"თუ არ გავაძლიერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, დაუცველები და მოწყვლადები ვიქნებით ამ სიტუაციაში"

მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შეთანხმების თანახმად, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი სამშვიდობოების ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს, არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის ხსენება, საზოგადეობაში, ერთგვარ ირონიას იწვევს. რა როლი ითამაშა აქამდე და როგორი იქნება ის მომავალში, ქმნის თუ არა კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა საფრთხეებს საქართველოსთვის, როგორი უნდა იყო ჩვენი პოზიცია, ამ და სხვა საკითხებზე, „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ( 2014-2018), ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ომის დასრულებას, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, და როგორია რუსეთის როლი?

- უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მშვიდობა დამყარდა, უფროს სწორად შეწყდა ცეცხლი, მაგრამ ეს არ არის ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა. დღევანდელი სტატუს-ქვო არის შემდეგი - აზერბაიჯანმა მოახერხა და დაიბრუნა ტერიტორიების ძალიან მნიშნელოვანი და სერიოზული ნაწილი, თუმცა ამავდროულად, რუსეთმაც დაიბრუნა თავისი სამხედროების ყოფნის უფლება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ობიექტი, რომელიც მათ კონტროლქვეშ იყო, კაბალის რადიოლოკაციური სადგურია, რომელიც ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს დაიხურა და რუსეთის ძალებმა აზრბაიჯანის ტერიტორია დატოვეს. დღეს კი რუსეთმა მიიღო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მშვიდობისმყოფელის მანტიით, იმ კონფლიქტში, რომელიც იმთავითვე მის მიერ იყო ინსპირირებული და შემდგომ პერიოდშიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშვიდობა არ დამყარებულიყო. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც იარაღით ამარაგებდა, როგორც ერთ, ისე მეროე მხარეს. ასე რომ რეალობა გვაქვს ასეთი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მნიშნელოვანია იმით, რომ შეწყდა სისხლისღვრა (ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ადამიანები იღუპებიან), მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთმა მიიღო დამატებითი ბერკეტები რეგიონში, და ეს არის ბერკეტია- როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე ზემოქმედებისათვის.

- ის რეალობა, რაც ახლა იქმნება კავკასიაში, რამდენად და როგორ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე?

- სატრანზიტო პოტენციალზე, თუ იმას ვგულისხმობთ, რომ ნახიჩევანისკენ იხსნება ვიწრო კორიდორი, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. სხვათაშორის გასათვალისწინებელია, რომ ამ კორიდორს, ამ შეთანხმებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ჯგუფები გააკონტროლებს. ამიტომ ვერანაირად ვერ განვიხილავთ ამ ვიწრო დერეფანს, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებელს. თუმცა საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომელიც გუშინ დამყარდა, რუსეთის გაძლიერება რეგიონში. საქართველოსთვის ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს ეს ფაქტორი. თუ არ გავაძლიერეთ აქტივობები და თუ ვერ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორების მეტად დაინტერესება საქართველოთი და საქართველოს უსაფრთხოებაში ვართ საკმაოდ დაუცველები და მოწყვლადი ამ სიტუაციაში. ამ ინტერესის გაძლიერება კი შეიძლება სწორედ, ისეთი პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს, ერთის მხრივ, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას (ამ მხრივ, ძალიან მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ისეთი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი), და მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს დიპლომატიურ აქტივობაზე ნატოს ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივ ფორმატში ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობებს. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაშიც კიდევ უფრო უნდა გავვაქტიურდეთ და თავად ნატო, რომელში ინტეგრაციაც, საქართველოსთვის დღეს უაღრესად მნიშნელოვანია, მით უფრო როცა რუსეთი ძლიერდება ამ რეგიონში.

- ახსენეთ ანაკლია, თქვენი აზრით რა ბედი ეწევა ამ პროექტს? განხორციელდება თუ არა მისი მშენებლობა, მითუფრო, რომ ახლა კიდევ უფრო დადასტურებულად წარმოჩინდა როგორი საჭიროა მსგავსი პროექტები ქვეყნის, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ უსაფრთხოების კუთხითაც?

- ანაკლიის პორტი დღეს სამწუხაროდ შეჩერებულია, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს პროექტი ხელახლა დაიძრას და განხორციელდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს იქნება მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დამატებითი გარანტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული, სწორედ მსგავსი პროექტების განვითარებაა. რაც უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის ინტერესი იქნება საქართველოში წარმოდგენილი, რაც უფრო მსხვილი კომპანიები იქნებიან ჩართულები, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა და ბაქო-თბილისი-ერზუმმა განაპირობა ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან გავიდა. რომ არა ეს პროექტები, არც ეს არ მოხდებოდა. ასეთ პროექტებს არ აქვს მხოლოდ კომერციული მნიშვნელობა, ისინი თავიანთი პოლიტიკური დატვირთვით არიან მნიშვნელოვანნი. ჩვენს ინტერესებშია მსგავსი პროექტები განვითარდეს და საქართველო მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ბიზნესისათვის, დღეს ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. დღეს ამას კიდევ უფრო მეტი მნიშნელობა აქვს, ვიდრე აქამდე.

- რუსეთმა გაიმყარა პოზიციები იქ, სადაც სურდა, რამდენადაა აზრბაიჯანისთვის ეს გამარჯვება...

- დღევანდელი გადასახედიდან, აზერბაჯანი ტერიტორიულად უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე იყო ორი და სამი თვის წინ, რადგან მან დაიბრუნა ეს ტერიტორიები, თუმცა ვიმეორებ რომ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია იმაზე, რამდენად მართებულად და ჯეროვნად შესრულდება მიღწეული შეთანხმება. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, აქ რუსეთი ყველანაირად შეეცდება თავისი პოზიციები გაიუმჯობესოს. თუმცა აზერბაიჯანი რამდენად იქნება მოწყვლადი ყოველივე ამის მიმართ, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ძლიერი და დაცული იქნება საქართველო. ამიტომ საქართველოს მნიშნელობა, რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო იზრდება და რუსეთის ინტერესი ჩვენს მიმართ, არ კლებულობს, ამიტომ ჩვენს დაცულობას დიდი მნიშნელობა აქვს.

- როგორია თურქეთის როლი და მნიშვნელობა ამ კონფლიქტში?

- თურქეთი თავისთავად ცხადია დაინტერესებული მხარეა და მას ეს არც დაუმალავს, თურქეთმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა აზერბაიჯანს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები იყო, რომ თურქეთი მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილებას, უშუალოდ მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით, ჩანაწერი შეთანხმებაში არ არის. თუ ამის მიღმა არის კიდევ სხვა შეთანხმება, არ ვიცი, მაგრამ ამაში, საუბარია რუს სამშვიდობოებზე და არა თურქებზე. ვნახოთ რა ფორმით იქნება თურქეთი ჩართული. თურქეთისთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ, სტაბილური და განვითარებული საქართველოც. ამ კონტექსტში, თურქეთი, ჩვენი შეურყევადი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობა.

- მაშინ როცა ითქვა რომ რუსი სამშვიდობოები შევლენ ყარაბაღში, ჩნდება ერთგვარი ,,დეჟავიუს’’ შეგრძნება საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, როცა ვკითხულობთ, რომ საუბარია 5 წელიწადზე, შემდგომი განგრძობის პერსპექტივით, პირველი, რაც გვახსენდება, დღეს რუსი სამშვიდობოების დანატოვარი კვალი, უდიდესი სამხედრო ბაზებია აფხაზეთში...

- გეთანხმებით, შეუძლებელია ასეთი გრძნობა არ გაჩნდეს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში, რადგან თუ შევხედავთ იმ მანდატს, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა, ეს მანდატი აფხაზეთის მხარეს იყო გაეროს მანდატი, ცხინვალის შმეთხვევაში, კი ეუთოსი. რუსეთმა ახლა რაც მოახერხა, არის ის, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა, მხოლოდ და მხოლოდ მხარეების ხელმოწერით მიიღო ეს სტატუსი, რაც თავისთავად მოქმედების მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ანგარიშვალებულებას აძლევს. მეორე - თუ შევხედავთ, იმას, რამდენად სწრაფად მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის პერედისლოკაცია, ვნახავთ, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ მანამ, სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა. ამისთვის რუსეთი, ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა, კარგად აკვირდებოდა სიტუაციებს, აკეთებდა შესაბამის გათვლებს, სცენარები მუშავდებოდა და ერთ-ერთი განხორციელებული ფაზა, ვნახეთ, ამ მოცემულობაში, შეუძლებელია დეჟავიუს შეგრძნება არ გაჩნდეს, ისედაც ცხადია, რომ ეს კონფლიქტები იმთავითვე რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილიც.

- სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. რა იქნება ამ ვიზიტის მთავარი მესიჯი, მითუფრო იმ ფონზე რა პროცესებიც რეგიონში მიმდინარეობს?

- ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული რეალობების გათვალისწინებით. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივებიც შევთავაზოთ სტრატეგიულ პარტნიორს.

სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"