თეგი: ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს. განცხადების ავტორები, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინი თანათავმჯდომარე, სტივ კოენი, სენატორი როჯერ უიკერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონი თვლიან, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსაც უნდა შესთავაზოს კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ. „მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აინტერესებს ევროატლანტიკურ დასავლეთთან ინტეგრაცია. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ მუდმივ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, თუნდაც დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.საქართველოს ხალხმა ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებების და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ ეს გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათაც უნდა შევთავაზოთ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ.ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებთ, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასოდეს არის  პერიოდული უკუსვლების და გრძელი გზის გარეშე, და, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპული ოცნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

ჰელსინკის კომისია: ეს კანონპროექტი არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს უცხოელი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონმდებლობას, რომელსაც შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე. „იმ ცნობების პასუხად, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობას, რომელსაც შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი, წევრი სტივ ჯოენი და წევრი როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ეს არ შეიცვლება. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.

„ქართული ოცნებისთვის“ ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური მათ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში - ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების გაწვევას მისასალმებელ ნაბიჯად აფასებს. Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისის ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რათა დაინახოს, რომ მომიტინგეები სწრაფად თავისუფლდებიან. „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განსამუხტად, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს“. „ქართული ოცნებისთვის“ ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის ნებისმიერი ჩამოშლისა და მათ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ მისი დემოკრატიის ჭეშმარიტად განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად“, - წერს კომისია.      

ჰელსინკის კომისია: მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის

ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.  

ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას აკრიტიკებს. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ამ გზით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს. საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ უარი თქვას ამ კანონპროექტზე და ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიასა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდეს,“ - აცხადებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ბენ კარდინი და სენატორი, როჯერ ვიკერი.  

ჰელსინკის კომისია: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,“ - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ცნობისთვის, Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს. Politico: აშშ საქართველოსთვის უსაფრთხოების პაკეტსა და ვიზლიბერალიზაციას განიხილავს, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ კურსს შეცვლის  

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შავ ფულს ეყრდნობა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს „ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებს.“ ამის შესახებ კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. “ქართული ოცნება“ ეყრდნობა შავ ფულს, მთელ მსოფლიოში [მოქმედი] თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია,“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ჰელსინკის კომისია დაკომპლექტებულია სენატორებისა და კონგრესმენების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან და მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაა.  

ჰელსინკის კომისია სანქციებზე: ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა

„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს,“ - შესაბამის განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის გვერდზე ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი სანქციები, ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ შიშის გარეშე. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“ წერს ჰელსინკის კომისია. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.  

ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.  განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი. „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.  

ჰელსინკის კომისია: უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან თავისი დემოკრატია

23 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ, რომლის წევრებიც ორივე პარტიისა და ორივე პალატის წარმომადგენლები არიან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად. კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაისში "მეგობარი აქტი" წარმოადგინა, მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი ივლისში დაუჭირა. კანონპროექტის ინგლისური სახელის აბრევიატურაა: "MEGOBARI." „მაისში შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღსანიშნად, ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარმოადგინეს "მეგობარი აქტი", ორპარტიული კანონი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. სანამ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა თავისი დემოკრატიის დასაცავად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გასაგრძელებლად," - წერია კომისიის განცხადებაში. 22 ოქტომბერს კი სენატორმა ჯინ შაჰინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან ერთად წარმოდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს - ამჯერად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მხარდამჭერები და თანასპონსორები დაემატა, კიდევ 10 სენატორი. „სენატორები შაჰინი და რიში აცხადებენ, რომ დამატებით 10 სენატორს სურს ორპარტიული "ქართველი ხალხის აქტის" თანასპონსორობა. ეს კანონპროექტი გულისხმობს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მთავრობის წევრებისგან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის დაწინაურების, თუ მისი დამტკიცების ძალისხმევისთვის," - ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.  

ჯო უილსონი: ცალსახად ვგმობ რეიდებს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ „რეიდები კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა.“ „დიდი განგაშითა და შეშფოთებით გავიგე საქართველოს მთავრობის რეიდების შესახებ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში. ისინი “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ რუსული დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. როგორც მესმის, მთავრობამ მკვლევრების ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია მოახდინა, მათ შორის ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერის. ცალსახად ვგმობ რეიდებს. ის რომ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. დარწმუნებული ვარ, რომ რეიდები არანაირ შედეგებს არ მოიტანს, გარდა იმის დადასტურებისა, რომ ბუზიაშვილი და გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ანგარიშვალდებულება უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მათთვის, ვინც აშკარად ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება,” - აცხადებს უილსონი. "ატლანტიკური საბჭო" საქართველოში თავისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე მეტ სიცხადეს ელის  

აშშ-ის ჰელსინკის კომისია: გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე. X-ის გვერდზე განთავსებუ განცხადებაში წერია, რომ „ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის მათი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. „მათ მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდათ. ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე. გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!” - წერს ჰელსინკის კომისია. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ ეს განცხადება მან მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. მათ კი, ვინც პროტესტი გამოხატა, კობახიძის თქმით, მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ. „ზოგადად, ჩვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, მით უმეტეს, საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრების და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, რომ განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა. კარგად შეგიძლიათ, წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული ეს ტექსტი, ან თუ წაიკითხა, შეიძლება ვერ გაიაზრა,“ განაცხადა პრემიერმა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.