ბელარუსი, კიევის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინიდან თვითმფრინავებს არ მიიღებს. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
"ვინაიდან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, უკრაინიდან თვითმფრინავებს უბრალოდ არ მივიღებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი უკრაინასა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყეტის შესახებ. ამავე დროს, 3 ივნისს, უმაღლესმა რადამ მიიღო გადაწყვეტილება, მინსკში Ryanair- ის თვითმფრინავთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომ ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებები საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხედ აღიაროს.
შეგახსენებთ, მაისის ბოლოს, Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, უკრაინამ ბელარუსთან ავია მიმოსვლა შეაჩერა და ბელარუსულ თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.