თეგი: ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. პროკურატურის ცნობით, ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები. საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ხვალ, 17 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროკურატურის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის - 2022-2027 წლების სტრატეგიაზე, HR ელექტრონულ პროგრამაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის თქმით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდება. „საქართველოს პროკურატურის მიზანია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პასუხობდეს, ერთი მხრივ, პროკურატურის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, შეესაბამებოდეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თანამედროვე სტანდარტებს. პროკურატურის ახალ სტრატეგიაში წარმოდგენილია უწყების განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პროკურატურის თითქმის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.  მისი თქმით, ახალი სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მოქნილობის და ეფექტიანობის ზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ასევე, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კორუფციული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ფულის გათეთრების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა და გენდერული პოლიტიკის გაძლიერება. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2022 წელს დაინერგება პროკურატურის საჭიროებებზე და სპეციფიკაზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა. „ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის (HR პროგრამა) შექმნის მიზანია საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირება ციფრულ ფორმატში და შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა, რის შედეგადაც უკეთ მოხდება საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების ფოკუსირება სტრატეგიულ ინიციატივებზე“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის განცხადებით, 2022 წელს თბილისში საქართველოს პროკურატურის თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი პროექტის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რაც პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. „მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურები. აღნიშნული რაიონული პროკურატურების თანამშრომლები დაახლოებით თერთმეტი წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. პროკურატურის ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე სომხეთში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის გენერალურ პროკურატურაში სამშაბათს გაიმართა ორი ქვეყნის გენერალური პროკურორების შეხვედრა. სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გენერალურ პროკურატურებს შორის ნდობის მაღალი დონე საშუალებას იძლევა, გადაიჭრას გადაუდებელი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთსამართლებრივ დახმარებასთან და ექსტრადიციის პროცესებთან. მთიანი ყარაბაღის ომის ფონზე ქართული მხარის წვლილი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამახვილდა. თავის მხრივ, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხების ძმობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვაჭრობა და ორმხრივი ვიზიტები დინამიკურად იზრდება და საქართველო სომხეთს რეგიონში მნიშვნელოვან საყრდენად განიხილავს. შოთაძემ ასევე მიიწვია დავტიანი საქართველოში, სექტემბერში, დედაქალაქ თბილისში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. შეხვედრის შედეგად არტურ დატთიანმა და ირაკლი შოთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთისა და საქართველოს პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ.  

საქართველოს გენერალური პროკურორი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორთან ტრეისი უილკსონთან, ოლქის აღმასრულებელ პროკურორთან ჯასტინ როუდთან და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მაიკლ რ. უილნერთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები. ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებთან ერთად, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების ფედერალურ სამსახურში, გამოძიების ფედერალურ სააგენტოში, ფედერალურ პროკურატურაში და პრობაციის სამსახურში.  

აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე, საქართველოში შეხვედრებს მართავს

აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ბრიუს შვარცი საქართველოში იმყოფება. ბრიუს შვარცი საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა. პროკრატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს. „ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბრიუს შვარცი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს. თბილისში, 25-29 სექტემბერს დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. პროკურატურის ცნობით, შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ, კამრან ალიევს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. „შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება. პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  

ირაკლი შოთაძე: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიება

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, მით უმეტეს, რომ სესიაზე ერთ-ერთ მომხსენებლად გვყავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, რომელსაც ამ საქმეზე კონკრეტული ბრალდებულებიც ჰყავს, ომის საქმეზე ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ასევე, უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის და ომის შედეგად მომხდარი დანაშაულების გამოძიება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ამ სესიის მიმდინარეობისას. წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებით მიანიჭა მნიშვნელობა და ყველას შეგვახსენა ომის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების საჭიროება. ამ მხრივ, მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, ევროჯასთს. მთელი მსოფლიო ელოდება გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - დეპორტირებულების საქმის" განხილვას 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება  

9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა. „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ჩვენ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახორციელებთ, ვინაიდან რეციდივის ალბათობა და ძალადობის დამძიმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენ ასევე გავაანალიზეთ მოთხოვნილი საპატიმრო და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები წლების მიხედვით ოჯახურ დანაშაულებზე და სხვა დანაშაულებზე. ოჯახურ დანაშაულებზე ყოველწლიურად საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებელი ჩვენი მხრიდან იზრდება, ხოლო სხვა საქმეებზე მცირდება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ჩვენ მოვითხოვეთ საქმეების 85%-ის შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაშაულებზე 22%-ის შემთხვევაში“,- განაცხადა შოთაძემ.  

პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეიქმნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულების საჩივრების მოსმენა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდა. „სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის და ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ აღნიშნული საბჭოს შექმნის თაობაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ თითოეულ მოქალაქეს, დაზარალებულს, რომელსაც შესაძლოა გარკვეული პრეტენზიები გააჩნდეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფას ეხება, საშუალება ექნება, მიმართოს აღნიშნულ საბჭოს. საჩივრების განმხილველი საბჭო იმსჯელებს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დაყენებული იქნება საჩივრის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული პრობლემების გადაჭრა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა „სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა განმხილველი საბჭოს“ თემაზე პრეზენტაცია გამართა და მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა. როგორც ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, საჩივრების განმხილველი საბჭო უზრუნველყოფს ამ კატეგორიის საქმეებზე გამოძიების ეფექტიანობას და პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, უპირატესად დაზარალებული მხარის უფლებების დაცვას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაზარალებულს ჰქონდეს ნდობა პროცესის მიმართ და განცდა იმისა, რომ მისი უფლებები საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაცული იყო. პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ნინო აღლემაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საბჭო განიხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, რომელთა შორის მოიაზრება ნებისმიერი დანაშაული, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საბჭო იქნება ქმედითი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე ოპტიმალურ ვადებში ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღებას და ასევე, დაზარალებულთან სისტემატურ კავშირს, რათა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ. საბჭო ცხრა პროკურორი წევრისგან შედგება, რომელთაც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ.  

ირაკლი შოთაძის თქმით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს

„საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ 28 ივნისს.  გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ქმედებებზე, რასაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე იმ შედეგებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას აქვს ეფექტიანი რეაგირების კუთხით, რამაც ჩვენი სტუმრების მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა ამ მიმართულებით საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალისხმევით კიდევ უფრო ეფექტიანად წარიმართოს. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი შოთაძე: 2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან

„ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დღეს, 24 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მედიასთან. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. როგორც შოთაძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უწყებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. „გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე. ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ. 2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც,“ - განაცხადა შოთაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოში დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში დააკავეს იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა ედება ბრალად. შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული პირი იტალიელია და მას საქართველოში, დანაშაულში თანამზრახველები არ ჰყოლია. მისივე თქმით, დაკავებული ექსტრადიციით იტალიას უახლოეს მომავალში გადაეცემა. „იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურა დასრულებულია. მისი იტალიაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება. ბრალდება არის იტალიურ ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ, იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  

ირაკლი შოთაძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წლის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, ირაკლი შოთაძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კითხვას, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ. კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“ შეგახსენებთ, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.  

ირაკლი შოთაძე: მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დავტოვო

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით. მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი. რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.