ივანე ჩხაიძე: თუ ქვეყანაში ინდური შტამი გახდა დომინანტური, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში

თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ორი ნიღბის ტარების რეკომენდაციას გასცემს და არა მის მოხსნას ემხრობა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში.

Europetime-თან ინტერვიუში ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა და რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი.

შეიძლება თუ არა მეოთხე ტალღა განპირობებული იყოს „დელტა“ შტამით და რა განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს მას, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ.

„გახდება თუ არა ინდური შტამი დომინანტური, ეს ბევრ ქვეყანაში განიხილება. ამჟამად, დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი ადასტურებენ, რომ დომინანტურია ეს შტამი. ამავე დროს, აშშ-მა დააფიქსირა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ეს ე.წ. დელტა შტამი ახალ ინფიცირებულთა 10 პროცენტს წარმოადგენს. არის მოლოდინი, რომ ეს შტამი დომინანტური გახდება აშშ-ში, ითვალისწინებენ რა გავრცელების სისწრაფეს და აღნიშნული ქვეყნების გამოცდილებას. ძნელი სათქმელია, გახდება თუ არა ეს შტამი დომინანტური საქართველოში, ინდური შტამი ოქტომბრიდან არის ცნობილი და მარტიდან აქტიურად შეისწავლება ინდოეთში შემთხვევების მკვეთრი მატების გამო. მარტიდან ივნისამდე, ანუ სამ თვეში მხოლოდ ორ ქვეყანაში გახდა ეს შტამი დომინანტური, ანუ გარკვეული დრო ამისთვის არის საჭირო. შეიძლება მან ჩაანაცვლოს ბრიტანული (ე.წ. ალფა) შტამი. საქართველოში ვირუსის ჩინური ვარიანტი პირველი და მეორე ტალღის დროს იყო დომინანტური, მესამე ტალღა გამოწვეული იყო ე.წ. ბრიტანული, ალფა ვარიანტით.

_შეიძლება თუ არა მეოთხე ტალღა განპირობებული იყოს „დელტა“ შტამით?

ეს ორ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს. პირველი: როდის ველოდებით მეოთხე ტალღას, თუ ის ემთხვევა ზაფხულის სეზონს, რომლის ალბათობაც არსებობს და შემთხვევების მატების უკან ამ შემთხვევაში დგას გაზრდილი მობილობა, მეტი რაოდენობით ტურისტი, მეტი რაოდენობით მოგზაური, მაშინ მეოთხე ტალღა მოსალოდნელია აგვისტოში, როდესაც მოგზაურობისა და დასვენების პიკია. აგვისტომდე რთულად წარმოსადგენია, რომ ინდურმა შტამმა მთლიანად ჩაანაცვლოს ბრიტანული. შესაძლებელია, ინდურმა შტამმა მთლიანად ჩაანაცვლოს ბრიტანული, მაგრამ ეს იქნება ალბათ უკვე შემოდგომა-ზამთარში. ძალიან რთულია პროგნოზი. ეს კომპლექსური საკითხია და არა ის, რომ აუცილებლად გახდება, მაგრამ ალბათობა არსებობს.

_მიმდინარე თვეს კომენდანტის საათის შესაძლო გაუქმებასა და პირბადის ტარების ვალდებულების შესაძლო მოხსნას ღია სივრცეში როგორ უყურებთ?

ღია სივრცეში პირბადის მოხსნის მომხრე ნამდვილად არ ვარ, რადგან ინდური შტამი უფრო მარტივი გადამდებობით გამოირჩევა. ის ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი და ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა არ შეუწყობს ხელს ინფიცირების რისკის შემცირებას. რაც შეეხება ღამის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, ამის უკან გარკვეული რისკი დგას, მაგრამ ქვეყანა მუდმივად ჩაკეტილი ვერ იქნება. ასე რომ, ეს მეტ-ნაკლებად გამართლებული მიმაჩნია, მაგრამ ვიდრე საქართველოში მოსახლოების თუნდაც 30% არ იქნება ორჯერადად ვაქცინირებული, პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა ღია სივრცეში, ჯერჯერობით ადრეა.

_რა განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს ინდურ შტამს?

დიახ, არსებობს განსხვავებული კლინიკური ნიშნები, რაც ართულებს დიაგნოსტიკურ პროცესს. აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო. მას არ ახასიათებს ცხელება და ხველა, როგორც ძირითადი სიმპტომი. ჩინური შტამის შემთხვევაში, წამყვანი სიმპტომები იყო ცხელება და ხველა. ინდურ შტამს ახასიათებს განსხვავებული სიმპტომატიკა და უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდებსა და 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ეს შტამი გადმოწევს ინფიცირებულთა საშუალო ასაკს. გრიპის დროს, ერთი ადამიანი აინფიცირებს მის გარშემო 1,3-ს, ჩინური შტამის დროს - 2,5-ს, ჩინურ შტამთან შედარებით ბრიტანული 60%-ით გადამდებია. დელტა შტამის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო შეიძლება აინფიცირებდეს 4-5 ადამიანს.

_ამ შტამის შემთხვევაში როგორია თქვენი რეკომენდაციები?

გავაგრძელოთ ნიღბის ტარება. ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი ბრიტანული შტამის დროს მოსახლეობას ორი ნიღბის ტარებას ურჩევდა. თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული და არა მისი მოხსნა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევების საფუძველზე შეისწავლა, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა. რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ბევრი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოვიდეს. ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ასევე ეფექტიანია ინდური შტამის წინააღმდეგაც.

ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია

ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის