ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.
შეგახსენებთ, ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდებოდა“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს.
ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
- ასევე წაიკითხეთ: