უაღრესად საინტერესო, შინაარსიანი და დეტალური განხილვა იყო, იმ კომპლექსური საკითხების, რომელიც აქტუალურია, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე - საერთაშორისო დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, ამის კიდევ ერთი დასტურია,
„განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი ჩვენს გარშემო ძალიან სწრაფად იცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია, პოზიციების შეჯერება და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხზე - თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება.
ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, იმ ვაქცინების მიმღებად გამოაცხადა, რომელიც გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის კიდევ ერთი აღიარება და დაფასება ჩვენი, როგორც რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირის და დასაყრდენის.
რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაუბრეთ რეგიონზე, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოზე, იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და აქ, ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
„ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ აშშ-ს მხრიდან იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ NATO-ს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით და ეს აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ღია კარის პოლიტიკა და აშშ-ი ჩვენი მხარდამჭერი იქნება.
ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში და პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამას გაუსვა განსაკუთრებით ხაზი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია უმაღლეს დონეზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ დიდ საკითხებს შორის იყოს ხაზგასმა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო დემოკრატიულ რეფორმებს.
„მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და მზაობა, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ჩვენს მდგრადობას და ამ მხრივ ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან გადადგმულია კიდეც და ამ დეტალებზე იყო საუბარი.
მივესალმებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენას, იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე პარლამენტშია. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია, ყველამ, ვინც იყო 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე, შეასრულოს ის და იყოს თანმიმდევრული თავის პოზიციებში, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის, ვინაიდან, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, როგორც არასდროს, საჭიროა მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია და აქ არ უნდა იყოს გამონაკლისი რომელიმე ცალკეული პარტია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია