თეგი: საოკუპაციო ხაზი
ანტისაოკუპაციო საბჭო დაფუძნდა
პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ საოკუპაციო ხაზთან განაცხადეს. საბჭოში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ გაერთიანდნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ. „ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ: დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში. ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა“. საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.
თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზუგდიდის სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. რუხში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება. მინისტრები კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს. საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. „მიმდინარეობს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც უპირველესად მოიაზრებს ხარისხიან ჯანდაცვაზე მათი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიმართულების შემდგომი განვითარების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ენგურის ხიდზე შევხვდით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე და სწორედ მათ საჭიროებებზე უკეთ მორგებული სამედიცინო მომსახურების შემდგომ დახვეწას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი მსჯელობა ადგილზე, მათ შორის რუხის მრავალპროფილური კლინიკის მედპერსონალთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ემსახურება, ძირითადად, კოვიდპაციენტების მკურნალობას, მათ შორის, ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იყო
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. პოლონეთის პირველ დიპლომატს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. შეგახსენებთ, რომ დღეს ზბიგნევ რაუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა ზბიგნევ რაუსი: აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს. უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა გიორგი ქუჯოშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო დაკავება სოფელ აძვთან გუშინ მოხდა.
პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქში“ ავრცელებს. „კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდით. ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას და მათ საჭიროებებს, მადლიერებაც მოვისმინეთ და პრობლემებზეც ვისაუბრეთ. გავეცანით განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მოვინახულეთ უკვე დასრულებული სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაშენებული ხეხილის ბაღები. სოფელ არბოში 10 წლის ნიკოლოზი გავიცანით. მამასთან ერთად ოკუპაციის ხაზთან თავისი პატარა ბაღი აქვს გაშენებული, სადაც გვიმასპინძლა კიდეც. აძვის სკოლაში სტუმრობისას გულთბილი შეხვედრა გვქონდა სკოლის პედაგოგებთან. მოვისმინეთ თუ რა კეთდება და რა არის მომავალში გასათვალისწინებელი. ვინაიდან სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა სასიხარულოდ მზარდია, შევპირდით, რომ სკოლის შენობა გაფართოვდება და დამატებით საკლასო ოთახებს და სპორტულ დარბაზს მიიღებს. დღის ბოლოს გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდით, სადაც რეგიონში მისიის მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრეთ. დღე სასიამოვნო ამბით დასრულდა – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შიდა ქართლში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ერთად იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა ქართველი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლა მოინახულეს. შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. 2023 წლის 23-24 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი. ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი აქ ყოფნის მიზეზია, საკუთარი თვალით ვნახო ადგილზე არსებული ვითარება და გავეცნო რუსეთის ოკუპაციის შედეგებს. შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მოაგვაროს საკუთარი კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად იმ საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს საპარლამენტო ასამბლეაში,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პარლამენტის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. „ჩვენთვის, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ენახა, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა, როგორ შენდება სამხედრო დანიშნულების ობიექტები, რა პრობლემებს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე, მოვუყევით იმ ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. მისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აქ აწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ირაკლი კობახიძე: ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა
„ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს „გამყოფ ხაზთან“ ჩასვლა, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა. „მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და მათ შორის, ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას,“ – განაცხადა კობახიძემ. 2022 წლის ივნისში მან მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. „რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?" - უპასუხა მან მაშინ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან "მთელი ხელისუფლება დადის" და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. „მილიონი პროექტი განხორციელდა, გაზი, წყალი, რაც მოსახლეობას აწუხებს... მე რაზე ჩავიდე დღეს იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?" - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან: არ უნდა შევეგუოთ მსგავ სიტუაციას, გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ,“ წერს სამინისტრო. „ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა, გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს,“ - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.