საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.
კახა კუჭავას განცხადებით, NATO-ში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება NATO-ში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამოწვევებთან ბრძოლაში, საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო NATO-ს შავი ზღვის სტრატეგიას, NATO-ს სამიტსა და გზავნილებს.
როზარია პულისის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს.
კახა კუჭავამ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმებიც გააცნო. როზარია პულისის განცხადებით, ოფისი საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მხარდაჭერას გააგრძელებს.