უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას 26 მაისის, 00:00 საათიდან წყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ.
"Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, უკრაინასა და ბელორუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოემზადებინათ.
ცნობისთვის, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.