თეგი: ირინა ვენედიქტოვა
უკრაინის გენერალური პროკურორი: ბოროდიანკაში უფრო საშინელი ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვეედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ბუჩაში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიევის ოლქში არსებულ სიტუაციაზე, რადგან გუშინ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოგვეცა და ამჟამადაც ვმუშაობთ ბუჩაში, ირპენსა და ვორზელში. სინამდვილეში კი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მხრივ, ყველაზე საშინელი ვითარება ბოროდიანკაში გახლავთ. ვფიქრობ, ამ დასახლების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა". ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ირინა ვენედიქტოვა: რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. მისი თქმით, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს ბოლო რვა წლის განმავლობაში და მისმა ტერორმა პიკს მიაღწია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. ვენედიქტოვას თქმით, რუსეთის ჯარისკაცებმა დაახლოებით 23000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. „მალაიზიის ავიახაზების (MH17) ტრაგედიის მერვე წლისთავი. ტერაქტი 298 მსხვერპლით - სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიის ცაზე. საერთაშორისო ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის, ავსტრალიისა და მალაიზიის მონაწილეობით რვა წელია, პასუხებს ეძებს“, - დაწერა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე სასამართლოს შემდეგი ტექნიკური სხდომა 2022 წლის 22 სექტემბერს არის ჩანიშნული. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ირინა ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის წევრმა დავით არახამიამ Telegram-ზე გააკეთა. „უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ირინა ვენედიქტოვას უკრაინის გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტას“, - წერს არახამია. ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა
ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა
უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ უწყებაში კოლაბორაციონისტულ საქმიანობას გამორიცხავს. ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა და მისი ოფისი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. „აქ ჩემს ოფისში ჩვენ საერთოდ არ შეგვიძლია გვყავდეს ასეთი თანამშრომლები, რადგან მსგავსი საქმიანობა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. აქ არ არის ოკუპირებული ტერიტორია“. როცა ჰკითხეს თანამდებობიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე, ვენედიქტოვა ამბობს, რომ არ სურს ამ საკითხის საჯარო განხილვა, რადგან მას რუსეთი გამოიყენებს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. მოგვანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა „პროკურატურის და SBU-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულთა ასეთი რიგი და კავშირები, რომლებიც დაფიქსირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ. ყველა ამ კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. როგორც BBC წერდა, იმ დროს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ SBU-ს ერთ-ერთი რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ის სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისთვის ჯაშუშაობაშია ეჭვმიტანილი. BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU-ს განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა.
ზელენსკიმ ყოფილი პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ ირინა ვენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩად დანიშნა. ამის შესახებ ბრძანებულება პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.