საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
უწყება, განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს შეუწყობს ხელს.
სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.
„დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს, კი ქალაქ შუშაზე.
9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.