საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ესტონელი პოლიტიკოსის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ NATO-ს სამიტის კომუნიკეში კვლავ დადასტურდა, საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ის ფაქტი, რომ სამიტის წინ, პარლამენტში მყოფმა ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ NATO-ში გაწევრიანება (ისევე როგორც ევროკავშირის წევრობა) პარტიებს შორის კონსენსუსზე მიუთითებს, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია.
საქართველო ხელს უწყობს ევროპისა და მსოფლიოს კოლექტიურ უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით ალიანსის ოპერაციებში (მაგალითად, საქართველო NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სიდიდით მე-4 კონტრიბუტორია და წვლილი შეაქვს ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების დახმარებაში. საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის რეგიონის NATO-ს პოლიტიკურ-სამხედრო შეფასებაში). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ NATO-მ თავის კომუნიკეში კიდევ ერთხელ გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და MAP-ი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.
19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაციას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების უხსნის გზას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, მოემზადოს NATO - ს წევრობისთვის“, - განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა Europetime-ს.
ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია