NCDC: ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა Astrazeneca-ს ვაქცინით აცრა, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა

Astrazeneca-ს დოზების მოწოდებაზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა Astrazeneca-ს ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა.

„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის.

აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და COVAX პლატფორმასთან მასობრივი შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამი მილიონი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება. ამასთან COVAX პლატფორმიდან შესყიდული Astrazeneca-ს ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან ათ კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თრიღში.

ყველა მოქალაქეს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ აცრა Astrazeneca-ს ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Astrazeneca-ს ვაქცინის დამატებითი დოზების მოწოდებაში შეფერხებაა

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეგვექმნა Astrazeneca-ს დაახლოებით, 5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი