საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მაიკ პომპეოს ტურნეს აბსოლუტურად ლოგიკურ სვლად მიიჩნევს ამერიკული დიპლომატიისთვის, რადგან პრაქტიკულად, ყარაბაღში გეოპოლიტიკური რეალობა, თვისობრივად კი ძალთა ბალანსი შეიცვალა. მისივე შეფასებით, საქართველოს სტაბილურობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის პირველი დიპლომატი ალბათ ეცდება, რომ ამ სტაბილურობის მნიშვნელობაც აუხსნას საქართველოს.
გიორგი გობრონიძე „ევროპათაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მ მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი ინტერესის შესახებ და თავისი მოკავშირის მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინის.
„ეს ვიზიტი დიდი ხნით ადრე რომ დაგეგმილიყო, როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე მსგავსი ვიზიტების შემთხვევაში, უფრო მალე გასაჯაროვდებოდა და საზოგადოებასაც ექნებოდა ინფორმაცია. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკულად, ეს არის პირდაპირ კავშირში ბოლო პერიოდის მოვლენებთან, რომელიც ყარაბაღის რეგიონში განვითარდა.
ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სვლა ამერიკული დიპლომატიისთვის გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკულად, ყარაბაღში შეიცვალა გეოპოლიტიკური რეალობა და თვისობრივად შეიცვალა ძალთა ბალანსიც - აქამდე, სომხეთი და აზერბაიჯანი თანაბარ სიბრტყეში განიხილებოდნენ, არ იყო რუსეთის სამხედრო ჩართულობა კონფლიქტში; თურქეთი არ იყო ამ დოზით წარმოდგენილი კავკასიის რეგიონში; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი ინტერესის შესახებ და თავისი მოკავშირის მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინის.
შესაბამისად, ერთგვარი სიგნალი არის გაგზავნილი რეგიონული მოთამაშეებისთვის, რომ აქ არსებობს ამერიკული ინტერესი და ასევე არის სიგნალი საქართველოსთვის, რომ ამ რთულ პერიოდში (როგორც გეოპოლიტიკური, ასევე სხვა მიმართულებებით, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური ტურბულენტობა) არ ვრჩებით მარტო და მოკავშირე ჩვენს გვერდით ყოფნაზე უარს არ ამბობს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.
ექსპერტი ამ ვიზიტს მაინცდამაინც მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ვერ უკავშირებს, რადგან ამისთვის აშშ-ს საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის სხვა არხებიც აქვს, თუნდაც საელჩოს სახით.
„არ ვამბობ, რომ არჩევნებზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და მის მნიშვნელობაზე არ მოხდება ხაზგასმა, რადგან არაერთხელ აღნიშნეს ამერიკელმა დიპლომატებმა, რომ საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია მთლიანად კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით - პრაქტიკულად, საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მდგრადობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს“.
გიორგი გობრონიძის განცხადებით, სომხეთში უნდა ველოდოთ მოვლენათა საკმაოდ რთულ განვითარებას, რადგან სომხური საზოგადოება ომში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებულია. ამასთან, არის მძიმე ემოციური ფონი, რასაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონიც ემატება. ასევე არის დიდი იმედგაცრუება სომხურ საზოგადოებაში მმართველი რგოლის მიმართ.
ამ ფონზე კი აზერბაიჯანი გამარჯვების ეიფორიაშია. შეიძლება, აზერბაიჯანი სხვა გამოწვებების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან არ ხდება ისე, რომ მარტო ტერიტორია დაბრუნდა და ყველაფერი კარგად არის.
მოხდა ის, რაც არ დაფიქსირებულა 90-იან წლების პირველ ნახევარში, როდესაც რუსეთი მაშინაც ითხოვდა სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ამასთან, აზერბაიჯანს მოუწია თურქეთის დახმარებით სარგებლობა და როგორც ცნობილია, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერს აქვს ფასი და მათ შორის, არც თურქეთის დახმარება იქნება უფასო.
რეგიონში სტაბილურობის მიღწევა კიდევ უფრო გართულებულია, ჩვენ არ ვიცით, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს და როგორი იქნება რუსული სამხედროების ყოფნა მოცემულ პერიოდში. ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ რუსეთი ჩაერეოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სცენარი მზად აქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რამდენად სწრაფად გადაისროლეს სამხედრო ძალები.
ამ ფონზე საქართველოს სტაბილურობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის პირველი დიპლომატი ალბათ ეცდება, რომ ამ სტაბილურობის მნიშვნელობაც აუხსნას საქართველოს და შეგვიძლია გამოვყოთ ორი მიმართულება - 1. უშუალოდ, ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება; მიმდინარე პროცესები და ამ თვალსაზრისით ამერიკის ჩართულობა და შესაძლო მხარდაჭერის ვარიანტების განხილვა; 2. დაფიქსირება ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ერთგულებისა და საქართველოს, როგორც მისი მოკავშირისადმი უპირობო მხარდაჭერისა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ახალი რეგიონული ძალები მაინც ახდენენ პოზიციათა გაძლიერებას და პრაქტიკულად ცვლიან გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსს, ან მიზიდულობის ცენტრებს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.