ანდრიუს კუბილიუსი: გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა

„გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა“, - ასე ეხმაურება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთთან დიალოგის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების განცხადებებს.

კუბილისი მედიაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მერკელმა და მაკრონმა მოულოდნელად ევროკავშირის ხელმძღვანელობას პუტინთან შეხვედრა შესთავაზეს, რადგან თუ აშშ-ის ლიდერი შეხვდა, ევროკავშირის ლიდერებიც უნდა შეხვედროდნენ მას. იქედან გამომდინარე, რომ 2014 წლიდან ასეთი შეხვედრა არ გამართულა, კუბილიუსი სვამს კითხვას და მისთვის გაუგებარია, რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ რუსეთის ქცევებში, რომ ახლა ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიუისურვონ პუტინთან შეხვედრა.

„ამ დღეებში ევროპული საბჭოს ლიდერები იწყებენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, მათ შორის რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ. ევროპარლამენტმა გასული წლის სექტემბერში რუსეთთან ევროკავშირის სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა, ასევე მოითხოვა დემოკრატიის საკითხებზე ფოკუსირება როგორც რუსეთში, ასევე კრემლის მიერ მხარდაჭერილი დიქტატორის, ლუკაშენკოს საკითხზე.

ევროპარლამენტმაც დაიწყო მუშაობა და დეტალური რეკომენდაციების მომზადება ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, რათა განიხილონ, როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგია და რას უნდა ელოდოს ევროკავშირი ასეთ ურთიერთობებში. მე უნდა მივყვე ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადების პროცესს.

ინტენსიური კომუნიკაციის, ექსპერტებთან, რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, ევროპარლამენტში დოკუმენტთან დაკავშირებით იქმნება კონსენსუსი, რომელსაც მხარს უჭერს სხვადასხვა პარტია და რომლის მიზანია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს რუსეთს დემოკრატიულ განვითარებაში.

ჩვენს მიერ საგულდაგულოდ მომზადებული და დეტალური დოკუმენტი დამტკიცდება ივლისსა და სექტემბერში ევროპარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე.

იმავდროულად, ევროკავშირის ლიდერების საბჭო გვპირდება, რომ დასკვნას დაამტკიცებს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ 2 დღეში: გუშინ დასკვნების პროექტში, რომელშიც გაკეთდა რამდენიმე შესწორება ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ რუსეთთან დაკავშირებით, ხაზგასმულია სწორი და საჭირო სიტყვები: სანქციები, დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, შერჩევითი თანამშრომლობა“, - აღნიშნავს კუბილიუსი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს და ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი.

ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგის სთავაზობს

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე კვირის წინ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია.

როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ.

მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.