იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ პროფესორისა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად გააუარესოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
როგორც ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აცხადებს, ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების მთავარი მიზანი არის ინფიცირების შემთხვევების შემცირება.
,,ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების მთავარი მიზანი არის ინფიცირების შემთხვევების შემცირება. შეზღუდვების მთავარი ამოცანა იყო, პოტენციურად შეემცირებინა ინფექციის გავრცელება, რაც მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას.
ჩვენ ხაზგასმით ავღნიშნავთ - ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია, ხელების ხშირი დამუშავება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება - ყველა ამ რეკომენდაციის უკან დგას ინფექციის გავრცელების შემცირების სურვილი. ყველა ამ რეკომენდაციის გაუქმება ავტომატურად გულისხმობს, თუ ქვეყანა არ არის მზად (აქ პირველ რიგში იგულისხმება მოსახლეობის ვაქცინაცია) შესაძლებელია, ამ შეზღუდვების გაუქმებამ გარკვეულწილად გააუარესოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის მზაობაზე, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ნიღბის ტარების ვალდებულება გააუქმა, როდესაც მოსახლეობის გარკვეული პროცენტი იყო ვაქცინირებული. ეს პროცენტი მინიმუმ 30-40%-ია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ეს მოთხოვნა გავაუქმოთ", - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც Europetime-თან ჩხაიძე აცხადებს, საქართველოში სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა სოლიდური არ არის, ამასთანავე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მატულობს მობილობა, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.
,,საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ 100 000 ადამიანია ორჯერადად აცრილი, ანუ ქვეყანაში ჯერ არ არის შექმნილი იმ ადამიანების სოლიდური ფენა, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები, ამიტომ, ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა ღია სივრცეში გარკვეულ რისკებს შეიცავს და განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდის განმავლობაში, როდესაც შიდა მობილობა იზრდება, მატულობს უცხოეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ამ შეზღუდვების მოხსნამ შესაძლებელია, გამოიწვიოს შემთხვევების მატება და ამ მხრივ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ვფიქრობთ, რომ ამ შეზღუდვის გაუქმებამ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განაპირობოს ინფიცირებულთა მატება.
როდესაც ჩვენ ინდურ შტამზე ვსაუბრობთ, ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებობით ჩინურ შტამთან და ასევე ბრიტანულ შტამთან შედარებით. ასე რომ, თუ ქვეყანაში დომინანტური გახდება ინდური შტამი, შესაძებელია, ინფიცირებულთა მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატოს", - განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.
პრემიერის თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება არ უქმდება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.
ამასთანავე, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.
მთავრობის გადაწყვეტილებითვე 1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება.