ბაქოში, აფხაზეთიდან ყარაბაღში ჩასული მოხალისეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პრესრელიზში მითითებულია, რომ ადამიანების ჯგუფმა, „რომელიც საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს“, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბოროტმოქმედება ჩაიდინა.
„ჩატარებული გამოძიებით დაგინდა, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა სეირან კოჯამანიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა და სხვებმა 2020 წლის ოქტომბერში მოახდინეს 20-ზე მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფის მობილიზება, რომლებმაც გამოგონილი "მთიანი ყარაბაღის" რეჟიმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჩაატარეს, სადაც სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ისაუბრეს. დანაშაულებრივი გაერთიანების ზემოთჩამოთვლილი წევრები, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით სომხეთში ჩასვლის შემდეგ, დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ პირებთან, რომლებიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანების შემდეგ მათ აუცილებელი დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, ანუ სომხეთიდან, საიდანაც ქალაქ ხანკენდსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწიეს. დადგინდა, რომ ისინი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმის მიერ გამოიყენებოდნენ დაქირავებულების როლში სამოქალაქო მოსახლეობისა და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაქოში აცხადებენ, რომ „დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები“ საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიოდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას 12-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ჩატარება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს დაევალა.
ყარაბაღში აფხაზეთიდან მოხალისეთა ჯგუფის გაგზავნის შესახებ ცნობილი 6 ნოემბერს გახდა. აფხაზეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარემ, გალუსტ ტრაპიზონიანმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ „მათ ერთი დღე მოასწრეს ამ მოვლენებში მონაწილეობა,“ რის შემდეგაც ხელმოწერილ იქნა სამმხრივი სამშვიდობო განცხადება ომის შეწყვეტის შესახებ.