თეგი: დეპუტატები

პარლამენტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო და საკითხს ხვალ განიხილავენ. საკომიტეტო განხილვის შემდეგ, კომიტეტის მომზადებული დასკვნა იმის თაობაზე, უნდა შეუწყდეთ თუ არა აღნიშნულ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილება, პლენარულ სხდომას 14-18 თებერვლის კვირაში წარედგინება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით სიები ჩახსნეს, შესაბამისად, მათ ადგილმონაცვლე დეპუტატები უკვე ვეღარ ჩაანაცვლებენ, ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტში 150 კანონმდებელი ვეღარ იმუშავებს. ამასთან, საკუთარი გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოდან წასულ კახა კუჭავას ადგილს კი გია ცაგარეიშვილი დაიკავებს.

ომბუდსმენი: პარლამენტის წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა, რომელთა მიმართაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ. „ამ შემთხვევაში პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ უფლებამოსულების შეწყვეტის საფუძვლად არის გამოყენებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ხანდაზმული მუხლის საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრინ მათი უფლებამოსულების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მე ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ,

4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება

4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძემ განმარტა, რატომ უწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს. „ბატონმა კახა კუჭავამ ნებაყოფლობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა და მოგეხსენებათ, ეს წარმოადგენს საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას გაწეული შრომისთვის საქართველოს პარლამენტში და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 2 დეპუტატის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის, რაც კანონმდებლობითა განსაზღვრული. ეს გახლავთ პლენარული სხდომებისა და საპარლამენტო საქმიანობის ფუნქციის განუხორციელებლობა არასაპატიო მიზეზით", - განაცხადა სარჯველაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტის წევრმა "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. ჯაფარიძემ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება გაიხსენა, რის გამოც მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და იმ დღესთან პარალელი გაავლო.   "მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება - სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება პულტები", - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება.

საქართველოს პრეზიდენტი: შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე წერს და აღნიშნავს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება. „დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 15 თებერვალს უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. არასამთავრობოების შეფასებით, „ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს“. „საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარმოადგინა, დოკუმენტი ოპოზიციისთვის მაშინვე მიუღებელი გახდა.  პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის. პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ. მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს. დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ISFED-ზე აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკეს

„ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ, - ასე ეხმაურებიან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ლიდერები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. ამერიკის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას მათი შეფასებით, „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. „უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა. საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში. პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. „პივიტი“) გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა. სწორედ „პივიტის“ გაყალბება იქცა რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად და პარლამენტის საბოტაჟის განსახორციელებლად, რასაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ და „საიასთან“ ერთად, პოლიტიკური კრიზისი პირველად სწორედ „ისფედმა“ უწოდა. როდესაც ასეთი მასშტაბის გაყალბების ავტორ ენჯეოს ამერიკის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, ცხადია, რაშიც არის საქმე. ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო „ისფედს“ სრულად ენდობა. ბოლოსდაბოლოს, მან ამ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბებაც კი ანდო. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული „პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც „ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის „ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს. პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ „ისფედის“ ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა. როდესაც ამის შემდეგ საელჩო „ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა „ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია - ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა. როდესაც საელჩოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა - მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა - ასეთი „დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს. გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს. წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია”, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ. ,,კურორტი ფაქტიურად გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს მოხდა ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცა ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ადამიანებს საშუალება მისცა ხმების სანაცვლოდ იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენა ,,ქართული ოცნების ადგილობრივმა წრმომადგენლებმა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. პროკურატურის გავრცელებულ მეორე განცხადებას ვკითხულობთ, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც ,,ქოცი“ იყო დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ იმათ კიდევ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, დანაშაული არ უნდა წაახალისო“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ. ამასთან, ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.  

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია

"გზავნილი, რომ რუსეთის აგენტი ცუდია და ამერიკის კარგი, მიუღებელია", - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა გაავრცელეს. ამასთან, პარლამენტის წევრების განცხადება შეეხება რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ წერილს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ არის საუბარი. მათივე თქმით, შემაშფოთებელია, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს.  „ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ. დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ. ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია: პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება. მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მოსკოვისა და პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალური დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ

მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, საჯარო განცხადებას მოაწერეს ხელი.  შესაბამისი დოკუმენტი სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის „სემენოვსკის“ დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა გამოაქვეყნა, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს. „ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავალს. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან!“- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტს ხელი 2 ათეულმა დეპუტატმა მოაწერა. მანამდე მოსკოვის მუნიციპალური ოლქის „ლომონოსოვსკის“ დეპუტატთა საბჭომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ასევე, სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას, ვლადიმერ პუტინს ღალატის ბრალდება წაუყენოს, რათა უკრაინაში ომის გამო თანამდებობიდან გადააყენონ.   

იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამასთან, ადგილზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დარბაზიდან გაიყვანეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ასევე, ძალით გაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.    

პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. შეგახსენებთ, ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდებოდა“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ასევე წაიკითხეთ: დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია

პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ჰყავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის, გიორგი ხახუბიასა და სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. გიორგი ხახუბიას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სალომე ჯინჯოლავას – 90-მა და ისინი პარლამენტის წევრები გახდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალი დეპუტატები მუშაობას დღეიდან შეუდგნენ. გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. რაც შეეხება სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეა.