თეგი: ქურდობა
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა. „სამართალდამცველები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში. რაც შეეხება ქანდაკების დაზიანებას, 2017 წელსაც მოხდა მსგავსი რამ, ქანდაკებას მოტეხილი ჰქონდა ხელი და თავი. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი, რომელიც დაიდგა 2016 წელს. მისი ავტორი გახლდათ მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია“, – განაცხადა დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსმა, ნანა ხუბუამ.
მედია: საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, აკაკი ბილანიშვილი დააკავეს
საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, 72 წლის აკაკი ბილანიშვილი დააკავეს. სპეცოპერაცია ათენში, 13 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. მათგან 11 საცხოვრებელი სახლი იყო და ორი მაღაზია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. დაკავებულებს ათეულობით სახლის გაქურდვა და მოპარული ნივთების რეალიზაცია ედავებიან. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი, სააბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და დიდძალი ძვირფასეულობა ამოიღეს. ბილანიშვილის გარდა დაკავებულები არიან: ლიკა ჟვანია, ბექა ბალახაძე, მიხეილ შანყულაშვილი, ზაზა თევზაძე, ჯემალ ლეჟავა, დავით რუბაშვილი, ლაშა ჯიმშიტაშვილი. ასევე აყვანილია კიდევ ერთი პირი – რაშიდ მაჰმუდი.
მარტვილის ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს
მარტვილის სოფელ სერგიეთში საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზარალებულ ოჯახს თანხა სესხად ერთ-ერთი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი. ამასთან, ამ ეტაპზე, დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან ქურდობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები პოლიციამ იპოვა. ქურდობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი შუა ხნის კაცია დაკავებული. როგორც ცნობილია, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ. ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. ამასთან, „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა იყო მოპარული.
თბილისში, სილამაზის ცენტრი გაქურდეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სილამაზის ცენტრი გაქურდეს.გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 11 000 ლარზე მეტი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ობიექტიდან ნიმუშების აღებაც მოხდა, სამართალდამცავებმა კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს.ესთეტიკის ცენტრი "გენეზისი" დაახლოებით დილის 05:00 საათზე გაძარცვეს. დადგენილია დამნაშავეთა ვინაობა, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები წარსულშიც ქურდობის ბრალდებით იყვნენ ნასამართლევი, ამჟამად კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა მცხეთაში, ერთ-ერთი პირის აგარაკზე ფარულად შეაღწიეს და საოჯახო ტექნიკა მოიპარეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირი - 1990 წელს დაბადებული გ.შ., 1994 წელს დაბადებული ბ.ტ და 1996 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე ა.ტ.-ს კუთვნილ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იტალიაში საქართველოს მოქალაქე მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით დააკავეს
ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დანაშაული გასულ კვირას, ვიჩენცის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციის დროული ჩარევის შედეგად 30 წლის ბ.ს. დააკავეს, რომელსაც სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტი იყო. მოსამართლემ 30 წლის ქართველ კაცს პატიმრობა შეუფარდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულს 31 წლის თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც ბინადრობის მოწმობა წესრიგში აქვს და დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალი. მესამე ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.