ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ უწყებაში კოლაბორაციონისტულ საქმიანობას გამორიცხავს.

ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა და მისი ოფისი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით.

„აქ ჩემს ოფისში ჩვენ საერთოდ არ შეგვიძლია გვყავდეს ასეთი თანამშრომლები, რადგან მსგავსი საქმიანობა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. აქ არ არის ოკუპირებული ტერიტორია“.

როცა ჰკითხეს თანამდებობიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე, ვენედიქტოვა ამბობს, რომ არ სურს ამ საკითხის საჯარო განხილვა, რადგან მას რუსეთი გამოიყენებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს  გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.

მოგვანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა

„პროკურატურის და SBU-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულთა ასეთი რიგი და კავშირები, რომლებიც დაფიქსირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ. ყველა ამ კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

როგორც BBC წერდა, იმ დროს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ SBU-ს ერთ-ერთი რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ის სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისთვის ჯაშუშაობაშია ეჭვმიტანილი.

BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU-ს განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა.