თეგი: ქუვეითი
ქუვეითში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო
ქუვეითის ემირმა შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა ახალი მთავრობის შექმნა თავის უფროს ვაჟს, შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს ანდო. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დადგენის შემდეგ, მინისტრები დასამტკიცებლად სახელმწიფოს მეთაურს წარედგინება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო KUNA. შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს, ქუვეითის ემირის უფროსი ვაჟს, მანამდე ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ქუვეითის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განაცხადა
ქუვეითის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) ხელმძღვანელმა აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-საბჰმა განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინც მაშაალ ალ-აჰმედ ალ-საბას გადადგომის შესახებ წერილით მიმართა. წინა მინისტრთა კაბინეტი 2020 წლის 14 დეკემბერს ქუვეითში საყოველთაო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. თუმცა, ერთი თვის შემდეგ, 12 იანვარს, პრემიერმა პარლამენტთან უთანხმოების გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ემირას მიმართა. 18 იანვარს სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო კაბინეტის გადადგომის განაცხადი, მაგრამ მინისტრებს დაავალა მოვალეობები საამიროს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულონ.
კულება: ქუვეითმა კარგად იცის, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ქუვეითს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ საკითხზე ის ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა. „მე მადლობა გადავუხადე საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ სალემ ალ-საბას ქუვეითის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ქუვეითელმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათ კარგად ესმით ჩვენი. მე მოვიწვიე ქუვეითი, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. რამდენიმე დღის წინ, ქუვეითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას. ოფიციალური განცხადება ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ სალემ ალ-აბდულა ალ-ჯაბერ ალ-საბასა და უკრაინის ელჩის ქუვეითში ალექსანდრე ბალანუცას შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
ქუვეითის ნავთობკომპანიამ ნავთობის გაჟონვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ქუვეითის ნავთობკომპანიამ ხმელეთზე ნავთობის გაჟონვის შემდეგ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. დაშავებულების შესახებ ცნობები ან წარმოების შეფერხება არ დაფიქსირებულა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დასავლეთში ნავთობის გაჟონვას მოჰყვა, - ნათქვამია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის განცხადებაში. „გაჟონვის შედეგად დაზიანებები არ მომხდარა და წარმოება არ დაზარალებულა“, - ციტირებს AFP კომპანიის სპიკერს კუსაი ალ-ამერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ტოქსიკური ორთქლი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ნავთობის გაჟონვა საცხოვრებელ უბნებში არ მომხდარა. „ჩვენი გუნდი ადგიულზეა გაჟონვის წყაროს დასადგენად და ინციდენტის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ალ-ამერმა. მან ნავთობის გაჟონვის ზუსტი მდებარეობა არ დააკონკრეტა. ქუვეითი ნავთობის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მთავრობის შემოსავლების თითქმის 90 პროცენტი ნავთობზე მოდის. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მთავარი წევრი დღე-ღამეში დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს აწარმოებს.
ქუვეითის ამირა გარდაიცვალა
ქუვეითის მმართველი ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ქუვეითის ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ნოემბრის ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. შეიხი ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ქუვეითს 2020 წლიდან მართავდა. ქუვეითის ახალი ამირა შეიხი ნავაფის ნახევარძმა, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი გახდება.
ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო
ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეს დილით რამდენიმე ამერიკული ავიამოიერიშე ჩამოვარდა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟი უვნებლად გადარჩა, მოხდა მათი ევაკუაცია და ჰოსპიტალში გადაყვანა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის კოორდინაციაშია თავის ამერიკელ მოკავშირეებთან შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებით და აგრძელებს გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი. ამერიკულ სარდლობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ქუვეითი ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ქუვეითმა სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო. „სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა,“ - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან. „ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის ამ მიმდინარე ოპერაციაში,“ - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ. ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო
აშშ-მ დიპლომატიური პერსონალის ნაწილს ახლო აღმოსავლეთის დატოვება მოსთხოვა
ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა. ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს. „გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, სადაც იმყოფებიან. 3 მარტს, აშშ-მ არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს და მათ ოჯახის წევრებს უბრძანა, დაეტოვებინათ კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ერაყი და იორდანია და ირანთან დაძაბულობის გამწვავების გამო, რეგიონში რამდენიმე დიპლომატიური მისია დახურა. საუდის არაბეთში აშშ-ის მისია 3 მარტს დრონით თავდასხმის შემდეგ დაიხურა, ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფ ამერიკელებს კი, თავშესაფარში ყოფნა ურჩიეს.