უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. მისი თქმით, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს ბოლო რვა წლის განმავლობაში და მისმა ტერორმა პიკს მიაღწია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. ვენედიქტოვას თქმით, რუსეთის ჯარისკაცებმა დაახლოებით 23000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
„მალაიზიის ავიახაზების (MH17) ტრაგედიის მერვე წლისთავი. ტერაქტი 298 მსხვერპლით - სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიის ცაზე. საერთაშორისო ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უკრაინის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის, ავსტრალიისა და მალაიზიის მონაწილეობით რვა წელია, პასუხებს ეძებს“, - დაწერა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე.
გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე სასამართლოს შემდეგი ტექნიკური სხდომა 2022 წლის 22 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.