"დამოუკიდებელი შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ISFED-ის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
ელჩის თქმით, პარლამენტს კონსტიტუციითა და 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დროებით შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
როგორც დეგნანმა განაცხადა სისტემაში არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რათა გაიმართოს დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი დამატებითი რეფორმებია საჭირო საქართველოს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად.
"მოსამართლეების დანიშვნისპროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ჩემს მოწოდებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით, რაც რეფორმების გატარებამდე დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. ისინი ასევე დათანხმდნენ, რომ რეფორმების სრულად გატარებამდე უნდა გაიმართოს ფართო განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი რეფორმებია საჭირო. შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოლაპარაკების გზით მიაღწიეს ამ შეთანხმებას და სასამართლო რეფორმის შესახებ ამომწურავი განხილვის ჩატარებამდე ამ პროცესის დროებით შეჩერებაზე დათანხმდნენ.
საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება და დაპირება ქართველი ხალხისადმი.
კონსტიტუციაში უმეტესწილად განსაზღვრულია პროცედურები და პროცესები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საერთო კანონმდებლობით, სასამართლოების შესახებ საერთო კანონითა და სხვა კანონებით, რომელთა ამოქმედება და შეცვლაც პარლამენტის უფლებამოსილებაშია.
ახლა პარლამენტს კონსტიტუციითა და 19 აპრილის შეთანხმებით დაკისრებული აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დროებით შეაჩეროს [მოსამართლეთა] დანიშვნის პროცესი, რათა უზრუნველყოს დებატების გამართვა და მოხდეს წინა რეფორმების შეფასება, - რაც 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის მოცემული, - რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყონ, რომ მათი სასამართლო სისტემა ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელია, როგორსაც კონსტიტუცია მოითხოვს.
ვფიქრობ, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც იმედია პარლამენტარები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. როგორც უკვე ვთქვი, დამოუკიდებელი შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს. სისტემაში არის მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რათა გაიმართოს დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორი დამატებითი რეფორმებია საჭირო საქართველოს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად. ეს არის რაზეც ყველა საუბრობს და რაზეც პარტიებმა ვალდებულება აიღეს მოლაპარაკების შედეგად მიღებული შეთანხმების ხელმოწერით", - განაცხადა კელი დეგნანმა.