ნათია თურნავა: 15 ივნისს ერევანი-ბათუმის მიმართულებით თბილისის გავლით პირველი მატარებელი დაიძრება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნას უკვე მოჰყვა შედეგი, რაც ტურისტების ზრდაში გამოიხატება. ნათია თურნავამ დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის აღდგენა იგეგმება, რაც შავი ზღვის კურორტებისთვის მნიშვნელოვანია.

„ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ და სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან პირველი შედეგები მოგვცა მომატებული ტურისტული ნაკადების სახით მეზობელი ქვეყნებიდან. აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის და უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოდან ტურისტები ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ადგილებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, თურქეთთან არსებული სახმელეთო საზღვრიდანაც მოქალაქეების შეუფერხებლად შემოსვლა მიმდინარეობს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელიც ასევე დიდი კონტრიბუტორი იყო საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის, ჯერ კიდევ მუშაობენ საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და მათი დაბრუნების წესებზე. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მალე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი, პანდემიის გამო, დროებით შეჩერებული იყო. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.