სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა… ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს, ღმერთმა მოგვცეს მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული, უფალმა ინებოს… ვიაროთ ჭეშმარიტების გზით და მივემთხვიოთ ამ სიხარულს, ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება.
აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ – ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ.
ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი „ჰომოუსიოსი“, ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს „მრწამსში“. როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა.
დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა.
აი, სახარების ამ მონაკვეთში, ლოცვაში უფალი იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ „მე და მამა ერთნი ვართ“, ანუ ძე ღმერთი და მამა ღმერთი ერთნი არიან. და როცა მიმართავს ზეციერ მამას, ამბობს, რომ „ყველაფერი ჩემი შენია“. ამაზე წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ეს გასაგებია, ღვთისაა ყველაფერი, მაგრამ იქვე დასძენს მაცხოვარი, რომ ,,და ყოველივე შენი ჩემია”.
აი, ეს უკვე ნიშნავს სწორედ ამ ერთობას და ერთარსობას. ასეთი რამ არავის უთქვამს არცერთ რელიგიაში, არცერთ ადამიანს. ღმერთი განკაცდა, ხორცი შეისხა მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა და როგორც ამბობს იესო ქრისტე, მისია ყოველივე, რაც ღვთისაა და, შესაბამისად, განკაცების შემდგომ ჩვენია ყველაფერი, რაც ქრისტესია. ანუ, ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანებიც განაღმრთოს და მადლით ღმერთები გავხდეთ.
ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ – მადლით და არა ბუნებით, რა თქმა უნდა, რომ ყოველივე, რაც ქრისტესია, ჩვენი გახდეს. ამას გვაძლევს ჩვენ წმინდა ეკლესია, ეკლესიაში თანაზიარების, საიდუმლოებებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს, რომელიც არის თავი ჩვენი საეკლესიო სხეულისა. შემდეგ უფალი ამბობს, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. იგი კვლავ მამაზეციერს მიმართავს და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის – „გიცნობდნენ შენ და შენგან მოვლენილ იესო ქრისტეს”. ამრიგად, სულის გადარჩენა – ეს არის შეცნობა ღვთისა, მამა ღმერთისა და შეცნობა მის მიერ მოვლენილი ძე ღმერთისა, იესო ქრისტესი, შეცნობა მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი მცნებების შესწავლა.
როგორ ხდება შეცნობა? როგორ შეგვიძლია ჩვენ, შევიცნოთ უფალი? – მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით, რომლის გარდმოსვლასაც ჩვენ მალე, ამ რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ. უფლის ამაღლების შემდეგ სულიწმიდა მოქმედებს ეკლესიაში და სწორედ ის, სულიწმიდა უფალი, გვაერთებს ღმერთთან, იესო ქრისტესთან და შეცნობა სწორედ აი, ამ გზით ხდება, როდესაც ჩვენს გულში შემოდის სულიწმიდა, ეს არის ენერგია ღვთისა, აი, ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ.
გახსოვთ იგავი ათი ქალწულის შესახებ, წმინდა ნინოს ხსენების დღეს იყო წაკითხული. უფალი ეტყვის სულელ ქალწულებს, რომ „მე თქვენ არ გიცნობთ“ . „არ გიცნობთ“ – ეს იგავური ფორმის გამოთქმაა. ეს ნიშნავს, რომ „სულიწმიდა არ არის თქვენში“. როცა შემოდის ჩვენში ეს მადლი, ჩვენ მისი მეშვეობით ვიცნობთ უფალს და ისიც გვიცნობს ჩვენ.
საერთოდ, ეს ლოცვა, ეს ადგილი სახარებიდან ალბათ თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით, თუ ყველაზე გამორჩეული არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანია.
ბოლოს, ამავე ლოცვაში უფალი ეტყვის მამაზეციერს, რომ „მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ სიხარული მათი (ანუ ჩვენთვის ლოცულობს, მისი მორწმუნეებისთვის, პირველ რიგში, მისი მოციქულებისა და შემდეგ მთელი ეკლესიისთვის) იყოს სავსებით”. ანუ სიხარული ჩვენი იყოს სრულყოფილი. აი, ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენ ,,სიხარული სავსებით იყოს”. ეს არის აზრი ყველაფერ იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რომ სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ. ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მთავარი ესაა, ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული, ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა, ადამიანი მისთვის სიხარულია, ჩვენთვის კი მთავარი სიხარული – ეს არის ვინ? იესო ქრისტე, მთელი ჩვენი სიხარული, მაცხოვარი ჩვენი.
ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული. ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთ ადგილას, რომ „ამაზე დიდი სიხარული არაფერია ჩემთვის, ვიდრე ის, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.