თეგი: ჟურნალისტი
უკრაინა: ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს. ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინის პოლიციამ აშშ-ის მოქალაქე ამოიცნო. „ორი ამერიკელი ჟურნალისტი მიდიოდა ლტოლვილების გადასაღებად, ტოვებდნენ ირპენს, როდესაც მათ ესროლეს საგუშაგოს გადაკვეთის შემდეგ. NYT-ის ჟურნალისტს კისერში ესროლეს და მოკლეს. მის კოლეგასაც ესროლეს, მაგრამ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს JerusalemPost-ის ჟურნალისტი Twitter-ზე. განახლება: ინფორმაცია დაადასტურა New York Times-მა. ამერიკელი ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი, 50 წლის ბრენტ რენო წარსულში მუშაობდა რამდენიმე ამერიკულ საინფორმაციო და მედია ორგანიზაციაში, მათ შორის HBO-ში, NBC-სა და The New York Times-ში.
სარაკეტო იერიშის შედეგად რადიო "თავისუფლების" კიევის ბიუროს თანამშრომელი დაიღუპა
რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს. ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევს სულ მცირე ორჯერ დაარტყეს. კიევის მთავრობის ინფორმაციით, ერთი რაკეტა ოცდახუთსართულიან კორპუსს მოხვდა, შევჩენკოს რაიონში. დაიჭრა 10 ადამიანი. დღეს კიევის მერმა განაცხადა, რომ ნანგრევებიან ერთი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, „ტვ პირველის“ ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპონდენტის ჩართვის მიზნით, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. „პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ოპერატორმა ადგილზე განათავსა ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს ხელში ეჭირა „ტელეკომპანია პირველის“ ლოგოს გამოსახულებიანი მიკროფონი, რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით და გინებით. სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, ბრალდებულებმა მრავალჯერადი დარტყმით „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
მექსიკაში წლის დასაწყისიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა
წლის დასაწყისიდან მექსიკაში მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 14-მდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ხუან არჯონ ლოპესის ცხედარი ქვეყნის ჩრდილოეთით, სონორას შტატში აღმოაჩინეს. მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კლაუდია ინდირა კონტრეას კორდობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლოპესი, A Que Le Temes-ის რეპორტიორი, 9 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა. 62 წლის ლოპესის კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ლოპესის გაუჩინარების შესახებ, ხელისუფლებამ სამძებრო ჯგუფი შექმნა. მექსიკაში პრესის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ტალღა არ წყდება. ჟურნალისტი ხოსე ლუის გამბოა 10 იანვარს ვერაკრუსის შტატში გარდაცვლილი იპოვეს. ქვეყანაში 2022 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე მზიმე წლად ითვლება. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (RSF) მონაცემებით, ქვეყანაში 2000 წლიდან 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.
ფორმულა: ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა
„ფორმულას“ ცნობით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერის დროს, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა. უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს. მომხდარზე ჟურნალისტმა რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. შემთხვევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.
TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
TV პირველის ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ანდღულაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რითაც შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება. "რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წერია საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. ჟურნალისტ, ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი 17 მარტს დააკავა.
კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-თან გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მან თავისი დაკავების პროცესი გაიხსენა. ის ამბობს, რომ დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა, თუმცა ვერც ადგილზე და ვერც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. „40 წუთი დამაყოვნეს კეკელიძის ქუჩაზე. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი, განემარტათ, სად მივყავდი, რატო მაკავებდნენ? ერთი და იგივეს იმეორებდნენ, რომ პოლიციას შევუშალე ხელი. შემდეგ შეუძლოდ გავხდი, ექიმის დახმარება ვითხოვე და არ მომცეს წვდომა... უკვე რამდენიმე საათია, ამ სამმართველოში ვარ და პირველი ნაწილი იყო ძალიან დამამცირებელი, ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდნენ, აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. აი, მაგალითად, პროვოკატორი, ინტრიგანი, მოაშორეთ აქედან... " „ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი შემიშლია. ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ. ვხედავდი, რომ ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ. დამინახეს, რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი და მიმახეთქა ხეს. ვუთხარი, რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ამის შემდეგ გამწარდნენ, შემაგდეს მანქანაში, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია. იმ ძალით შემაგდეს, რომ მანქანის იატაკზე დავვარდი. ადგომას რომ ვცდილობდი, ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი და ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევო. მე ვეუბნებოდი, რომ დავემორჩილებოდი... სულ ხუთი პოლიციელი იყო: ერთი საჭესთან, ოთხი კრიმინალური პოლიციის ფორმაში. მათგან სამი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ერთი უკნიდან ჩამწვდა თავში და კისერში, მეორე - წინიდან. მეგონა, მახრჩობდნენ.“ შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით 18, ნივთის დაზიანებისთვის კი, დაკავებულია ორი პირი