ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი, ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოძიება საქმესთან დაკავშირებული დაკავებულების ვინაობას ოფიციალურად არ ასახელებს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი, ევა კაილი. დაკავებულები, ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
ბერძნულ პრესაში ვრცელდება პარტიის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდან გარიცხეს.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.