"მზად ვართ, შევხვდეთ ღამის კლუბების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილოთ ინდუსტრიის დახმარების საკითხი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად მზად ვართ, მათ შევხვდეთ და განვიხილოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ კლუბებისგან ეს ინიციატივა წამოვა, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს ისევე, როგორც მთელი ეს პერიოდი ჩვენ ბევრ სხვა ინდუსტრიასთან მიმართებაში ვნახულობდით გამოსავალს“, - განაცხადა თურნავამ.
როგორც თურნავამ აღნიშნა, პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი.
მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება, მათ შორის, ღამის კლუბებზე.
„სამწუხაროდ, ჯერ ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, რადგან ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ღამის კლუბებთან ერთად უნდა განვიხილოთ, თუ დახმარების რა შესაძლებლობები არის, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც არის დაზარალებული, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია დაზარალდა კოვიდისგან, მაგრამ ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.
1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება