თეგი: პელე
ლეგენდარული ფეხბურთელი პელე პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 81 წლის პელე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს შეაჩეროს უკრაინაში სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მინდა გამოვიყენო დღევანდელი თამაში, როგორც შესაძლებლობა და მოგიწოდო - შეაჩერე ეს შემოჭრა. არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ძალადობას გაამართლებს. ეს კონფლიქტი არის ბოროტება, გაუმართლებელია და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა", - წერს პელე. ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი პუტინს ადრეც შეხვდა. ბოლოს, 2017 წელს მოსკოვში, კონფედერაციების თასზე მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეხვედრისას მას პუტინმა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი უწოდა. „როდესაც წარსულში ვხვდებოდით ერთმანეთს და ღიმილს ვცვლიდით, რასაც მოჰყვებოდა ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა... არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ისე გავიყოფოდით, როგორც ეს ახლა მოხდა“, - წერს პელე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე პალიატიურ მკურნალობაზე მას შემდე გადაიყვანეს, რაც მისი სხეული ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს. პელეს კუჭის სიმსივნე აქვს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. პალიატიური მზრუნველობის მიზანია იმ პაციენტების ტანჯვის პრევენცია და შემსუბუქება, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიში ან განუკურნებელი დაავადების წინაშე დგანან. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გასულ სამშაბათს შეშუპებისა და გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ხუთშაბათს კლინიკამ გაავრცელა განცხადება, რომ ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. პელეს ქალიშვილმა კელიმაც განაცხადა, რომ მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინალური ტურის მატჩის წინ ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გულშემატკივრებმა პელეს მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ბრაზილიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ფეხბურთის კომისიის მიხედვით მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. კარიერის განმავლობაში მან 1 363 მატჩში 1 289 გოლი გაიტანა. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პელე დაასახელა საუკუნის უდიდეს სპორტსმენად, მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს გამოსულა ოლიმპიადაზე.
პელე არგენტინის გამარჯვებაზე: ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვებას გამოეხმაურა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება, - წერს პელე Instagram-ზე. „დღეს ფეხბურთი საკუთარი ისტორიის მომხიბვლელად თხრობას განაგრძობს. მესიმ დამსახურებულად მოიგო პირველი მსოფლიო თასი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მბაპემ ფინალში გაიტანა 4 გოლი. ჩვენი სპორტისთვის ამ სპექტაკლის ხილვა ნამდვილი საჩუქარი იყო. არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება", – წერს პელე.
პელეს მდგომარეობა გაუარესდა
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ბრაზილიელი პელეს მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ ბრიტანელი ბიზნესმენი და სპორტული მენეჯერი ფრენკ ხალიდი თავის Twitter-ზე წერს. „პელე საავადმყოფოს საწოლიდან ემშვიდობება ოჯახს და მეგობრებს. ფეხბურთის ლეგენდა ნელ-ნელა ნებდება კიბოსთან ბრძოლაში, ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება", - წერს ხალიდი. პელე სან პაულოში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, 82 წლის ბრაზილიელ ლეგენდასთან ოჯახის წევრები იმყოფებიან.
ფეხბურთის მეფე პელე გარდაიცვალა
ფეხბურთის ბრაზილიელი მეფე, რომელმაც რეკორდული რაოდენობის, სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ფიგურა გახდა, ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა, ჯო ფრაგამ დაადასტურა პელე 2021 წლიდან მკურნალობდა მსხვილი ნაწლავის კიბოზე და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. კარიერა პელემ ბრაზილიის ნაკრებში მთლიანობაში 114 მატჩი ჩაატარა და რეკორდული რაოდენობის, 95 გოლი გაიტანა, მათ შორის 77 ოფიციალურ მატჩებში. მან კარიერა 1977 წლის პირველ ოქტომბერს, „ ნიუ-იორკ კოსმოსისა“ და „სანტოსის“ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დაახლოებით 77 000 გულშემატკივრის წინაშე დაასრულა. პელე სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში, სიღარიბეში იზრდებოდა. ახალგაზრდობაში თამაშობდა რამდენიმე სამოყვარულო გუნდში, რომელთა შორის იყო: Sete de Setembro, Canto do Rio, São Paulinho და Amériquinha. 1958 წელს, „სანტოსთან“ ერთად, პელემ პირველი მთავარი ტიტული - პაულისტას ლიგა მოიგო. 1975 წელს, პელე აშშ-ის კლუბ ნიუ-იორკ კოსმოსში ჩაირიცხა. ფეხბურთის პოპულარობა აშშ-ში და ამერიკელი მაყურებლის ინტერესი ხსენებული სპორტისადმი ამის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1977 წელს, მისი ლიდერობით გუნდმა ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ლიგა მოიგო. პელეს პირველი საერთაშორისო მატჩი 1957 წლის 7 ივლისს „მარაკანას“ სტადიონზე შედგა, რომელიც ბრაზილიამ არგენტინასთან ანგარიშით 2–1 წააგო. ერთადერთი გოლი ბრაზლიის ნაკრებიდან ამ დღეს პელემ გაიტანა; ის მხოლოდ 16 წლის იყო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო მატჩში გოლი გაიტანა. 1958 წლის 19 ივნისს პელე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „საუკუნის ფეხბურთელად“დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. ის აქტიურად მონაწილეობდა სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში, თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა. მოიხსენიებდნენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra) და „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol.
პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაგეგმილია მსვლელობა, რომლის დროსაც ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში მიასვენებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.