Europetime-თან ინტერვიუში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (სამხრეთ კავკასიის რეგიონის) ხელმძღვანელი, შტეფან მაისტერი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს მოლაპარაკებას, როგორც შეთანხმების გულწრფელი მონაწილე და რომ ის იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში ასეთ რთულ ვითარებაში, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის განახლება. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ წვლილის შეტანა ვითარების გაუმჯობესებაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის რეალობას შეცვლის. რუსეთი და თურქეთი ამ კონფლიქტში მთავარი აქტორები არიან და მოსკოვს სურს, აღიაროს მისი ეს როლი რეგიონში. მაგრამ ჩანს, რომ აქ არის ადგილი დასავლეთის მეტი ჩართულობისთვის და რომ საქართველოსაც შეუძლია დახმარება ზოგიერთ საკითხში“, - აცხადებს შტეფან მაისტერი Europetime-თან ინტერვიუში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.