საქართველო გახდება NATO-ს წევრი და MAP-ი ამ პროცესის ნაწილია; მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და თვითნებური დაკავებები; უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში; მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობისთვის; მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მზარდი, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ; მივესალმებით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს უხსნის გზას. ამ შინაარსით კომუნიკე ბრიუსელში, 14 ივნისს, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა. ალიანსმა ასევე მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ამ რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, მათ შორის ბორდერიზაციის მსგავსი დაბრკოლებების შექმნა.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, უკრაინასა და საქართველოს. და გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს მათ NATO-სთან“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელის NATO-ს სამიტის დასასრულს.
ოფიციალური თბილისი კომუნიკეში „ძალიან მნიშვნელოვან ახალი პასაჟზე“ მიუთითებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამიტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში.
„წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარული ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველო ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის თქმით, კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით.
„მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
„საქართველოსთან მიმართებით, კომუნიკე საკმაოდ დადებით და პოზიტიურ განცხადებებს მოიცავს, მათ შორის მნიშვნელოვანია დაპირება, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ყველა, მანამდე არსებული მოლოდინი ასახულია კომუნიკეში.
კერძოდ, საქართველოს მედეგობის განვითარებას, განსაკუთრებით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყონ, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე მედეგობის თვალსაზრისით დაგვეხმარებიან, ასევე მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ასევე შეუწყობს ხელს ალიანსი. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ხსენება, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა“, - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.
მისი თქმით, აშკარად ჩანს და დადასტურებულია NATO-ს სურვილი, გააწევრიანოს საქართველო. პირველ რიგში ამას, წინ ეღობება რუსეთის პოზიცია, რომელიც რისკის შემცველია პირველ რიგში საქართველოსთვის და ასევე NATO-ს წევრებისთვისაც.
Europetime-თან საუბრისას კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, შავი ზღვის მნიშვნელობა NATO-სთვის, ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ამასთან, არგუმენტებია მოყვანილი, რომ NATO-ს სჭირდება საქართველო და ალიანსი მის გვერდით იქნება.
„კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი და პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად, ურთიერთდაპირისპირებული მხარეები, NATO-ში გაწევრიანების მომხრე ძალები არიან“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი Europetime-თან.
Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე სამ ძირითად გზავნილზე მიუთითებს.
„კომუნიკესთან ერთად უნდა განვიხილოთ დოკუმენტი, რომელიც NATO-ს სტრატეგიას განსაზღვრავს უახლოესი 10 წლის განმავლობაში. აქ არის სამი ძირითადი გზავნილი, ისევე როგორც კომუნიკეში.
კერძოდ, ინტერესი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რაც ბუნებრივია, ეხება საქართველოს, ეს არის ასევე ღია კარის პოლიტიკა და დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკასთან NATO-სა და NATO-ს პარტნიორების, მათ შორის საქართველო მიმართ. კომუნიკეში საქართველოს ნაწილი უფრო დეტალურად არის გაშლილი, თუმცა სტრატეგიულ ხედვას განსაზღვრავს ათწლიანი დოკუმენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
NATO აპირებს გაფართოებას, NATO განიხილავს შავი ზღვის რეგიონს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს. ალიანსი ზრუნავს იმაზე, როგორ აამაღლოს პარტნიორების, მათ შორის საქართველოს დაცულობა, უსაფრთხოება. ასევე, იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამისკენ და მზად არის, დაეხმაროს საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც აუცილებელია MAP-ისა და საბოლოო წევრობისთვის; იმისათვის, რომ ერთად ვიმუშაოთ ე.წ. შესაძლებლობების ფანჯრის შექმნაზე, რომელიც ამ ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდის.
რუსეთის ფაქტორზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი იყო. ალიანსის ერთიანი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ტიპის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სრულიად მიუღებელია; რომ ამ ტიპის პოლიტიკას ალიანსი არ შეეგუება და ამ ყველაფერს ექნება თავისი პოლიტიკური ფასი“, - განუცხადა თენგიზ ფხალაძემ Europetime-ს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მთავარ კითხვას სვამს ე.წ. სკეპტიკოსი ქვეყნების შესახებ, კერძოდ, შეწყვიტეს თუ არა მათ პოლიტიკური წინააღმდეგობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. Europetime-თან საუბრისას მეთიუ ბრაიაზა აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი თვლის, რომ მისი აგრესიული მიდგომა საქართველოს მიმართ, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია დააფრთხობს სკეპტიკოსებს, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს გაწევრიანებას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.
„საქართველომ გრძელი გზა გაიარა თავდაცვის რეფორმის თვალსაზრისით, კონკრეტულად ეს ფაქტი, ჩემი აზრით, აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, საქართველო პოლიტიკური კრიზისის მიღმაა და ახლა ქუჩიდან პარლამენტში ინაცვლებს პოლიტიკური დაპირისპირება. შესაბამისად, NATO-ს გარკვეული წევრები ვეღარ გამოიყენებენ საბაბად იმას, რომ საქართველომ არ განახორციელა თავისი დემოკრატიული რეფორმები, რომ გახდეს NATO-ს წევრი“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია