაშე. მარად გვემახსოვრება მათი სახელები. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დაარსების დღეს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, როგორც თავდაცვის ძალების აღმშენებლობაში, ასევე, პირად საქმეში, მადლობა,“ – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა. თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა კი, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი შეფასებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. მანვე აღნიშნა, რომ თანამედროვე ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო პარტნიორებს. „თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება,“ - განაცხადა ჩიქოვანმა. ცნობისთვის, ქართული არმიის 33 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აღინიშნა. ქართულ ჯარს მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა. სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებამ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც იჩინა თავი. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ვიღაცებს სურთ, რომ „საქართველოს ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!“ მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ პერსპექტივას, რომლის ირგვლივაც 30 წელზე მეტია, გაერთიანებულია საზოგადოება, „ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.“ „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე ჩემი წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისასალმებელ სიტყვაში პრეზიდენტი არც შემდეგმა გამომსვლელებმა ახსენეს. გამონაკლისი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.