დავით ზალკალიანი: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა

აბსოლუტურად მართალია მსჯელობა იმაზე, რომ დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იგივეა წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა ასახულია ყოველწლიურ, ეროვნულ პროგრაში და ამ პროგრამის ძირითადი დეფინიცია არაფრით განსხვავდება სამოქმედო გეგმისგან.

„საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწლიური, ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებაში. ასევე ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს საბოლოო წევრობისთვის. იგივე მაპის საკითხი - დარჩენილია მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ბარიერი.

ჩვენ ვართ პირნათელი NATO-ელ პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კომპლექსური საკითხია, გადაწყვეტილება NATO-ს წევრებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება.

NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას