თეგი: ქადაგება
მეუფე შიო: დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარჩევა, რა არის მთავარი და რა - არა. დღეს კაცობრიობის მთავარი სენი არის უკმაყოფილება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მესამე კვირას, ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არა. მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მისი თქმით, დღეს კაცობრიობის მთავარი სენი არის უკმაყოფილება. „უფალი ბრძანებს, რომ „ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ვინაიდან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და ეს ყველაფერი თქვენ მოგეცემათ“. ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე სულაც არ ამბობს, რომ საერთოდ არ ეძიოს ადამიანმა მატერიალური სარჩო - რა ჭამოს, რა სვას, როგორ არჩინოს ოჯახი, არ გაისარჯოს ამისთვის და არ იშრომოს, ამას არ ამბობს უფალი; რამეთუ თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. ასევე, წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“. ამიტომ ამ შემთხვევაში უფალი ამბობს სიტყვას „პირველად“, იგი ამბობს „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოგეცემათ თქვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ პირიქით გვაქვს ცხოვრების წესი, რომ, უპირველესად, ვეძიებთ, როგორ წარვემატოთ მატერიალურ, მიწიერ ცხოვრებაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ ვეძიებთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და სწორედ ეს არის მიზეზი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება. ხალხში არის ასეთი გამოთქმა, რომ ყელში ამოსდისო. აი, რაღაც მსგავსი ხდება. გახსოვთ, ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“, არ ერგება ადამიანს; ხოლო თუ ამ მატერიალურს - რა ჭამოს, რა სვას, რით შეიმოსოს და ა.შ. - ადამიანი ეძიებს ცათა სასუფევლის შემდეგ, საღვთო სიმართლესთან ერთად, მაშინ ყველაფერი ჯეროვნად აღესრულება, უფალი ყველაფერს გვაძლევს თავის დროზე. იმიტომ ბრძანებს უფალი ამ სიტყვებს, რომ მას თვითონ სურს, ჩვენზე იზრუნოს, მას შეუძლია ეს, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ენერგია და ძალები დავხარჯოთ უმთავრესზე, უაღმატებულესზე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ფასეულობას. თქვენ ახლა აბარებთ უმაღლესებში და ემზადებით დიდი ცხოვრებისთვის. ეს ეხება ყველა ფასეულობას, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა არის მთავარი - საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი - კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა. ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში. აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ უფალზე და ვევედროთ მას, რომ არ მოგვაკლოს წყალობა თვისი და სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი. „უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური. ამიტომ ღმერთმა გვაშოროს ჩვენ, ვევედროთ უფალს, რომ ამ გერგესეველთა სულისგან მოგვარიდოს და გვაშოროს ჩვენ, რომ შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”, - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.
ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში - მეუფე შიო
სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა… ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს, ღმერთმა მოგვცეს მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული, უფალმა ინებოს… ვიაროთ ჭეშმარიტების გზით და მივემთხვიოთ ამ სიხარულს, ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება. აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ – ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ. ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი „ჰომოუსიოსი“, ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს „მრწამსში“. როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა. დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა. აი, სახარების ამ მონაკვეთში, ლოცვაში უფალი იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ „მე და მამა ერთნი ვართ“, ანუ ძე ღმერთი და მამა ღმერთი ერთნი არიან. და როცა მიმართავს ზეციერ მამას, ამბობს, რომ „ყველაფერი ჩემი შენია“. ამაზე წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ეს გასაგებია, ღვთისაა ყველაფერი, მაგრამ იქვე დასძენს მაცხოვარი, რომ ,,და ყოველივე შენი ჩემია”. აი, ეს უკვე ნიშნავს სწორედ ამ ერთობას და ერთარსობას. ასეთი რამ არავის უთქვამს არცერთ რელიგიაში, არცერთ ადამიანს. ღმერთი განკაცდა, ხორცი შეისხა მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა და როგორც ამბობს იესო ქრისტე, მისია ყოველივე, რაც ღვთისაა და, შესაბამისად, განკაცების შემდგომ ჩვენია ყველაფერი, რაც ქრისტესია. ანუ, ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანებიც განაღმრთოს და მადლით ღმერთები გავხდეთ. ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ – მადლით და არა ბუნებით, რა თქმა უნდა, რომ ყოველივე, რაც ქრისტესია, ჩვენი გახდეს. ამას გვაძლევს ჩვენ წმინდა ეკლესია, ეკლესიაში თანაზიარების, საიდუმლოებებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს, რომელიც არის თავი ჩვენი საეკლესიო სხეულისა. შემდეგ უფალი ამბობს, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. იგი კვლავ მამაზეციერს მიმართავს და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის – „გიცნობდნენ შენ და შენგან მოვლენილ იესო ქრისტეს”. ამრიგად, სულის გადარჩენა – ეს არის შეცნობა ღვთისა, მამა ღმერთისა და შეცნობა მის მიერ მოვლენილი ძე ღმერთისა, იესო ქრისტესი, შეცნობა მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი მცნებების შესწავლა. როგორ ხდება შეცნობა? როგორ შეგვიძლია ჩვენ, შევიცნოთ უფალი? – მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით, რომლის გარდმოსვლასაც ჩვენ მალე, ამ რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ. უფლის ამაღლების შემდეგ სულიწმიდა მოქმედებს ეკლესიაში და სწორედ ის, სულიწმიდა უფალი, გვაერთებს ღმერთთან, იესო ქრისტესთან და შეცნობა სწორედ აი, ამ გზით ხდება, როდესაც ჩვენს გულში შემოდის სულიწმიდა, ეს არის ენერგია ღვთისა, აი, ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ. გახსოვთ იგავი ათი ქალწულის შესახებ, წმინდა ნინოს ხსენების დღეს იყო წაკითხული. უფალი ეტყვის სულელ ქალწულებს, რომ „მე თქვენ არ გიცნობთ“ . „არ გიცნობთ“ – ეს იგავური ფორმის გამოთქმაა. ეს ნიშნავს, რომ „სულიწმიდა არ არის თქვენში“. როცა შემოდის ჩვენში ეს მადლი, ჩვენ მისი მეშვეობით ვიცნობთ უფალს და ისიც გვიცნობს ჩვენ. საერთოდ, ეს ლოცვა, ეს ადგილი სახარებიდან ალბათ თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით, თუ ყველაზე გამორჩეული არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანია. ბოლოს, ამავე ლოცვაში უფალი ეტყვის მამაზეციერს, რომ „მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ სიხარული მათი (ანუ ჩვენთვის ლოცულობს, მისი მორწმუნეებისთვის, პირველ რიგში, მისი მოციქულებისა და შემდეგ მთელი ეკლესიისთვის) იყოს სავსებით”. ანუ სიხარული ჩვენი იყოს სრულყოფილი. აი, ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენ ,,სიხარული სავსებით იყოს”. ეს არის აზრი ყველაფერ იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რომ სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ. ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მთავარი ესაა, ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული, ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა, ადამიანი მისთვის სიხარულია, ჩვენთვის კი მთავარი სიხარული – ეს არის ვინ? იესო ქრისტე, მთელი ჩვენი სიხარული, მაცხოვარი ჩვენი. ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული. ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთ ადგილას, რომ „ამაზე დიდი სიხარული არაფერია ჩემთვის, ვიდრე ის, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
მეუფე შიო: უფალი უშვებს ჩვენზე სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, ან სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს შეცდომებზე
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ უფალი უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი „უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით. მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება“.
მეუფე შიო: თავს არ ვიკავებთ ცოდვებისგან, გვაკლია სიყვარულიც
„არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ იმ სარწმუნოებით, რაც გვაქვს, არამედ სულ უნდა ვზრუნავდეთ, გავიძლიეროთ ეს სარწმუნოება“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი, მით უმეტეს, შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია სულის გადარჩენა. უფალი ამ შრომას აკურთხებს და შეგვეწევა ამ შრომისა და ღვაწლის გზაზე". „ჩვენ ყველას გვაკლია რწმენა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით, მთები გადაგვედგა, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, თუ გვექნებოდა მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ასეთი რწმენა და ამიტომ, უფალს უნდა ვევედროთ ამ რწმენის გაძლიერებისთვის“. „წმინდა მამების სწავლებით, ლოცვას აქვს ორი მხარე, როგორც ორი ფრთა. ერთი არის მარხვა, ანუ თავშეკავება, იმიტომ, რომ შეუძლებელია შენ რაიმე სთხოვო ღმერთს ადამიანმა, თუ ადამიანთა კრებულმა და არ ეცადო ცოდვების გამოსწორებას, განაგრძობდე ისევ ცოდვის ჩადენას. შეუძლებელია, რომ შენი ლოცვა იყოს წარმატებული ამ შემთხვევაში. და ასევე მეორე მხარე არის მოწყალება, ლმობიერება. თუ გინდა, რომ შენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, აუცილებლად უნდა გამოიჩინო ქმედითი სიყვარული ადამიანებისადმი, სიყვარული, ლმობიერება, თანაგრძნობა. აი, ეს ორი ფრთა არის ლოცვის, თუ გვინდა, რომ ჩვენი ლოცვა იყოს წარმატებული. მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ წარუმატებელია ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი ლოცვაც, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ გვაკლია ეს ყველაფერი. თავს არ ვიკავებთ ჩვენ ცოდვებისგან, ვნებებისგან, გაღიზიანებისგან, განკითხვისგან, მრისხანებისგან და სხვა ვნებებისგან, გვაკლია ასევე სიყვარულიც, ლმობიერებაც და სარწმუნოებაც, როგორც მოგახსენეთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, გაგვიძლიეროს ეს სარწმუნოება და ეს რწმენაც უნდა ვთხოვოთ უფალს. და, საერთოდ, უნდა ჩვევაში შემოვიღოთ, რომ ღმერთს ყველაფერი ვთხოვოთ, ვინაიდან ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამაა ჩვენი შემოქმედი, მას უხარია ჩვენთან კავშირი, ჩვენთან ურთიერთობა, როდესაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ, ისიც ხარობს, მზად არის, დაგვეხმაროს და შეგვეწიოს თავისი სიყვარულით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს ხოლმე უფალი ჩვენზე გარკვეულ განსაცდელებს, მძიმე გარემოებებს, აი, როგორც ამ სახარებისეულ კაცს შეემთხვა; მისი შვილი დაავადდა, მძიმედ ეშმაკეული გახდა, ბავშვობიდან სჭირს ესო, ხომ თქვა ამ კაცმა. უშვებს ზოგჯერ უფალი, ამასაც თავისი სიყვარულით აკეთებს, ჩვენივე სულის გადარჩენისთვის აკეთებს, იმისთვის, რომ ადამიანი მოაქციოს თავისკენ, რათა ადამიანმა გაიხსენოს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია ღმერთზე, რომ მიაპყროს თავისი მზერა ღმერთს. ხშირად ამ განსაცდელებით ხდება ხოლმე ეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ამის გარეშე, ღმერთთან ამ კავშირის გარეშე, იმის გააზრების გარეშე, რომ ყველაფერი მისგან არის და მასზეა დამოკიდებული, არანაირი სულიერი ცხოვრება, სულის ცხონება და გადარჩენა არ ხდება. აი, დაახლოებით, როგორც ბავშვებს ვეპყრობით ხოლმე, როგორც მოსიყვარულე მშობლები, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებსაც სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი სიმკაცრე, არა? თუ არ შეისმენენ მშობლების შეგონებას, თუ მაინც ისე იქცევიან, რომ მშობელი ხედავს, რომ იგი დაღუპვის გზაზეა, გონიერი და მოსიყვარულე მშობელი აუცილებლად მიმართავს გარკვეულ სიმკაცრეს, რაღაცას მოაკლებს, დააკლებს, აუკრძალავს, თავის შვილს, ზოგჯერ უფრო კიდევ მკაცრ ზომებსაც მიმართავს ამ შვილისვე სასარგებლოდ. სხვათა შორის, მშვენივრად ესმით ხოლმე ეს ბავშვებს. თუ ეს კეთდება ბრძნულად, სიყვარულით, არა უხეშობით, არა სიხისტითა და სისასტიკით, ყოველთვის ბავშვი ამას გრძნობს და ასწორებს და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიო: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგების თანახმად, სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული... სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად... „იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე... მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება..." ამბობს მეუფე შიო. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მისი გამოცდის მიზნით მიდის რჯულის მცოდნე ადამიანი და ეკითხება: „მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება?“ უფალი მიუგებს: „გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ამ ორ მცნებაზე დამოკიდებულია რჯული და წინასწარმეტყველნი“, - დასძენს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარში. და მართლაც, მთელი რჯული ამ სიყვარულის მცნებაზეა დაფუძნებული, მთელი წმინდა გარდამოცემა. სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული, როგორც მოსეს მიერ ბოძებული მცნებებისა, დღეს მისი ხსენებაა, სხვათა შორის. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა, ასევე უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული მცნებებისა. და თუ არის ასეთი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მაშინ აზრი აქვს მცნებების დაცვას, მაგრამ თუ არ არის არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ ეს იქნება მკვდარი რწმენა და მცნებების უსიცოცხლო შესრულება. ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ასულდგმულებსსწორედ სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად. აი, ამ ყოველივე საფუძველია სიყვარული. მაგრამ ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ ან ვინ არის ჩვენი მოყვასი? ჩვენ, ერთის მხრივ, გარკვეულწილად გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ჩვენი ოჯახი, გვიყვარს ჩვენი სანათესავო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გვიყვარს ჩვენი სოფელი ან ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან იმ ქალაქის რომელიმე უბანი გვიყვარს, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთია, როგორსაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვს? იგი მოითხოვს, რომ მოყვასისადმი სიყვარული ეფუძნებოდეს ღმერთის სიყვარულს. ვკითხოთ ჩვენს თავს: გვაქვს ასეთი სიყვარული? ვგრძნობთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციერი? გვიყვარს იგი, როგორც მამა? უფალი იესო ქრისტე ჩვენგან ღვთისადმი, როგორც ზეციერი მამისადმი, სწორედ ასეთ სიყვარულს მოითხოვს. როდესაც ასეთი სიყვარულია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და, თუ ღმერთი არის მამა ჩვენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია. თუ არ იქნება ასეთი სიყვარული ღვთისადმი, მაშასადამე, არც მოყვასი გვყვარებია სათანადოდ, მცირედ გვყვარებია და ეს ჩვენი ბუნებრივი სიყვარული, რომელიც ჩამოვთვალე - ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, ახლობლებისადმი და ასე შემდეგ, იქნება ძალიან მყიფე და პირობითი, ნამდვილი სიყვარული კი ასეთი არ უნდა იყოს,“ - ნათქვამია ქადაგებაში.