აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს. განცხადების ავტორები, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინი თანათავმჯდომარე, სტივ კოენი, სენატორი როჯერ უიკერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონი თვლიან, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსაც უნდა შესთავაზოს კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ.
„მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აინტერესებს ევროატლანტიკურ დასავლეთთან ინტეგრაცია. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ მუდმივ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, თუნდაც დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.
საქართველოს ხალხმა ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებების და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ ეს გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათაც უნდა შევთავაზოთ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ.
ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებთ, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასოდეს არის პერიოდული უკუსვლების და გრძელი გზის გარეშე, და, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპული ოცნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.