ლეგენდარული ფეხბურთელი პელე პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 81 წლის პელე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს შეაჩეროს უკრაინაში სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.

„მინდა გამოვიყენო დღევანდელი თამაში, როგორც შესაძლებლობა და მოგიწოდო - შეაჩერე ეს შემოჭრა. არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ძალადობას გაამართლებს. ეს კონფლიქტი არის ბოროტება, გაუმართლებელია და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა", - წერს პელე.

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი პუტინს ადრეც შეხვდა. ბოლოს, 2017 წელს მოსკოვში, კონფედერაციების თასზე მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეხვედრისას მას პუტინმა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი უწოდა.

„როდესაც წარსულში ვხვდებოდით ერთმანეთს და ღიმილს ვცვლიდით, რასაც მოჰყვებოდა ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა... არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ისე გავიყოფოდით, როგორც ეს ახლა მოხდა“, - წერს პელე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.